• თუ ხარ ქალი
  • იღებ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ აბებს
  • ეწევი სიგარეტს
  • გიყვარს ყავა და გაზიანი სასმელები
  • ცომეული, ცხარე და მარილიანი კერძები
  • ხშირად ხვდები სტრესულ სიტუაციებში
  • არ ხარ დაკავებული სპორტით

მაშინ დიდი შანსია, ერთ დღეს სხეულზე კანის უსწორმასწორო, პატარა ბორცვაკებით დაფარული რელიეფი შეამჩნიო. სხვა სიტყვებით: შენი კანი ფორთოხლის ქერქს დაემსგავსოს.

ცელულიტი – ესაა კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილება, რომლის დროსაც ირღვევა მიკროცირკულაცია და ხდება სითხის შეკავება.  თეძოები, დუნდულები, მხრები _ ის ადგილებია, სადაც ცელულიტი ჩნდება. ძირითადად ქალებს აწუხებთ, სქესობრივი მომწიფების შემდეგ ნებისმიერ ასაკში.

ბრძოლა ცელულიტთან  ნახევარი საუკუნეა მიმდინარეობს, თუმცა არც თუ ისე წარმატებულად. იყო დრო, როცა კანის ეს მდგომარეობა სულაც არ მიიჩნეოდა არაესთეტიურად, მაგრამ მე-20 საუკუნეში გადაწყვიტეს, რომ ცელულიტი დაავადებაა და რომ მას “უნდა ვებრძოლოთ”.

ცელულიტის პირველი სტადია (ნაკლებად შესამჩნევი)  ქალის მეორად სქესობრივ ნიშნად მიიჩნევა.  პირველისგან განსხვავებით ცელულიტის მეოთხე სტადია საშიში და საზიანოა ჯანმრთელობისთვის: კანის არათანაბარი რელიეფი მისი გაჭიმვის გარეშეც კარგად ჩანს, ცელულიტთან შეხება კი ტკივილს იწვევს.

ცელულიტის გაჩენის  მიზეზები

ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ცელულიტი მხოლოდ ჭარბწონიან, ფიზიკურად არააქტიურ ადამიანებს უვითარდება. ცელულიტი ჩნდება როგორც გამხდრებში, ასევე ჭარბი წონის მქონეებში, როგორც არასპორტულ, ასევე სპორტით დაკავებულ ადამიანებშიც. თუმცა, ნორმალური წონის მქონე და ფიზიკურად აქტიურ ადამიანებში ის შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული… ცელულიტის გაჩენის მიზეზები ბევრია და ბოლომდე გამოუკვლეველი, თუმცა დიდ როლს თამაშობენ ჰორმონები და გენეტიკა. ასევე მიუთითებენ ფიზიკურ არააქტიურობაზე, არასწორ კვებაზე… ერთი სიტყვით, არაჯანსაღი ცხოვრების წესზე.

ძირს ცელულიტი!

ცელულიტთან ბრძოლა შრომატევადი საქმეა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხოლოდ ანტიცელულიტური კრემის წასმით მოაგვარებს ამ პრობლემას, ცდება.

ოპერაციას, სახელწოდებით “ძირს ცელულიტი”, კომპლექსური მიდგომა ჭირდება. თუმცა შედეგის მიღწევა ასეთ დროსაც ძნელია.  ცელულიტს პირველივე სტადიაში უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან ის შესაძლებელია შემდეგ სტადიაში გადაიზარდოს, ამ სტადიებში კი მისი მკურნალობა გაცილებით რთულია. იმისთვის, რომ თავი აარიდო ცელულიტის გაჩენას ან უკვე გაჩენილ ცელულიტს ებრძოლო, უნდა შეცვალო ცხოვრების წესი:

1) ისევ და ისევ სწორი კვება: გამორიცხე კვების რაციონიდან ცხიმიანი, მარილიანი და ცხარე საკვები, ცომეული, ტკბილეული, გაზიანი სასმელები, ნალექიანი ყავა, კონსერვანტების შემცველი პროდუქტები.

2) თუ ეწევი, დაანებე თავი მოწევას, ასევე ალკოჰოლის მიღებას.

3) დაკავდი სპორტით, ივარჯიშე.

4) გაიკეთე ანტიცელულიტური მასაჟები.

5) გამოიყენე ანტიცელულიტური კრემები.

6) მიიღე ბევრი სითხე.

ამ ყველაფრის გაკეთება (გარდა ანტიცელულიტური მასაჟებისა) თავად,  სახლის პირობებში შეგიძლია. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ანტიცელულიტური პროგარამა (პრესოთერაპია, ვაკუუმოთერაპია, მეზოთერაპია…), რომელიც ასევე დაგეხმარება ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მთავარია გახსოვდეს: ოპერაცია “ძირს ცელულიტი” ხანგრძლივი პროცესია, რომელიც დიდ ნებისყოფას მოითხოვს.