Ballet-Dancer1

მახსოვს, როცა სკოლას ვამთავრებდი და პროფესიის არჩევაზე ვფიქრობდი, ერთადერთი რამაც გადამაწყვეტინა არ ჩამებარებინა ქორეოგრაფიულზე – დედაჩემის სიტყვები იყო – “ცეკვა პროფესია არ არის!”

მაშინ დავუჯერე დედას, რადგან 17 წლის ვიყავი და არასწორი ნაბიჯის გადადგმის მეშინოდა, ამდენი წლების შემდეგ კი მივხვდი, რატომაც გამოვიცვალე დაუმთავრებლად სამი ინსტიტუტი, სამი სხვადასხვა პროფესია და 24 წლის ასაკშიც კი ვერცერთ ამპლუაში ვიპოვე საკუთარი თავი. ჩემს სულსა და სხეულში მოცეკვავე ცხოვრობდა, რომელსაც ვერაფრით დაევიწყებინა ის შეგრძნება, რასაც ცეკვისას განიცდიდა და ვერც სხვა მისი შესადარი განცდა ეპოვა.

ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ მინდოდა საკუთარი გამოცდილებით გამემყარებინა ის, რის თქმასაც შემდგომ, ვაპირებ.

მოცეკვავე ყველაზე მეტად შეიგრძნობს სიცოცხლეს, ცხოვრებას, სიყვარულს, თუნდაც ტკივილს, თუმცა ამის წამალიც იგივე ცეკვაა. არ გჯერათ? დამტკიცებულია, რომ ცეკვისას ადამიანს გამოუმუშავდება ბედნიერების ჰორმონები – ენდორფინები, დამწვარ კალორიებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ცეკვა-როგორიც არ უნდა იყოს ის-ხალხური, კლასიკური, ენერგიული თუ ნელი, განწყობას ამღლებს, სხეული ტონუსში მოჰყავს, ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი საზრუნავისა თუ პრობლემისგან და ასწავლის სიცოცხლით ტკბობას, სიამოვნების მიღებას. ცეკვის ჯადოსნურ ძალასა და მაგიაზე არაერთი ფილმი შექმნილა და არაერთ მწერალს გაუსვამს ხაზი, ამ უკანასკნელთაგან ხულიო კორტასარის და ჰერმან ჰესეს დასახელებაც კმარა.

ცეკვა სამკურნალო ფუნქციასაც ითავსებს, იგი უმკლავდება ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ართრიტი, დიაბეტი, ჰიპერტონია, ქალური პრობლემები და სხვა. განსაკუთრებით ქალისთვისაა მნიშვნელოვანი ცეკვა, სხვა თუ არაფერი, ის ქალს უბრალოდ ა ლ ა მ ა ზ ე ბ ს ! გავიხსენოთ თუნდაც ის ესპანელი მოცეკვავეები, რომლებიც ქუჩაში, ჩევულებრივად ჩაცმულები შესაძლოა უშნოდაც კი მოგეჩვენოთ, როცა სცენაზე იმავე ქალის დანახვისას აღტაცებას ვერ დამალავთ.

ასე რომ იცეკვეთ ქალბატონებო და სულაც არაა საჭირო პროფესიად იქცეს თქვენთვის ცეკვა, მთავარია არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ ბედნიერებისთვის სულ ცოტაა საჭირო… მუსიკა და სხეულის ენა.