botox1

ბოტოქსის საშუალებით ნაოჭებთან “ბრძოლა” დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია. პოპულარულობას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: კანის გაახალგაზრდავების ეს პროცედურა არის უმტკივნეულო და არაქირურგიული, გრძელდება სულ რაღაც 20 წუთს და ფასიც შედარებით ხელმისაწვდომია. ბოტოქსი გამოიყენება მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად (თვალების ირგვლივ, შუბლზე, წარბებს შორის…). პროცედურის დროს  ხდება ბოტულოტოქსინის (ბოტულიზმის ტოქსინის) შეყვანა კანში ინიექციური გზით. ეს ტოქსინი მოქმედებს ნერვულ და კუნთურ სისტემაზე და იწვევს სახის კუნთების მოდუნებას. შედეგად კუნთი ვეღარ იკუმშება აქტიურად, რაც ხელს უწყობს მიმიკური ნაოჭების კორექციას და აბრკოლებს ახალი ნაოჭების წარმოქმნას. პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას. აღსანიშნავია, რომ ბოტოქსი ნაკლებად ეფექტურია ღრმა ნაოჭებთან.

ბოტოქსის ინიექციები გამოიყენება ასევე ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ. მისი მეშვეობით შესაძლებელია ისეთი მავნე და უნებლიე ჩვევებისგან გათავისუფლება, როგორიცაა წარბების შეჭმუხვნა, შუბლის შეკვრა, თვალების ჭუტვა. ინიექციები ყოველ 6/8 თვეში უნდა განმეორდეს ეფექტის შესანარჩუნებლად (ბოტოქსის ეფექტი დაახლოებით 6 თვემდე ძლებს).

ბოტულინის ტოქსინი ესთეტიკური მიზნით მოხმარებისთვის კოსმეტოლოგიაში 80-იანი წლებიდან ჩნდება. თუმცა აშშ-ში მისი კოსმეტიკური დანიშნულებით გამოყენების ოფიციალური ნებართვა 2002 წელს გაიცა. ბოტოქსი ასევე ფართოდ გამოიყენება მედიცინაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, რომელთაც კუნთის სპაზმი ახასიათებთ.

რაც შეეხება ღირებულებას, ესთეტიკური მედიცინის ცენტრ “შაინში” ნაოჭების კორექციის ღირებულება განისაზღვრება სახის ზონის მოცულობის და საპროცედურო პრეპარატების დოზირების მიხედვით (ერთეული 16-დან 20 ლარამდე).

ესთეტიკური მედიცინის ცენტრში “მედი” დისპორტის ინიექციებს აკეთებენ. დისპორტი ბოტოქსის მსგავსი პრეპარატია: ორივე შეიცავს ბოტულიზმის “ა” ტიპის ტოქსინს. ამასთან ბოტოქსს აწარმოებს ამერიკული კომპანია, ხოლო დისპორტს – ფრანგული. ფასები განსაზღვრულია ზონების მიხედვით: წარბებს შორის მიმიკური ნაოჭების კორექცია 300 ლარი ღირს, თვალების გარშემო ასევე 300 ლარი, ხოლო შუბლზე – 400 ლარი.

“ლოტუსში” ბოტოქსის საშუალებით ნაოჭების კორექციის ფასი ინექციების ერთეულებითაა განსაზღვრული. ერთი ერთეული 20 ლარი ღირს (ფასდაკლებით 15).  ერთ ზონაზე მინიმუმ 9 ერთეულია საჭირო.

კანის გაახალგაზრდავებისა და ნაოჭების გასაქრობად ესთეტიკური მედიცინის ცენტრები სხვა უამრავ არაქირურგიულ პროცედურას გვთავაზობენ, მათ შორის: ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, ნაოჭების შევსება ფილერებით, კრიოლიფტინგი, ფოტოგაახალგაზრდავება, პლაზმოლიფტინგი და ა.შ. თუმცა მიმიკური ნაოჭების კორექციისთვის ყველაზე ეფექტურად ბოტოქსს მიიჩნევენ.

მრავალი ცნობილი ადამიანი ამ პრეპარატის მეშვეობით ინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს.

ბოტოქსს მრავალი მოწინააღმდეგეც ჰყავს. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ბოტოქსი მიმიკას აშეშებს და ადამიანის გამომეტყველებას არაბუნებრივს ხდის. ინიექციების შემდეგ ადამიანის სახე ემოციებს სრულყოფილად ვეღარ გამოხატავს. ინტერნეტში მრავალი ფოტოს  მოძიებაა შესაძლებელი, სადაც ბოტოქსის პროცედურის წარუმატებელი შედეგია ასახული. მაგალითად, ყველაზე ცნობილია კარლა ბრუნისა და კაილი მინოუგის შემთხვევები.

ბოტოქსის ინიექციების შესაძლო გართულებებია:

  • კანის გაწითლება ან გალურჯება
  • გულისრევის შეგრძნება

ეს სიმპტომები რამდენიმე დღეში ქრება.

შედარებით ხანგრძლივი სიმპტომებია:

  • სახის ასიმეტრია, რაც გამოწვეულია ბოტოქსის არათანაბარი განაწილებით,
  • ფტოზი (ზედა ქუთუთოს ჩამოწევა),
  • მიმიკური კუნთების დროებითი პარალიზება (გამოწვეულია ტოქსინის დიდი დოზით).

ბოტოქსის გადაჭარბებულმა დოზამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სახის კუნთების სპაზმი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები და ფატალური შედეგი – სიკვდილი.

დაუშვებელია ინექციების გაკეთება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ანტიბიოტიკების მიღებისას, ინექციის ადგილის ანთებითი პროცესისას. პროცედურის შემდეგ 4 საათის განმავლობაში თავი ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა გეჭიროს, გარდა ამისა, დაუშვებელია ალკოჰოლის, ცხელი აბაზანის მიღება.

ახალგაზრდობის შენარჩუნების მიზნით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება “ბოტოქსომანიით”  შეპრყობილი. როგორც ბოტოქსის მომხრენი ამბობენ, მთავარია, პროცედურა პროფესიონალმა ჩაატაროს და ყველა შესაძლო გართულება თავიდან აცილებული იქნება.