ვაგრძელებ Avon-ის პროდუქციის მიმოხილვას. დღეს მინდა სხეულის მოვლის საშუალებებსა და აქსესუარებზე მოგითხროთ.

1. ფორების გამწმენდი სახის კანისათვის;
2. ფეხის გამაგრილებელი და გამაჯანსაღებელი დეოდორი (სპრეი);
3. ბურთულიანი დეოდორი იღლიისათვის;

ფორების გამწმენდი სახის კანისათვის Clearskin-ის ნაკრებიდანაა, რომლის ძირითადი სამიზნე ჯგუფი გარდატეხისა და 25 წლამდე ასაკის მომხმარებლები არიან, რომელთაც აწუხებთ გამონაყარი სახეზე (რასაც ხშირ შემთხვევაში, სხვა მიზეზებთან ერთად,  ფორებში ჩამჯდარი ჭუჭყი იწვევს). ფერების მიხედვით განსხვავდება პროდუქციის დანიშნულებაც, მაგალითად, ლურჯი ნაკრები გამონაყართან ბრძოლაში გეხმარება, მწვანე – შავ წერტილებთან.

ჩემი მწვანე ფორების გამწმენდი სახეს მთელი დღის მანძილზე დაგროვილ მტვერს აცილებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დიდად არ მომწონს – ფორებს მაინც ვერ წმენდს ისე, როგორც მე მინდა. შესაძლოა, ეს იმის ბრალია რომ კომპლექტიდან მხოლოდ ამ ერთ ნივთს ვხმარობ და სრულყოფილი შედეგისათვის მთელი მწვანე კოლექციის ყიდვაა საჭირო. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, რის გამოც ამ პროდუქტს რეკომენდაციას არ ვუწევ.

პირველისაგან განსხვავებით, დანამდვილებით გირჩევთ ფეხისა და იღლიის დეოდორებს. განსაკუთრებით ფეხის სპრეის, რომელიც ტერფებს აჯანსაღებს, არბილებს, აგრილებს და იცავს სუნის წარმოქმნისაგან – რეზინის ბოტებშიც კი!

იღლიის ანტიპერსპირანტს რაც შეეხება, კოლექცია ბევრი სურნელით განცხვავებული დეოდორისგან შედგება, რომელთა სურნელები AVON-ის სუნამოებს ემთხვევა. Pur Blanca – ჩემი რჩეულია – ძალიან ნაზი სუნის მქონე ბურთულიანი ანტიპერსპირანტი არ შეიცავს სპირტს,  არ აღიზიანებს ახალად გაპარსულ კანს და არც კვალს ტოვებს ქსოვილზე.

1. აბაზანის ქაფი ვაშლის არომატი (XXL ზომა);
2. თმის ნიღაბი ალუბლის ყვავილის ექსტრაქტით;

XXL ზომის (კიდევ XL-იც არსებობს, 500 მლ.) აბაზანის ქაფი უკვე რამდენიმე თვეა რაც მაქვს. როცა ჭყუმპალაობის ხასიათზე ვდგები, ყოველთვის მიხალისებს პროცედურას. ვისაც რელაქსაცია გიყვართ, შეგიძლიათ სხვა, უფრო ნაზი და დამამშვიდებელი სურნელის მქონე საშუალება შეარჩიოთ. მწვანე ვაშლის ექსტრაქტი უფრო გამომაფხიზლებლად მოქმედებს და აბაზანიდან რომ გამოვდივარ, თავი პატარა ბავშვი მგონია.

თმის ნიღაბი ყოველდღიური ხმარებისთვისო – იყო მითითებული კატალოგში. სინამდვილეში კი კონდინციონერი აღმოჩნდა. თავიდანვე რომ მცოდნოდა არ გამოვიწერდი, მაგრამ რომ მოვიდა რა მექნა, ხომ არ დავუბრუნებდი?! თმა საკმაოდ პრეტენზიული მაქვს –  ორად ორი შამპუნია, რომელიც მიხდება – Pantene (ისიც ყველა არა, მხოლოდ  მწვანე – რომელიც თმას ბზინვარებას ჰმატებს და “ასწორებს” ) და Wash&Go. ამიტომ, სავარაუდოდ, ამ კონდინციონერს დედაჩემს გადავულოცავ. თუმცა, პროდუქტის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს რომ საოცარი სურნელი აქვს.

აქსესუარები

ოქროსფერი ქლაჩი

Avon-ის კატალოგში აქსესუარებისთვისაც არის ადგილი. ოქროსფერო ქლაჩი 13 ლარამდე დამიჯდა და ხარისხითაც ფრიად კმაყოფილი ვარ. ერთხელ მეგობრისათვის სამაჯურიც გამოვიწერე. ხარისხს არაუშავდა, თუმცა, უკეთესს ველოდი.

გამოწერილი ჩანთა.
გამოწერილი ჩანთა.

თქვენს წინაშეა ჩემი ჩანთა, რომელიც სულ რაღაც 30 ლარად შევიძინე და ზუსტად ისეთივეა, როგორსაც ხედავთ სურათზე. ჩემსას გაჩვენებდით, უბრალოდ, ლამაზი ფოტო ვერ გადავუღე და ამიტომ პირდაპირ კატალოგიდან დაგისქრინეთ.

ამჟამად, მიმდინარე თვის კატალოგში,  ეს ნივთი 42 ლარი ღირს. მეტად კომფორტული და მოსახერხებელია. რაც მთავარია, მჩატეა და როცა შიგნით ბევრი არაფერი მიდევს, თითქმის ვერ ვგრძნობ მხარზე. ერთადერთი, რასაც ვნანობ ისაა, რომ შარფიც არ შევიძინე – თანხა დამენანა. არადა, როგორ მოუხდებოდა ჩემს ჩანთას?!