ყველას გვინდა, რომ ლამაზი და მოვლილი თმა გვქონდეს, თმის ნიღბები კიძვირი სიამოვნებაა. არადა ზამთარში სიცივის, ქარის, თოვლის და ქუდის გამუდმებული ტარების  გამო  თმა მტვრევადი, მშრალი და თითქოს უფერულიც კი ხდება. დროა, მოვიფიქროთ სახლის პირობებში როგორ შეგვიძლია თმას ხალისი, ბზინვარება და სიცოცხლე დავუბრუნოთ და ისევ ვიამაყოთ საკუთარი თმით.

ბანანისგან დამზადებული ნიღბები  დაატენიანებს შენს თმას, მიცემს დამატებით მოცულობას და ბზინვარებას. გარდა ამისა, სასიამოვნო სურნელიც ექნება.

ნიღაბი მეტი მოცულობისთვის

საჭირო ინგრედიენტები:

  • 2 ბანანი
  • 3 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ზეთი (ეთერზეთი)

მომზადების წესი:

  • დაჭყლიტე ბანანები ჯერ ჩანგლით, შემდეგ კარგად ათქვიფე ბლენდერის საშუალებით და დარწმუნდი, რომ მიღებული მასა ერთგვაროვანია, კოლტების და მყარი ნაწილაკების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნიღაბის თმიდან ჩამობანვა ძალიან გაგიძნელდება.
  • დაუმატე ზეითუნის ზეთი და მაიონეზი და ისევ დააბლენდერე, სანამ ერთგვაროვან კრემისებურ მასას არ მიიღებ.
  • დაუმატე რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ზეთი, კარგი არომატისთვის.
  • წაისვი ახალდაბანილ, პირსახოცით ოდნავ შემშრალ თმაზე და გაიჩერე 20 წუთის მანძილზე.
  • ჩამოიბანე მსუბუქი შამპუნით

ნიღაბი  დაზიანებული და მშრალი თმისთვის

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 ბანანი
  • 5 წვეთი ნუშის ზეთი

მომზადების წესი:

  • დაჭყლიტე ბანანი ჩანგლით და შემდეგ კარგად დააბლენდერე, ისე, რომ მკვრივი ნაწილაკები არ შეყვეს.
  • დაუმატე ნუშის ზეთი და ახალდაბანილ თმაში შეიზილე.
  • გაიჩერე 20-30 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანე თბილი წყლით და მსუბუქი შამპუნით.

უნივერსალური ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • ერთი ბანანი
  • ერთი კვერცხი
  • ერთი სუფრის კოვზი თაფლი
  • 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 3 სუფრის კოვზი რძე

მომზადების წესი:

დააბლენდერე ბანანი, შემდეგ შეურიე კვერცხი, თაფლი, ზეთი და რძე და ისევ დააბლენდერე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი უნდა წაისვა ახალდაბანილ თმაზე და ნახევარი საათის მანძილზე გაიჩერო. შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით და მსუბუქი შამპუნის გამოყენებით.