თავში გენიალური იდეა რომ მოგივა,  რამდენიმე დღე აღფრთოვანებული დადიხარ და ოცნებებში ახალ ვარცხნილობას ირგებ, სალონში მისვლისას დაწვრილებით უხსნი სტილისტს, რა გინდა და როგორ, აჩეჩებ სასურველი ვარცხნილობის სურათს ან ანახებ ლეპტოპში, შემდეგ სავარძელში ჯდები იმაში დარწმუნებული, რომ ზუსტად აუხსენი, რა გინდოდა და… კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ან შენ ვერ ხსნი რა გინდა, ან ისინი ვერ იგებენ.

სანამ შესწორების მიზნით თმის ხელახლა შეჭრას გადაწყვეტდე, იქნებ ჯობდეს, რამდენიმე ვარიანტი განიხილო.

ვარიანტი 1.კარგად დაფიქრდი

დარწმუნებული ხარ, რომ ეს ის არ არის, რაც შენ გინდოდა? ზოგჯერ ერთი და იგივე ვარცხნილობა სხვადასხვა ადამიანზე სულ სხვადასხვანაირად გამოიყურება, იმიტომ, რომ თმის სტრუქტურა განსხვავდება. შენი დაჟინებული მოთხოვნის უზუსტესი შესრულებაც კი არაა იმის გარანტია, რომ შენი ახალი ვარცხნილობა ფოტოზე გამოსახულის იდენტური იქნება.

თუ შენი ვარცხნილობა სიმეტრიულია და იმასთან მიახლოებული, რაც შენ გინდოდა, მეორე ვარიანტზე გადადი. თუ თვლი, რომ ახალი სტილი ტრაგედიაა, არ შეგეფერება, სრულიად განსხვავებულია სასურველისგან, მესამე ვარიანტზე შეგიძლია გადახვიდე.

ვარიანტი 2. დაიცადე ერთი კვირა

დაივარცხნე საკუთარი ხელით რამდენჯერმე, შეაფასე, როგორ ივარცხნება შენი თმა სახლის პირობებში, როგორ ფორმას იღებს. იქნებ ასეთიც ძალიან მოგწონს? იქნებ შენი ხელით ზუსტად ისეთ სტრუქტურას მიაღებინებ, შენ რომ გინდოდა?

ვარიანტი 3. სიგრძე თუ ასიმეტრია?

შეცდომები ძირითადად ორი სახისაა: ა) როცა თმას ძალიან გიმოკლებენ და ბ) როცა ვარცხნილობა ძალიან ასიმეტრიული, აჩეჩილი და ოკრობოკროა.

ა) ვარიანტის შემთხვევაში: ჯობია დაფიქრდე, რა გირჩევნია – გაიზარდო თუ ახალი, მოკლე ვარცხნილობა აარჩიო. გაზრდის შემთხვევაში ჯობია მინიმუმ ექვსი კვირა მოიცადო, რომ ვარცხნილობის თავიდან შეჭრა შეძლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მეორე მცდელობაც წარუმატებელი გამოდგეს.

ბ) ვარიანტის შემთხვევაში: ჯობია, მაშინვე შესწორდეს შეცდომები. მესმის, რომ ძნელია, მაგრამ გვერდზე უნდა გადადო ემოციები და მშვიდად აუხსნა სტილისტს, სად დაუშვა შეცდომა,  კონკრეტულად რა არ გამოუვიდა და რა გინდა, რომ  შეიცვალოს.

რჩევა:

სტილისტი, რომელიც ერთხელ არათანაბრად შეგჭრის, აუცილებლად დაუშვებს იგივე შეცდომას მეორედ, ამიტომ, არ დაიზარო ექსპერიმენტები. რამოდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ შენ აუცილებლად იპოვი იმ ადამიანს, რომელიც ზუსტად მიხვდება, რა გინდა შენ.