სამსახურში ხშირად მოაქვთ Avon-ის კატალოგი. მეც, რა თქმა უნდა, ვათვალიერებ და რომ დავიწყებ, არ ვიცი გაჩერება – უამრავი რამ მინდება. რაც მომწონს ყველაფერს ვწერ ფურცელზე და შემდგომ ვცხრილავ ბიუჯეტს შესაბამისად. ნუ, გატყუებთ, იმაზე ბევრ ნივთს ვიწერ, ვიდრე ამის საშუალებას ჩემი ფინანსები მაძლევს – თანაც ყველაფერი საჭიროა. არადა ხარისხიანი კოსმეტიკა ძვირი ღირს…

Avon-ის პროდუქციით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. მართალია, ძვირადღირებულ ნაწარმთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ ბაზრობასა და სუპერმარკეტებში გამოფენილ საქონელს ბევრად სჯობს.

იანვრის შუა კვირას გამოწერილი ნაკრები მომივიდა და მეც გადავწყვიტე, ახალი პროდუქცია დამეტესტა, ხოლო აქამდე შეძენილის შესახებ ჩემი უკვე არსებული მოსაზრებანი თქვენთვის გამეზიარებინა.

1. ღამის კრემი;
2. დღის კრემი;
3. ტონიკი;
სამივე პროდუქტი კამელიის ჩაის ექსტრაქტით არის გაჯერებული.

მიუხედავად იმისა, რომ სახის მოვლის უამრავი საშუალება მოიპოვება ჩემს ბუდუარში, არასდროს მისარგებლია დღისა და ღამის ყოველდღიური კრემებით. ამიტომ გადავწყვიტე შემეტყო, თუ რა ეფექტს მომცემდა მათი სისტემატიური გამოყენება.

ჩემი სახის კანი კომბინირებულია, უფრო ცხიმიანობისაკენ იხრება. შესაბამისად, კატალოგში მოვიძიე ცხიმიანი კანის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც მშრალ ადგილებზეც იზრუნებდა. ამ საცხებს გადავაწყდი:

დღის კრემი – აშრობს T ზონას და ამასთან ტენიანობას უნარჩუნებს ლოყის მიდამოებს;

ღამის კრემი – აბალანსებს, ანოტივებს და სიგრილეს ანიჭებს კანს;

კამელიის ხის ფოთლები მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და მინერალებით, რომლებიც ამცირებენ ზედმეტი ცხიმის წარმოქმნას.

ეს ყველაფერი ის არის, რაც მჭირდებოდა – ბონუსად – დღის კრემი მზის ულტრაისფერი სხივებისაგან დამცავ კომპონენტსაც შეიცავს (SPF 15).

რაც შეეხება ტონიკს, მისი გამოყენება დილა-საღმოს არის რეკომენდებული და ზედმეტი ცხიმის მოშორებასთან ერთად, კანის ფერსაც აბალანსებს სხვადასხვა ზონებში.

უკვე თითქმის ერთი კვირაა რაც ამ პროდუქტებს ვხმარობ და შედეგი აშკარად სახეზეა – კანი უფრო გლუვი გახდა. რატომღაც მეჩვენება, რომ ცხიმიანობამ კლების ნაცვლად იმატა; შეიძლება, ეს სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია. ამდენი რამ სახეზე არასდროს წამითხიპნია. ძირითადად, მაკიაჟის მოსაშორებელ სითხეებს და ლოსიონებს ვხმარობდი.

ძალიან მომწონს ის, რომ ჩემი შენაძენი სახის კანის ფერსაც აბალანსებს.  ტონალურ კრემს ვერ ვიყენებ, რადგან  ხმარებიდან მეორე დღესვე მაყრის.

1. ტონალური კრემი – ღია ქვიშისფერი (Almond);
2. შინდისფერი (Deluxe) ტუჩსაცხი ;
3. ჰიგიენური ტუჩსაცხი აღმდგენი ეფექტით.

თავიდან, მეგონა, რომ გამონაყარი ბაზრობაზე შეძენილი უხარისხო პროდუქციის ბრალი იყო. მაგრამ რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს ნაწარმი, მაინც მიღიზიანებს კანს. Avon – ის ტონალური კრემი დასატესტად შევიძინე და დღეს ის დედაჩემის განკარგულებაშია. კონსულტაცია კოსმეტოლოგთანაც გავიარე, რომელმაც დაასკვნა, რომ გამონაყარი იმ სურნელოვანი კომპონენტების ბრალია, რომელსაც კრემი შეიცავს.  დიაგნოზი – ალერგია. არადა, ცხოვრებაში არაფერზე მქონია ალერგია, მით უფრო სურნელებზე. ასეც რომ იყოს, მაშინ სახის მოვლის სხვა საშუალებები რატომ არ ვნებს ჩემს სახეს?

რაც შეეხება ტუჩსაცხს, არც მათი დიდი მომხმარებელი ვიყავი, რადგან ვთვლიდი, რომ არ მიხდებოდა. ძირითადად – დამცავ და აღმდგენ ბალზამებს ვიყენებდი (შეას კარაქითა და ვიტამინების კომპლექსით). თუმცა, ბოლოს გადავწყვიტე გამებედა და არ ვნანობ. შინდისფერი მიხდება.

მაგრამ თავად საცხი, ცოტა არ იყოს მშრალი გამოდგა. ერთი კარგია რომ ზეთოვანი ფენა არ გაღიზიანებს, მაგრამ დამსკდარ ტუჩებზე ფერი ცოტა ცუდად ჯდება. გამოსავალი მარტივია! ჯერ დამცავი გადაისვა, ხოლო შემდგომ – ფერის შემცველი საცხი.

მუქი შინდისფერი ტუჩსაცხი ნელ-ნელა გადადის, რაც თავიდან არ მომეწონა. მაგრამ შემდეგ, უფრო ნატიფ იერს აძლევს ტუჩს და ნაკლებად გამომწვევი ხდება – ბუნებრივად მიმზიდველი.

როგორც კი შემდეგი თვის კატალოგი ჩამივარდება ხელთ, ვაპირებ სხვა ფერის ტუჩის საცხებიც გამოვიწერო და ვნახო, როგორ მომიხდება.

თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?