თქვენი არ ვიცი და მე, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, არც მინახავს ალკოჰოლზე დამოკიდებული ქალი, მით უმეტეს ქართველი, მით უმეტეს – წარმატებული. თუმცა დღევანდელი სიტუაცია სულ სხვაგვარია. ალკოჰოლიზმი ქალებში თითქმის ისეთივე ხშირი მოვლენა გახდა, როგორც მამაკაცების სასმელზე დამოკიდებულება.

რამ გამოიწვია ქალური ალკოჰოლიზმის გახშირება?

„გამოქვაბულიდან გამოსვლამ“ ქალებს არა მარტო „იარაღის მოხმარება“ და „სანადიროდ სიარული“ ასწავლა, „ველურ“ სამყაროსთან უშუალო ურთიერთობის „ბედნიერებაც“ მიანიჭა. ამან კი, ქალის ადვილად მოწყვლადი ფსიქიკა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ასეა თუ ისე, ფაქტია: სტრესი სამსახურსა და პირად ცხოვრებაში ქალური ალკოჰოლიზმის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, მაღალი კონკურენცია, პასუხისმგებლობის ძლიერ გრძნობასთან ერთად, გამუდმებით დაძაბულობის ზღვარზე ამყოფებს თანამედროვე ქალს. ამას თან ერთვის, ხშირ შემთხვევაში, იმავე მიზეზების გამო მოუწყობელი პირადი ცხოვრება, ახლო ურთიერთობების დეფიციტი, რასაც მამაკაცი, თავისი ბუნებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, შედარებით იოლად უმკლავდება, ქალები კი გაცილებით ხშირად მიჰყავს დეპრესიულ მდგომარეობასა და ცხოვრების აზრის დაკარგვამდე.

ხანდახან ქალური ალკოჰოლიზმის მიზეზად წარმატებული ცხოვრების წესი იქცევა ხოლმე. ხშირი წვეულებები, პრეზენტაციები, მეგობართა წრე, სადაც ქცევის მიღებულ ნორმად ითვლება ალკოჰოლით მოდუნება… შეიძლება ის, რასაც უწყინარ გართობად თვლი, საბედისწერო აღმოჩნდეს შენთვის, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ სახეზე გენეტიკური მიდრეკილებაა.

ქალებში ალკოჰოლიზმის მიზეზად არცთუ იშვიათად  მეუღლე ალკოჰოლიკიც გვევლინება. პარადოქსული ფაქტია, მაგრამ სხვებზე ხშირად სწორედ ალკოჰოლიკების ცოლები ხდებიან სასმელზე დამოკიდებული.

alkoholizmi2

დაზღვეული არავინ არაფრისგანაა, ამიტომ…

ყურადღებით უნდა ვიყოთ.

არსებობს რამდენიმე საგანგაშო სიგნალი, რომელიც მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ პრობლემა დასაწყისშივე ამოვიცნოთ. აი, ეს ნიშნებიც:

  • კვირაში ერთზე მეტად მოიხმარ ალკოჰოლს;
  • დღეში 1 ლიტრ ლუდსა ან 250 გრამ ღვინოზე მეტს სვამ;
  • თუ მთელი კვირის განმავლობაში არაფერი დალიე, გამოსასვლელ დღეებში ინაზღაურებ;
  • გამუდმებით ფიქრობ მომავალ დღესასწაულებზე, საღამოებზე, ბარში შეკრებაზე;
  • როცა წვეულებაზე მიდიხარ, იმაზე კი არ ფიქრობ, ვის შეხვდები, არამედ იმაზე, თუ რას დალევ;
  • ახლობლები გსაყვედურობენ, რომ სმა ზედმეტი მოგდის;
  • ხშირად ხდება: ლხინი დაგეგმილზე ფართო მასშტაბის აღმოჩნდება ხოლმე;
  • გიჭირს ალკოჰოლის გარეშე მოდუნება;
  • ნაბახუსევზე გაწუხებს: ცუდი თვითშეგრძნება, ცხელება, დაძაბულობა და შფოთი, თავის ტკივილები, გულისრევა, პირღებინება, ძილის დარღვევა;
  • ხშირად გეცვლება განწყობილება, გაქვს დეპრესიული პერიოდები;
  • დასათრობად 200-300 გრამი დაბალალკოჰოლური სასმელიც გყოფნის.

თუ 3-4 წლის განმავლობაში რეგულარულად მოიხმარ სასმელს, თუნდაც მცირე დოზებით და დაბალალკოჰოლურს, სრული საფუძველი გაქვს ივარაუდო, რომ ქალური ალკოჰოლიზმის პირველ სტადიაში შეაბიჯე.

თუ ნაბახუსევზე ორგანიზმი ალკოჰოლს ითხოვს, საქმე უკვე ალკოჰოლიზმის მეორე სტადიასთან – ჩამოყალიბებული აბსტინენციის სინდრომთან – გვაქვს.

ხოლო თუ ნებისმიერ მიზეზს იყენებ დალევისთვის, აღფრთოვანებაში მოჰყავხარ მორიგი წაქეიფების შესაძლებლობას, ხოლო ამ ყველაფრის გარეშე თავს დათრგუნულად და ცხოვრების ხალისდაკარგულად გრძნობ, სახეზე ალკოჰოლიზმის მესამე სტადიაა.

alkoholizmi3

რა უნდა მოიმოქმედო?

პირველ რიგში, უნდა აღიარო, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდი. ეს ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე ღირსეული და გაბედული ნაბიჯია.

ამის შემდეგ კი, სასწრაფოდ – ფსიქოლოგთან ან ნარკოლოგთან!

ნუ იფიქრებ, რომ, როცა მოინდომებ, სმას თავს მაშინვე დაანებებ. ალკოჰოლიზმი დაავადებაა და, როგორც ნებისმიერ სხვა დაავადებას, პროფესიონალური და კომპლექსური მკურნალობა ესაჭიროება.

ესაა დაავადება, რომელიც ანადგურებს არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ მის პიროვნებას, ცხოვრებისეულ ღირებულებს და ურთიერთობებს, საფრთხეს უქმნის ოჯახსა და საყვარელი ადამიანების კეთილდღეობას. ჭეშმარიტი ქალისთვის კი ეს უფრო ძნელი ასატანია, ვიდრე მკურნალობის ყველაზე რთული კურსი.

გამოფხიზლდი!