წონის დაკლება კვლავაც აქტუალური თემაა მთელს მსოფლიოში და არც ჩვენი მკითხველები ჩამორჩებიან მსოფლიო ტენდენციებს. დღეს ორი მათგანის შეკითხვას ვუპასუხებთ:

გამარჯობა, მჭირდება რამე სასარგებლო დიეტა, რომელიც ორგანიზმს არ დამიზიანებს. ვარ 16 წლის, 73 კილოგრამი და სასწრაფოდმინდა დავიკლო წონაში. მადლობელი ვიქნები, თუ რამით დამეხმარებით.

მოგესალმები. ძალიან კარგი და სასიხარულოა, როცა ადამიანი ზედმეტ წონას დროულად ებრძვის, სანამ ის გარკვეულ პრობლემებს შექმნიდეს. თუმცა არ მივესალმები თხოვნას იმის შესახებ, რომ წონის დაკლება სასწრაფოდ გინდა.

აი, რატომ:

მოდი, პირველ რიგში იმას განგიმარტავ, რომ დიეტა მარტო კვების შეზღუდვა არ გახლავთ. ნებისმიერ ვითარებაში ის სტრესიცაა შენი სხეულისა და ფსიქიკისთვის. სამედიცინო რეკომენდაცია კი მკაცრია: არ შეიძლება დიეტის დაწყება ექიმის  მეთვალყურეობის გარეშე! კარგი იქნებოდა, შენი სიმაღლეც გვცოდნოდა. გამოვითვლიდით სხეულის მასის ინდექსს (BMI) და ზუსტადაც გეტყოდით, რამდენი კილოგრამის მოცილება გჭირდება იმისთვის, რომ ჯანსაღი წონა გქონდეს. საერთოდაც, 18-19 წლის ასაკამდე აქტიური დიეტა რეკომენდებული არ გახლავთ იმის გამო, რომ ამ პერიოდში ორგანიზმი ჯერ კიდევ იზრდება და კომპლექსური კვების საჭიროებაც გაცილებით მეტია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში.

tumblr_mwc2w0MkyY1rak59po1_500მეორე საკითხი პრობლემის სათავეა. წონის მატებას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს მით უმეტეს, შენს ასაკში. ხშირად მიზეზი სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დარღვეული სეკრეციაა, რასაც დიეტით ვერაფერს უშველი. რეალურად, თუ ჰორმონულ დარღვევებს არ უმკურნალე, დიეტა ეფექტური არ იქნება და შეიძლება პირიქით, უფრო მოიმატო წონაში. ამიტომაც ჩემი რჩევა იქნება, არ მიმართო სასწრაფო და მკაცრ დიეტებს რაც უნდა აუცილებელი იყოს ეს შენთვის ამ წუთას. აუცილებლად მიმართე ექიმ-ენდოკრინოლოგს, რომელიც ამ პრობლემის ეფექტურ დაძლევაში დაგეხმარება.

მესამე საკითხი სწრაფი დიეტების მავნებლობაა. შენ, როგორც Pink-ის მკითხველმა აუცილებლად უნდა იცოდე, რომ წონის კლება და ცხიმის დაწვა სრულიად სხვადასხვა რამაა. სწრაფი და კუსტარული დიეტები, როგორც წესი, ორგანიზმიდან წყლის დაკარგვაზე და ამის ხარჯზე წონის შემცირებაზეა გათვლილი, ამიტომაც ვინაზღაურებთ ასე სწრაფად ამ წესით დაკლებულ კილოგრამებს და თანაც ორგანიზმს გამოშრობისა და გამოფიტვის საფრთხის წინაშე ვაყენებთ. თუ არ იცი, იმასაც გეტყვი, რომ ორგანიზმის 8-10%-იანი წყლის დანაკარგი სასიკვდილოა.

ერთადერთი, რაც შეგვიძლია გირჩიოთ და რაც შენს ჯანმრთელობას მხოლოდ სარგებლობას მოუტანს (სხვადასხვა დარღვევის ფონზეც კი), სწორი კვება და დღის რეჟიმია. ეცადე, აუცილებლად ისაუზმო დილით, შეზღუდო ტკბილეულის და გაზიანი სასმელების რაოდენობა, არ იკვებო ღამით, ფასტ-ფუდის ნაცვლად მიირთვა ხილი და ბოსტნეული, 2 ლიტრამდე წყალი მიიღო ყოველ დღე და რაც შეიძლება მეტი იმოძრაო. არჩევანი შენზეა: შეგიძლია, ფიტნესით დაკავდე, ირბინო, იცეკვო, ველოსიპედით იარო ან ისეირნო. გახსოვდეს, ნებისმიერი აქტივობა წვავს კალორიებს! მთავარია დღეში ერთი საათით მაინც დაკავდე ფიზიკური აქტივობით.

წარმატებებს გისურვებთ!

სალომე:

მადლობელი ვიქნები თუ დიეტოლოგის რჩევებს დაწერთ, თუ როგორ უნდა დავიკლოთ წონაში ოღონდ ვარჯიშის გარეშე და პლუს ისიც რომ იყოს გათვალისწინებული, რომ ვთქვათ, ყოველდღე საღამოს გიწევს სახლში მოსვლა… ხშირად ვკითხულობ თქვენს რჩევებს და ხშირ შემთხვევაში ეს რჩევები ოპტიმალურ გამოსავალს წარმოადგენს. მადლობელი ვიქნები თუ ამაშიც დამეხმარებით. მადლობა წინასწარ.

ძალიან ცუდია, როცა წონის დაკლებას ვცდილობთ და არასწორი დღის რეჟიმი გვაქვს. დამერწმუნე, მეთოდი, რომელიც ისე დაგაკლებინებს წონაში, რომ არ ივარჯიშო, მთელი დღის განმავლობაში არაფერი ჭამო და გვიან საღამოს ივახშმო, არ არსებობს.

თუმცა იმედს ნუ დაკარგავ. გამოსავალი არსებობს, მაგრამ რაღაცების დათმობა ნამდვილად მოგიწევს. პირველ რიგში, იმას გირჩევდი, რაც ჩვენს პირველ ადრესატს ვურჩიე: აუცილებლად მიმართე ექიმ-ენდოკრინოლოგს, რომ არ გამოგეპაროს ჰორმონალური დარღვევები. აუცილებლად გამოთვალე შენი სხეულის მასის ინდექსი და ნახე, თავსდება თუ არა შენი წონა ჯანსაღი ნორმის ფარგლებში.tumblr_npu1iphyLh1rjpm4uo1_1280

რაც შეეხება წონის უსაფრთხო კლებას ასეთ პირობებში, პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრა, რომ ტკბილეულის შეზღუდვა, საუზმე დილით, რუხი პური და პატარა კონტეინერი, რომლითაც სამსახურში ან სასწავლებელში წაიღებ საკვებს, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია შენს მდგომარეობაში. მესმის, კონტეინერი საკვებით არცთუ ძველი და შეჩვეული რამაა ჩვენთვის, თუმცა როცა ჯანმრთელობაზეა საუბარი, აჯობებს, რაღაცები დათმო. დღის განმავლობაში დასანაყრებლად მშვენიერი საშუალებაა ასევე იოგურტი, მაწონი და ხაჭო, თუმცა გაითვალისწინე, რომ რძის პროდუქტები დაბალპროცენტიანი ცხიმის შემცველობით უნდა შეარჩიო (3% -მდე).

წინა წერილის მსგავსად, ფიზიკურ აქტივობასაც ნუ დაივიწყებ. სტატისტიკის თანახმად, არსებული წონის შენარჩუნებისთვის კვირაში 20 წუთიანი სირბილიც საკმარისია. ამიტომაც გირჩევდი, შაბათ-კვირას ან სამუშაო დღის ბოლოს მაინც გამოძებნო ცოტა დრო სირბილისთვის. თუმცა ამასაც თუ ვერ ახერხებ, შეგიძლია, უარი თქვა ლიფტებზე, სამსახურამდე ან სასწავლებლამდე რაღაც მანძილი ფეხით გაიარო, საღამოობით ისეირნო და ა. შ., მოკლედ მაქსიმალურად იმოძრაო და ნებისმიერი საშუალება გამოიყენო ამისთვის.

ეს დიეტური რჩევებიც გამოგადგება.

სამომავლოდ ოფისში მომუშავეთათვის წონის პრობლემის მოგვარებაზე ცალკეც დავწერთ სტატიას.

იმედია, ამჯერადაც დაგეხმარეთ.

P.S. თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ.