აბორტზე, როგორც სამედიცინო პროცედურასა და მის შესაძლო გართულებებზე წინა სტატიაში ვისაუბრეთ. ახლა კი, მოდი, ორსულობის შეწყვეტის იურიდიულ და ეთიკურ მხარეებს შევეხოთ, ხოლო მანამდე გავარკვიოთ, რა აიძულებს ქალს აბორტის გაკეთებას.

უმეტეს შემთხვევაში, ესაა:

დაუგეგმავი და არასასურველი ორსულობა

ან

სოციალურ-ეკონომიკური დაუცველობა.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სიტუაცია, თავისი სიმძიმიდან გამომდინარე, მეტისმეტად პრობლემური და დამთრგუნველია,  ქალს სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ დროულად მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება ანუ უპასუხოს ყველა ქვემოთ დასმულ კითხვას:

aborti

1. აქვს თუ არა ქალს უფლება, თავიდან აიცილოს არასასურველი ორსულობა და მშობიარობა?

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ორსულობა და ბავშის გაჩენა მნიშვნელოვნად ცვლის ქალის ცხოვრებას, კარიერას თუ მომავლის გეგმებს. აქედან გამომდინარე, ფემინისტები დაუღალავად საუბრობენ ქალის მიერ საკუთარი სხეულის და ცხოვრების განკარგვის ადამიანურ უფლებაზე და, ბუნებრივია,  ამ უფლების პატივისცემასა და დაცვას მოითხოვენ, როგორც პიროვნულ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე.

თუმცა, მეორე მხრივ, გამუდმებული კამათის საგანს წარმოადგენს ნაყოფის – როგორც მომავალი ინდივიდის – უფლებების დაცვის და მისი არსებობის ხელყოფის  საკითხი.

ვერაფერს იტყვი, რთული თემაა, რომლის ძალიან ბევრი ნიუანსი ჯერ კიდევ საკმარისად დაუზუსტებელი და ყურადღების მისაქცევია.

2. რა შემთხვევებშია ნებადართული აბორტი?

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის შესახებ გვეუბნება, რომ ორსულობის შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, ლიცენზირებული ექიმის მიერ და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას. ამასთანავე, სავალდებულოა, ფეხმძიმე ქალს ჩაუტარდეს სათანადო გასაუბრება და აბორტის გაკეთებამდე გასული იყოს სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა.

თუ ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია, ექიმი იხსნის პასუხისმგებლობას და ნაყოფის მოშორების გადაწყვეტილება მთლიანად ქალის არჩევანზეა დამოკიდებული.

თორმეტი კვირის ზემოთ აბორტი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გაკეთდეს, ისიც განსაკუთრებული სამედიცინო და სოციალური ჩვენების პირობებში, რომელსაც უკვე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ადგენს.

თქვენი აზრით, უნდა ჰქონდეს თუ არა ქალს ორსულობის შეწყვეტის უფლება?

View Results

Loading ... Loading ...

aborti

3. ითვლება თუ არა აბორტი ცოცხალი არსების მკვლელობად?

ამ თემაზე დებატები არამარტო საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ ნაწილში, სამედიცინო სფეროს მოღვაწეთა შორისაც კი არაა ბოლომდე ჩამცხრალი და დასრულებული. ამის გამო, ვარჩიე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებების დაწვრილებით განხილვის ნაცვლად, რამდენიმე, ეჭვშეუტანელი ფაქტის დემონსტრირებით დავკმაყოფილებულიყავი. დასკვნა კი თითოეულმა ჩვენმა მკითხველმა, დაე, თავად გააკეთოს:

  • მე-18 დღიდან შეიგრძნობა ჩანასახის გულის დარტყმები და მოქმედებაში მოდის, აბსოლუტურად განსაკუთრებული, მისი საკუთარი სისხლის მიმოქცევის სისტემა;
  •  მე-7 კვირაზე (50 დღე) ნაყოფს უფიქსირდება ტვინის იმპულსები, ეს კი მეცნიერებისათვის მთავარი ამოსავალი წერტილია იმის დასადგენად ცოცხალია ადამიანი თუ მკვდარი. ნაყოფს აქვს სრულად ჩამოყალიბებული შინაგანი და გარეგანი ორგანოები. მას აქვს თვალები, ცხვირი, ტუჩები და ენა;
  •  მე-10 კვირაზე (70 დღე) ჯერ კიდევ არდაბადებული ნაყოფი ფლობს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც აქვთ ბავშვებს დაბადების შემდეგ (9 თვე);
  • მე-12 კვირაზე (92-ე დღე, 3 თვე) ნაყოფის ყველა ორგანო მთლიანად ფორმირებულია, მას თითების ანაბეჭდებიც კი გააჩნია. რჩება მხოლოდ განვითარება.

აბორტი ცოცხალი არსების მკვლელობად ითვლება:

View Results

Loading ... Loading ...

4. არის თუ არა აბორტი ცოდვა?

ჩვენი ტრადიციული რწმენა და რელიგია ამ საკითხისადმი მკაფიო და ცალსახა დამოკიდებულებითაა გამორჩეული. იგი აბორტს კაცის კვლის ცოდვასთან ათანაბრებს. გარდა ამისა, მკვლელად მიიჩნევს არამარტო ქალს, რომელმაც მუცლის მოშლის გადაწყვეტილება მიიღო, არამედ ყველას, ვინც მას ამ გადაწყვეტილების მიღებასა და ნაყოფის მოშორებაში დახმარება გაუწია (წამლის მიცემა, ოპერაციის ჩატარებაში მონაწილეობა).

ეკლესიური სწავლებით, კონტრაცეფციაც ცოდვაა, თუმცა არა იმ სიმძიმის და ხარისხის, როგორც ჩანასახის ხელოვნური გზით მოშორება.

 

დასკვნის სახით კი, როგორც ამ სტატიის ავტორს, მხოლოდ ერთი, ძნელად შესასრულებელი, მაგრამ მეგობრული რჩევის მოცემა შემიძლია:

ნუ იქნები უპასუხისმგებლო ნურც საკუთარი და ნურც შენს ორგანიზმში ჩასახული არსების მიმართ – ნებისმიერ ფასად დაიცავი თავი არასასურველი ორსულობისაგან!

დაე, არასოდეს მოგიწიოს პასუხის გაცემა ზემოთ მოყვანილ ურთულეს კითხვებზე!

საქართველოში გაკეთებული აბორტები რიცხვებში