აბორტი! ნებისმიერ ქალს, ერთხელ მაინც უწევს ცხოვრებაში, ამ სიტყვის მნიშვნელობა გაიაზროს. თუმცა ძალიან ბევრმა შეიძლება არაფერი იცოდეს იმ საფრთხეების შესახებ, რითიც იგი ჩვენს ორგანიზმს და ჯანმრთელობას ემუქრება. ამიტომაც, მგონია, დაგაინტერესებს, ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ.

რა არის აბორტი?

აბორტი ანუ მუცლის მოშლა, ორსულობის ვადაზე ადრე შეწყვეტას ნიშნავს, რაც შეიძლება მოხდეს თავისთავად (ქალის ორგანიზმში მიმდინარე არასასურველი ცვლილებების ან გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად) ან ხელოვნური ჩარევის გზით.

რა შემთხვევებში, როდის და როგორ კეთდება აბორტი?

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა შეიძლება იყოს აუცილებლობით გამოწვეული (მაგალითად, ნაყოფის სიკვდილის ან ორსულობის პათოლოგიურად მიმდინარეობის შემთხვევაში) ან ქალის პიროვნული გადაწყვეტილების შედეგი. ამ უკანასკნელის მორალურ და იურიდიულ მხარეებზე სხვა სტატიებში ვისაუბროთ, ამჯერად კი, მხოლოდ აბორტის სამედიცინო ასპექტებს და მის შესაძლო გართულებებს შევეხები.

აბორტი შეიძლება განხორციელდეს მედიკამენტოზური ან ქირურგიული გზით.

მედიკამენტოზური აბორტი

ესაა გარკვეული სამედიცინო პრეპარატების მიღების შედეგად ორსულობის შეწყვეტის გამოწვევა. იგი დასაშვებია მხოლოდ ფეხმძიმობის საწყის ეტაპზე (5 კვირამდე) და უნდა ხდებოდეს აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატები, რომლებიც მუცლის მოშლას იწვევს, არ შეიძლება იყოს თავისუფალ გაყიდვაში და გამოყენებული იქნას თვითნებურად.

aborti3

ქირურგიული აბორტი

გულისხმობს, როგორც ინსტრუმენტული გზით  ნაყოფის მოშორებას, ასევე შედარებით ნაკლებ ტრავმული და ქალის ორგანიზმის დამზოგავი მეთოდით – ვაკუუმური ასპირაციით – ორსულობის შეწყვეტას.

ასპირაცია, რომელსაც ხშირად „მინი აბორტის“ სახელით მოიხსენიებენ, მხოლოდ ორსულობის 5 კვირამდეა რეკომენდებული, ინსტრუმენტული გზით აბორტს კი 12 კვირამდე მიმართავენ.

aborti2

რა გავლენას ახდენს აბორტი ქალის ორგანიზმზე?

ჰორმონული კატასტროფა

ორსულობის დადგომისთანავე ქალის ორგანიზმი სათანადო მომზადებას იწყებს ნაყოფის გამოზრდისა და მშობიარობისთვის, რაც, პირველ რიგში, ჰორმონული ცვლილებებით გამოიხატება. აბორტის დროს კი, ხდება უკვე ამუშავებული ჰორმონული რეგულაციის მექანიზმის მკვეთრი და უეცარი ბლოკირება. ბუნებრივ პროცესებში ასეთი უხეში და უცერემონიო ჩარევა არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.

შედეგად, თითქმის ყველა ქალს რაიმე ფორმით ეწყება ჰორმონული დარღვევების გამოვლენა. შეიძლება განვითარდეს ჭარბთმიანობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სიმსუქნე, ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის მძიმე დაავადებები, სქესობრივი მოშლილობა, უშვილობა.

ინფექციის შეჭრა

თუ აბორტი არასათანადო სტერილიზაციის პირობებში ჩატარდა ან აბორტის შემდგომ პერიოდში ექიმის მიერ სწორი დანიშნულება არ გაიცა, მოსალოდნელია, იგი ანთებითი ხასიათის პროცესებით გართულდეს. ამ პროცესების გაქრონიკულება კი უშვილობის და სხვა მძიმე დაავადებების მიზეზად იქცეს.

სისხლდენა

აბორტის დროს, საშვილოსნოს კედელზე ძალისმიერი ზემოქმედების შედეგად ან იმის გამო, რომ არ მოხდა სრულყოფილი გამოფხეკა (რისგანაც დაზღვეული არავინაა) მოსალოდნელია ძლიერი სისხლდენა განვითარდეს, რასაც, არაკვალიფიციური ან არაოპერატიული სამედიცინო ჩარევის პირობებში, ქალის სიკვდილიც კი შეიძლება მოჰყვეს.

ძლიერი სტრესი

რაც არ უნდა სერიოზული ეჩვენებოდეს ქალს მიზეზები, რომლებიც მას მუცლის მოშლას აიძულებს, უმეტეს შემთხვევაში, მაინც არ აღმოჩნდება ხოლმე საკმარისი ამ მოქმედების გასამართლებლად. აბორტის დროს ქალის ფსიქიკა აუნაზღაურებლად ზარალდება, რამაც შეიძლება, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის ნევროზების და სხვა ნერვული აშლილობების სახით იჩინოს თავი.

როგორც ხედავ, აბორტი იმდენად დიდ და სერიოზულ საფრთხეს შეიცავს ქალის ორგანიზმისათვის, ვერაფრით შევძელი ამ თემაზე ნაკლებად სერიოზული ტონით მესაუბრა. ამიტომ სანამ ორსულობის შეწყვეტის მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებ, ყველაფერი სათანადოდ აწონ-დაწონე და ერთხელ კი არა, ასჯერ დაფიქრდი იმის შესახებ, თუ რითი ემუქრება იგი, თუნდაც, მხოლოდ შენს ჯანმრთელობას.

საქართველოში გაკეთებული აბორტები რიცხვებში