Home თავის მოვლა

თუ ზაფხული რუჯის გარეშე შენც წარმოუდგენლად გეჩვენება და ხშირად სტუმრობ სოლარიუმებს, გილოცავთ! შენი სეზონი დაიწყო :) თუმცა სოლარიუმებთან სიფრთხილეა საჭირო, რადგან არსებობს კანის კიბოს გაჩენის რისკი. ამ რისკის შემცირება კი სწორად გარუჯვით შეგიძლია. ამ სტატიაში გირჩევთ, როგორ მოიქცე, თუ სოლარიუმში გარუჯვა გადაწყვიტე და როგორ შეინარჩუნო რუჯი დიდხანს.

1. სოლარიუმი

ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, სოლარიუმია. ეცადე შეარჩიო კარგი სოლარიუმი კარგი სერვისით. რჩევისთვის შეგიძლია მიმართო მეგობრებს ან ინტერნეტ ფორუმებს.

სოლარიუმით სარგებლობამდე უნდა შეავსო ანკეტა, სადაც პირად მონაცემებს წერ, არ მოიტყუო და არ გამოტოვო კითხვები. ეს მნიშვნელოვანია შენი ჯანმრთელობისთვის. ამ ანკეტის მიხედვით უნდა შეირჩეს შენზე მორგებული რეჟიმი, ხანგრძლივობა და ა.შ.

2. მიჰყევი ინსტრუქციებს

თუ ეს შენი პირველი ვიზიტია სალონში, შეეკითხე კონსულტანტს თუ როგორ უნდა მოიქცე. მიიღე დეტალური ინსტრუქცია, ასე თავსაც დაიცავ და უკეთაც გაირუჯები. ნუ ეცდები სოლარიუმში ყოფნის განსაზღვრულ დროს გადააჭარბო 2 წუთზე მეტით.

3. დაიცავი თვალები

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ რეჟიმს ირჩევ, სათვალის გამოყენება აუცილებელია. ეს ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთია გარუჯვისას. სხვა შემთხვევაში ეს იგივეა, მზეს პირდაპირ უყურო. ასევე სპრეი, რომელსაც იყენებ, ბევრ ქიმიურ დანამატს შეიცავს, რომელიც საშიშია თვალებისთვის.

4. პილინგი

თუ გინდა, კარგად გაირუჯო და არც მალე გადაგივიდეს ფერი გარუჯვამდე გაიკეთე პილინგი. ასე სხეულს მკვდარ უჯრედებს მოაცილებ, კანიც უფრო ჯანსაღი გახდება და რუჯსაც უკეთ მიიღებ.

5. დაბანა

უკეთესი შედეგისთვის იბანავე რუჯის მიღებიდან მეორე დღეს, რათა სხეულზე კარგად დაჯდეს ფერი და მალე არ გადავიდეს. თუ სკრაბს გამოიყენებ, მსუბუქი შხაპი საკმარისია. ასევე, ნუ გამოიყენებ საპონს ან სხვა საშუალებას, რომელიც ცხოველურ ცხიმს შეიცავს.

6. დატენიანება

კანისთვის მნიშვნელოვანია დატენიანება, ამის გარეშე ის უსიცოცხლოდ გამოიყურება და ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარუჯვისას, რადგან ამ დროს კანი შრება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე იდაყვებს და მუხლებს. დაიტენიანე სხეული რუჯის მიღებამდე, ასევე გამოიყენე სპეციალური ლოსიონი სოლარიუმისთვის. რეკომენდებულია კანის დატენიანება სალონიდან გამოსვლიდან 2-3 საათის შემდეგაც.

7. თმის მოცილება

უმჯობესია, თუ თმას სოლარიუმში მისვლამდე მოიცილებ, რადგან გარუჯვის შემდეგ კანი ადვილად ზიანდება.

გაითვალისწინე ჩვენი რჩევები და აუცილებლად მიიღებ ლამაზ ფერს, რომელსაც დიდხანს შეინარჩუნებ.

3 კომენტარი to this post
  1. ქუთაისში არავინ არ გავსებინებს ანკეტას :x ვიცი რომ პირველ ჯერზე 3-5წუთია რეკომენდირებული და შენ თუ ეტყვი მინდა 10 იყოს 10! არააქვთ პრობლემა ;x

შენ რას იტყვი?