ყველა ჩვენგანი ცდილობს საკუთარი სხეულის სრულყოფას. ეს თანამედროვე სამყაროში საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ჩვენ, ქალებს, გვიწევს ვიზრუნოთ გარეგნობასა და კარიერაზე ერთდროულად, რაც ძირითადად დროის სიმცირიდან გამომდინარე შეუძლებელია.

სხეულის მოვლასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პრობლემა ჭარბი წონაა.

უმეტესად,  კარიერასა და თავის მოვლას შორის არჩევანის წინაშე ის ქალები დგებიან, რომლებსაც სამსახურში საათობით ჯდომა და არაჯანსაღად კვება უწევთ. წონის მატებასთან ერთად ისინი იწყებენ დიეტის დაცვას, რაც იწვევს სტრესს. ამ დროს ისინი ან დიეტის დაცვას წყვეტენ, ან გონებრივად იმდენად ითრგუნებიან, რომ  საქმიანობის ისეთივე წარმატებით გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზედმეტ კილოგრამებში მხოლოდ კალორიები არ არიან დამნაშავე.

წარმოგიდგენთ 7 ფაქტორს,  რომლებიც ხელს გვიშლიან ზედმეტი წონის მოშორებაში:

1. დიდი, ლამაზი თეფში

თეფშის ზომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ერთსა და იმავე რაოდენობის საკვებს  დიდ და პატარა თეფშებზე მოვათავსებთ,  დიდ თეფშზე მოთავსებული საკვები ვიზუალურად აუცილებლად უფრო ნაკლები გვეგონება. შესაბამისად – დიდი თეფშიდან მეტს მიირთმევთ, მაშინ როცა პატარა თეფშიდან შესაძლოა გაცილებით ნაკლები საკვები მიგეღოთ და შიმშილიც არ გეგრძნოთ.

→ სცადეთ დესერტის თეფშზე მოათავსოთ თქვენი ულუფა და ჩაის კოვზით/პატარა ჩანგლით მიირთვათ.

2. ტელევიზორი/ლეპტოპი ჭამის დროს

როდესაც ტვინი მიმართულია გარკვეული ინფორმაციის მიღებისკენ, თავის ტვინამდე გაცილებით გვიან აღწევს სიგნალი იმის შესახებ, რომ ორგანიზმმა საკმარისი საკვები უკვე მიიღო და შედეგად, აუცილებლად ითხოვს საკვების დამატებას მაშინ, როცა სინამდვილეში აღარ შია. შეგიძლიათ ჩაატაროთ ცდა: დაიდეთ რამდენიმე გემრიელი სასუსნავი თეფშზე მაშინ, როცა ტელევიზორს უყურებთ/კომპიუტერთან ზიხართ და ისე შემოგეჭმებათ, ვერც კი შეამჩნევთ.

→ ჭამის დროს მოაშორეთ მაგიდიდან ზედმეტი ნივთები, რამაც შეიძლება  თქვენი ყურადღება მიიქციოს.

3. კულინარიული საიტები და ბლოგები

ასეთი ბლოგებისა და საიტების კითხვისას შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ მადისაღმძვრელი ფოტოები. შესაძლოა საერთოდ არ მოამზადოთ ბლოგზე (საიტზე) აღმოჩენილი  რეცეპტის მიხედვით გემრიელი საკვები, მაგრამ ფოტო აუცილებლად მოგგვრით შიმშილს.  რა უნდა ვქნათ?

→ დათვალიერების შემდეგ მომენტალურად გადადით დიეტურ ბლოგზე/საიტზე.

4. ზედმეტად თავისუფალი ტანსაცმელი სახლში

სცადეთ და მიირთვით დიდი ნაჭერი ნამცხვარი საღამოს ტანზე მომდგარ კაბაში გამოწყობილმა. რა თქმა უნდა, არასასიამოვნო შებოჭილობას იგრძნობთ  მუცლის არეში. სახლის ტანსაცმელი პირველ რიგში მოხერხებული უნდა იყოს, თუმცა სასურველია ამავდროულად არცთუ განიერი აარჩიოთ.

→ ფსიქოლოგების აზრით, საუკეთესო ვარიანტი ღია ფერის ელასტიური შარვალი და მაისურია, რომელიც მუცლის არეში გამოყვანილი და ამავდროულად რბილი ქსოვილის იქნება.

 

5. „უსარგებლო“ ტექნიკა

ეს შეიძლება იყოს კარტოფილი ფრის მოსამზადებელი აპარატი, ტოსტერი და ა.შ. ჩვენ ასეთ ტექნიკას ძირითადად იმიტომ ვიყენებთ, რომ ჩვენ ის გვაქვს და რადგან გვაქვს გვგონია, რომ უნდა გამოვიყენოთ.

→ შეეცადეთ თავად ამ ტექნიკის დახმარებით მიიღოთ ნაკლებკალორიული საკვები და თუ ეს არ გამოვა, მაშინ მოაშორეთ თვალთახედვის არეალიდან.

6. მადისაღმძვრელი სურნელი

 მაშინაც კი როცა არ გვშია, გემრიელმა  სურნელმა შეიძლება ჭამა მოგვანდომოს და ცდუნებასთან გამკლავება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. რასაკვირველია, ვერ ავკრძალავთ სახლში სადილის კეთებას მხოლოდ იმიტომ, რომამ დროს გვშივდება.

→ ფსიქოლოგები და დიეტოლოგები გვირჩევენ ამ დროს საკვების სურნელს დავუპირისპიროთ პიტნის, ყავის ან თუნდაც ჩვენი სუნამოს სურნელი, რაც როგორც წესი, ეფექტურია და შიმშილს “ანეიტრალებს”.

7. „პროვოკატორი“ ფერები

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჭურჭლის ფერზე შესაძლოა  დამოკიდებული იყოს მიღებული საკვების რაოდენობა. ზოგიერთი ფერი პირდაპირი მნიშვნელობით ახდენს ჩვენს პროვოცირებას ახდენს  კვებაზე და გვიბიძგებს საკვების უფრო მეტი რაოდენობით მიღებისკენ. ყველაზე მადისაღმძვრელ ფერებად წითელი და ყვითელია მიჩნეული

→ აირჩიეთ ყველაზე ნაკლებად მადის აღმძვრელი ფერები: ცისფერი და ლურჯი.

აქვე გეტყვით, რომ თუ ღამე ჭამის სურვილი სამზარეულოში გაგიყვანთ ნუ აანთებთ შუქს, რადგან ფსიქოლოგების დაკვირვებით, ელექტრო განათება  მადის გამძაფრებას იწვევს, რაც საცდელ თაგვებზეც დადასტურდა, რომლებმაც ბნელ ოთახში სამჯერ ნაკლები საკვები შეჭამეს, ვიდრე განათებულში. იქნებ მათ საკვებს ვერც კი მიაგნეს? =)

P.S. შესაძლოა კიდევ მრავალი ფაქტორი იყოს, რაც სრულიად არაა კავშირში კალორიებთან. ამიტომ, ეცადეთ იკვებოთ ზომიერად და ჭამის დროს სხვა ფიქრებით არ დაიტვირთოთ, დარწმუნებული ვარ შედეგი თავადაც გაგაკვირვებთ!