გადაწყვიტე, დიეტა დაიწყო?

დიეტა ომია. შენ კი უნდა ეცადო, მისგან მინიმალური დანაკარგი და მაქსიმალური შედეგი მიიღო. ეს რამდენიმე რჩევა აუცილებლად დაგეხმარება, უფრო ადვილად და ეფექტურად დაიკლო წონაში.

მაშ ასე:

მიზანი

დიეტის დაწყებამდე აუცილებლად შეამოწმე შენი წონა და გადაწყვიტე, რამდენი კილოგრამის დაკლებას აპირებ. სასურველი რიცხვი შენი შემდგომი დიეტური ცხოვრების თანმდევი უნდა გახდეს. დიეტის დაწყებამდე აუცილებლად გადაიღე ფოტო, რომელსაც სასურველი წონის თანდათანობით დაკლების შემდეგ ახალ ფოტოებს შეუდარებ. მშვენიერი before after მოტივატორი პროექტი გამოგივა.

სტრატეგია

ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ დიეტა ომია! ომს კი მომზადებული უნდა შეხვდე! წინასწარ დაგეგმე და საგულდაგულოდ მოარგე შენი დღის რეჟიმი შენს ყოველდღიურობას მაქსიმალურად ისე, რომ მისი დარღვევა არ მოგიხდეს. შეიძინე სპორტული სამოსი სავარჯიშოდ, საკვების კონტინერი თან სატარებლად და სამზარეულოს სასწორი.

მოტივაცია

ამობეჭდე ფოტო ან სლოგანი, რომელიც სასურველ მოტივაციას შეგიქმნის. შეგიძლია, მსგავსი დეკორით მაცივარიც გააფორმო. თუმცა, ჩემს პირად რჩევას თუ გაითვალისწინებ, საუკეთესო მოტივატორი ის ტანსაცმელია, რომელიც ძალიან მოგწონს, მაგრამ არ გეტევა. წინასწარ შეიძინე ლამაზი კაბა, რომელსაც დიეტის დასრულების შემდეგ ჩაიცვამ გამარჯვების  და იმის ნიშნად, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია.

ნებისყოფა

ისწავლე,  უთხრა შენს თავს არა! დიეტის არსი ის არაა, რაც შეიძლება ნაკლები ჭამო. მთავარია, ისწავლო საკვების სწორად დოზირება და იმდენი კალორია მიიღო, რამდენიც შენს ორგანიზმს ესაჭიროება და არა იმდენი, რამდენიც მადას სურს.  შეეცადე, სრულიად თქვა უარი იმ პროდუქტებზე, რაც კალორიულია და  “ერთი ფილა შოკოლადი რას მიზამს” პრინციპით ნუ იხელმძღვანელებ.

საკვები

ეცადე, საკვები თავად დაამზადო. ასე კუჭს მის მისაღებადაც მოამზადებ და მონელების პროცესიც უფრო გაადვილდება. ასევე გაითვალისწინე, რომ საკვები, უმჯობესია, ცივი იყოს, რადგან ორგანიზმს მის საჭირო ტემპერატურამდე გათბობისთვისაც ესაჭიროება ენერგია და შედეგად კალორიებიც იწვება. თუ მარილის ამოღებასაც გადაწყვეტ რაციონიდან, აუცილებლად მიიღე მინერალური წყალი არანაკლებ 1,5 ლიტრისა დღეში. გახსოვდეს, წყალი მეტაბოლური პროცესების საუკეთესო სტიმულატორია და მინერალების კარგვისგანაც გიცავს.

ცხოვრების წესი

ეცადე, მოაწესრიგო რეჟიმი და ჭამო ერთი და იმავე დროს (ოპტიმალურია დღეში 4-ჯერადი კვება 4 საათიანი ინტერვალებით). დიეტისას და არამხოლოდ ამ დროს აუცილებელია ჯანსაღი ძილი, რადგანაც საკვების შემცირება, მით უმეტეს, პირველ ხანებში, სტრესია, რასაც ძილზე უკეთ მხოლოდ ფრანგული კოცნა თუ უმკლავდება. :)

საერთოდაც, დიეტა ჯანსაღი ცხოვრების წესია, რომელიც სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს და უფრო ლამაზებსა და სიცოცხლით სავსეებად გვაქცევს.

იყავი ლამაზი, ჯანმრთელი და შეიყვარე შენი თავი.