იმ დროს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ვაქცინაცია პოზიტიური  მოვლენაა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, ქართველები ჯერ კიდევ ვყოყმანობთ, დავუჭიროთ მხარი კაცობრიობის პროგრესს თუ გულარხეინად და უპასუხისმგებლოდ დავვირუსდეთ.

წითელა

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ირწმუნება, სწორედ ამ გულარხეინობისა და უპასუხისმგებლობის მაგალითია 2008 წელს, სენსაციის მოყვარული ტელეჟურნალისტების მიერ ინიცირებული, წითელას საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი კამპანიის სანახევროდ ჩაშლის პრეცენდენტი, რასაც რუსთავი 2-ის ეთერით გასულმა სიუჟეტმა მისცა ბიძგი.

სიუჟეტი არაორაზროვნად მიანიშნებდა წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინის უხარისხობაზე და ირწმუნებოდა, რომ მის გამოყენებას გარდაუვალი გართულებები შეიძლება მოჰყვეს. სინამდვილეში კი, საქმე ეხებოდა სრულიად ბუნებრივ და წინასწარ პროგნოზირებად რამდენიმე შემთხვევას, რამაც პაციენტთა გულის წასვლის ფაქტი გამოიწვია.

შედეგად კი, ნაცვლად დაგეგმილი მილიონი მოქალაქისა, მხოლოდ ამის ნახევარი აიცრა და დღეს მაშინდელი წინდაუხედაობის შედეგს ვიმკით. თბილისში, რომლის წილზე ჩაშლილი აქციის ყველაზე დიდი პროცენტი მოდის, ამ დროისათვის წითელას უკვე 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც, წინა წლებთან შედარებით, აშკარად მაღალი მაჩვენებელია და შეშფოთების საბაბს იძლევა.

წითელა

არადა, ისეთი ტიპის გართულებებს, როგორიცაა გულის წასვლა, ტემპერატურის მომატება, კრუნჩხვითი ან მწვავე ალერგიული რეაქცია (ძალიან იშვიათად), გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს ადგილი ნებისმიერი ვაქცინის გამოყენებისას.

საკუთარი მაგალითით ვიცი – ჩემს შვილს ყველანაირი აცრის შემდეგ აძლევდა სიცხეს, მაგრამ რაკი წინასწარ ვიყავი ინფორმირებული და, შესაბამისად, პარაცეტამოლით „კბილებამდე შეიარაღებული“, პანიკის მიზეზს ვერ ვხედავდი. ტემპერატურა 1-2 დღეში ნორმას უბრუნდებოდა, მე კი გული საგულეს მქონდა, რომ ჩემი პატარა საიმედოდ იყო დაცული დაავადებებისაგან, რომლებიც გაცილებით მეტ რეალურ საფრთხესა და რისკს შეიცავს, ვიდრე აცრა.

მაგალითად:

წითელა, აუცრელობის შემთხვევაში, გარდა მძიმედ მიმდინარე ფილტვების ანთებისა, ენცეფალიტით და მხედველობის დაკარგვით შეიძლება გართულდეს. წითურა, ღმერთმა ნუ ქნას და, ორსულობის საწყის თვეებში თუ შეგეყარა, ბავშვი რაიმე თანდაყოლილი მანკით დაიბადება, ხოლო გართულებულმა ყბაყურამ არაერთი მამაკაცი დატოვა უშვილოდ.

წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთ აცრაშია გაერთიანებული და, სახელმწიფო პროგრამით, ორგზის – 1 და 5 წლის ასაკში – უნდა ჩატარდეს. ამის შედეგად ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს და ადამიანს ან საერთოდ არ ემართება, ან იმდენად მსუბუქ ფორმებში შეიძლება დაემართოს ეს დაავადებები, რომ გართულებებს ვეღარ გამოიწვევს.

დღეის მონაცემებით, წითელას ეპიდემიის საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ვისაც ეს აცრა არ აქვს  ჩატარებული, დაზღვეული არც წითურისა და ყბაყურისგანაა!

რაც შეეხება წითელას, მისგან თავის დაცვის ეფექტური ღონისძიებები, გარდა აცრისა, პრაქტიკულად არ არსებობს. მისი გამომწვევი ვირუსი ჰაერის საშუალებით ვრცელდება და ნებისმიერი გზით შეუძლია, დაუპატიჟებელი სტუმარივით გამოცხადდეს ჩვენს ბინაში. ხელების ხშირი ბანვა, ჩვეულებრივი ნიღაბი, საზოგადოებისგან იზოლაცია და ა.შ. სრულიადაც ვერ დაგვიცავს წითელას ვირუსის თვითნებობისაგან.

წითელა

კარგი, კარგი… შენი შეშინება აზრადაც არ მომსვლია! :).

პირიქით, მინდა დაგამშვიდო და ამდენი არც ისე სასიამოვნო ამბის შემდეგ (რისი დამალვაც, დამეთანხმები, არ ივარგებდა) მარტივ გამოსავალს რომ გაპოვნინებს, ისეთი კარგი ამბავი გითხრა:

წითელას ვირუსისგან თავდაცვა ანუ მისი საწინააღმდეგო აცრის ჩატარება არც ახლაა გვიან, თუ  რაიმე მიზეზით ეს თავის დროზე არ გაგიკეთებია!

ქვეყანაში მიმდინარე, საგანგებო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, დღეისათვის უფასოდ იცრებიან, თბილისში მცხოვრები, 7 წლამდე არასრულად იმუნიზირებული (ანუ აცრაგამოტოვებული) ბავშვები და ყველა ის, 6-თვიდან 30 წლამდე ასაკის, პირი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა წითელით ინფიცირებულ ადამიანთან.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ კატეგორიაში ვერ მოხვდები, ფასიანი ვაქცინაციის ცენტრს უნდა მიმართო. ალბათ უკვე ხვდები, რა მნიშვნელოვანია, იმუნიზაცია გაიაროს ყველამ, ვინც აქამდე არ აცრილა!

სხვათა შორის, აცრის ჩატარება მაშინაცაა რეკომენდებული და არანაირ ზიანს მოგაყენებს, თუკი არ გახსოვს, ნამდვილად ხარ თუ არა აცრილი თავის დროზე – ნებისმიერ შემთხვევაში, სჯობს, თავი დაიზღვიო.

ძალიან გთხოვ, ნუ გადადებ – დაიცავი თავი და საკუთარი ოჯახი საიმედოდ!

ჯანმრთელობა ხომ ყველაფერზე ძვირფასია… რა თქმა უნდა, სიყვარულის შემდეგ ;)