ჩემი პირველი სუნამო Versace-ს  „Versense” იყო. შერჩევის დროს ბევრი არ მიფიქრია, მომეწონა, შევიძინე და კარგადაც „მოვირგე“. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც პირველი ხელფასი ჩამერიცხა, გეზი პარფიუმერული მაღაზიისკენ ავიღე და ხელი დაუფიქრებლად დავადე Gucci-ს „Flora”-ს. ერთ-ერთ ნაცნობს ჰქონდა ეს სუნამო, მეგონა ვიცოდი რაც იყო. შევცდი. თურმე, ნუ იტყვი და ერთი და იგივე სუნამო სხვადასხვა ადამიანის კანზე განსხვავებულ სურნელს ტოვებს.

მოგვიანებით ინტერნეტი გადავქექე. აღმოჩნდა, რომ სუნამო უნიკალურია – სხვადასხვა პირობებში- სხეულის ტემპერატურის, კანის ტიპისა და ამინდის მიხედვით სურნელს იცვლის. ჩემი „Miss Dior” რადიკალურად განსხვავებული იქნება შენი „Miss Dior”-ისგან.

არჩევანის გაკეთების დროს არ გავითვალისწინე კიდევ ერთი ფაქტორი – სუნამოს ოჯახის ტიპი.

პარფიუმერები განასხვავებენ სუნამოს 6 ტიპს:

  1. Bright Floral: – მსუბუქი, ტკბილი, ერთი ან რამდენიმე ყვავილის სურნელი.
  2. Green: მსუბუქი, ფოთლებისა და კიტრის მსგავსი სურნელი.
  3. Aquatic, Oceanic, or Ozonic: ძალიან გრილი სურნელი.
  4. Citrus: გრილი, ციტრუსის მსგავსი სურნელი.
  5. Fruity: ტკბილი, ხილის (გარდა ციტრუსებისა) სურნელი.
  6. Gourmand: მძაფრი ტკბილი, „უდაბნოს“ ტიპის სურნელი.

Versense, ჩემი პირველი არჩევანი, განეკუთვნება გრილი, Green & Citrus ტიპს, მაშინ, როცა Flora არის Bright Floral.

სხვის კანზე მსიამოვნებს ტკბილი სურნელი, საკუთარზე კი – არასდროს!

გირჩევ, გამოიყენო ჩემი გამოცდილება და სუნამოს შეძენის დროს მხოლოდ „სინჯს“ არ ენდო. იპკურე სუნამო მაჯაზე, დატოვე პარფიუმერული მაღაზია და დღის განმავლობაში დაფიქრდი, ნამდვილად მოგწონს თუ არა ის სურნელი, რომელშიც პერიოდულად უნდა გაეხვიო.