ბანანი ზამთრის ერთ-ერთი უსაყვარლესი და პოპულარული ხილია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისგან სახის ნიღბები, ტანის სკრაბი და ტერფების  კრემიც კი შეიძლება დამზადდეს.

ბანანი  შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, ფოლიუმის მჟავას, სხვადასხვა მინერალებს. ის ატენიანებს და კვებავს კანს და გამოიყენება ნებისმიერი ასაკის კანისთვის. შეგიძლია გამოიყენო როგორც სუფთა სახით, ასევე სხვადასხვა ინგრედიენტებთან ერთად.

სახის ნიღაბი მშრალი კანისთვის

საჭირო ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი იოგურტი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • საშუალო ზომის ბანანის 1/4

მომზადების წესი:

დაჭყლიტე ბანანი ჩანგლით, შეურიე თაფლი და იოგურტი და გაიჩერე სახეზე და ყელზე 10 წუთის მანძილზე. შემდეგ ჩამოიბანე გრილი წყლით. მოერიდე თვალის გარშემო ნაზ კანზე წასმას.

სახის უნივერსალური ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • ერთი მწიფე ბანანი
  • 1/4 ფინჯანი შვრიის ფანტელი

მომზადების წესი:

დაჭყლიტე ბანანი ჩანგლით, შვრიის ფანტელი შეგიძლია პირდაპირ შეურიო ან შერევამდე ფქვილისებრი სტრუქტურა მიცე. ნიღაბი საკმაოდ სქელი კონსისტენციის უნდა იყოს, ამიტომ, თუ საჭირო გახდა, შვრიის ფანტელი ისევ დაუმატე.  ურიე, სანამ შვრია კარგად არ შეერევა ბანანს და წებოვან, კრემისებურ მასას არ მიიღებ. წაისვი სახეზე (მოერიდე თვალის გარშემო ნაზ კანს) და წამოწექი 20 წუთით. შემდეგ მოიშორე ნიღაბი სველი პირსახოცით და ჩამოიბანე თბილი წყლით.

ტანის სკრაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • ერთი მწიფე ბანანი
  • 3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 1/4 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

ჩანგლით დაჭყლიტე ბანანი და შეურიე ზეთი და შაქარი. ეცადე ძალიან არ დაჭყლიტო, რომ შაქრის კრისტალებმა მყარი სტრუქტურა შეინარჩუნოს. მიღებული სკრაბით ნაზად დაიმასაჟე კანი  მთელ ტანზე შხაპის მიღების წინ.

კრემი  ტერფებისთვის

საჭირო ინგრედიენტები:

  • ერთი ბანანი
  • ერთი სუფრის კოვზი თაფლი
  • ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • ერთი სუფრის კოვზი მარგარინი

მომზადების წესი:

ათქვიფე ყველა ეს ინგრედიენტი, წაისვი ტერფებზე და კარგად შეიზილე. ჩაიცვი ბამბის ნასკი და მთელი ღამის მანძილზე დაიტოვე. დილით კი ჩვეულებრივად დაიბანე.