Home თავის მოვლა

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!

აივ და შიდსი – ამ სიტყვების გაგონებისას ყველა ადამიანი ხვდება, რომ რაღაც საშიშ, მომაკვდინებელ დაავადებაზეა საუბარი, რომელიც მას არასდროს არ უნდა დაემართოს და არც დაემართება, არც მის ახლობელს. ეს ის უბედურებაა, რომელიც ყოველთვის სხვის კარზე აკაკუნებს, თუმცა ამ სიტყვების მნიშვნელობა არც იციან ხშირად. სინამდვილეში ეს საფრთხე ნებისმიერს შეიძლება დაემუქროს, ამიტომაც საჭიროა მისი უფრო ახლოს გაცნობა.

დავიწყოთ იმით, თუ რას ნიშნავს სიტყვები, უფრო სწორად აბრევიატურები, აივ და შიდს-ი:

აივ: –ადამიანის | –იმუნოდეფიციტის | –ვირუსი

შიდს: –შეძენილი | –იმუნური | –დეფიციტის | –სინდრომი

საზოგადოებაში დამკვიდრებულია რუსული სახელწოდებებიც და რადგან ინგლისურიც მოდაშია, საჭიროდ მივიჩნიეთ ამ ორ ენაზეც განგვემარტა აბრევიატურები:

СПИД (შიდს რუს.) – Синдром приобретённого иммунного дефицита,

ВИЧ (აივ რუს.) – вирус иммунодефицита человека.

AIDS (შიდს ინგლ.) – Acquired immune deficiency syndrome და

HIV(აივ ინგლ.) – Human Immunodeficiency Virus.

ზემოთ თქმულიდან ალბათ უკვე გასაგებია, რომ ეს ინფექციური დაავადებაა და  დაავადების გამომწვევი არის ვირუსი.

ვირუსი არის ინფიცირებული ადამიანის სისხლში, ქალის რძეში, თავ-ზურგ-ტვინის სითხეში, სასქესო სეკრეტებში (სპერმა, ქალის სასქესო ორგანოების გამონადენი), ცრემლში და ოფლში.

ვირუსით ინფიცირება ხდება სქესობრივი გზით და სისხლით (სისხლის გადასხმა, სტომატოლოგიური ინსტრუმენტები, არასტერილური ნემსი და ა.შ.).

ინფექციის მიმდინარეობას ახასიათებს სტადიურობა:

1. საწყისი ინფექცია – ხასიათდება ტემპერატურის მომატებით, თავის, ყელის ტკივილით, ლიმფური კვანძების გადიდებით. სიმპტომები ვლინდება ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში, არაა მძიმედ გამოხატული და ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

2. ადრეული აივ დაავადება – ანუ მტარებლობა, გრძელდება წლები. დაავადებულს სიმპტომები არ აქვს, შეიძლება იყოს საერთი სისუსტე, ხშირი „გაციება“ ან კანზე გამონაყარი.

3. შუალედური აივ დაავადება – ხასიათდება დაახლოებით ისეთივე მსუბუქი სიმპტომატიკით, როგორც ადრეული, შეიძლება იყოს მორეციდივე ჰერპესი, ტემპერატურის ხშირი მატება, ფაღარათი, ხშირი პნევმონია (ფილტვების ანთება)

4. გვიანი აივ დაავადება – ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მცირდება იმუნური მედეგობა და სახეზეა შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდს), ავადმყოფის მდგომარეობა მძიმდება, ხშირია მორეციდივე პნევმონიები, სოკოვანი დაავადება, ტუბერკულოზი, კაპოშის სარკომა (სიმსივნე, რომელიც შიდსთანაა ასოცირებული).

5. შორსწასული აივ დაავადება – ზიანდება ფაქტობრივად ყველა ორგანო და ორგანოთა სისტემა.

6. ტერმინალური აივ დაავადება – იმუნური სისტემა აბსოლუტურად უძლურია და მალევე დგება სიკვდილი.

რისკის ჯგუფში შედიან ნარკომანები, მეძავები, ჰომოსექსუალები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ გარდა ის არავის ემართება, ვირუსი ცხოვრების წესისა და მორალის მიხედვით არ ირჩევს ვის ორგანიზმში შეიჭრას, ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა:

უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება, სტერილური სამედიცინო ინსტრუმენტები, ერთჯერადი ნემსის გამოყენება ყოველი ინექციისას და ამ წესების დარღვევის შემთხვევაში დროული ვიზიტი ექიმთან.

ზოგჯერ სწორი ინფორმაციის გავრცელება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, არ დაიზარო, თუ გინდა, რომ დაეხმარო.

შენ რას იტყვი?