Home სასარგებლო რესურსები

ტემპერატურის მატებასთან ერთად იმატა კითხვებმა “დასასვენებლად მივდივარ და რამე საინტერესო წიგნს ხომ არ მირჩევდი?”, “შვებულებაში ვარ და რა წავიკითხო?” და ა.შ.

შეუძლებელია ყველას გემოვნება სრულად დავაკმაყოფილო, თუმცა ვეცდები ისეთი წიგნები შემოგთავაზოთ, ზაფხულის დღეებს უფრო სასიამოვნოს და საინტერესოს რომ გახდის.

ჯოჯო მოიესი – “მე შენამდე”

ჯოჯო მოიესის ამ წიგნზე ბევრი დაიწერა, ბევრიც დაიწერება, მაგრამ ერთი რაზეც ყველა თანხმდება, ეს არის წიგნი, რომელიც გულგრილს და ცრემლების გარეშე არავის დატოვებს.

სულ ცოტა ხნის წინ ამავე სახელწოდების ფილმის პრემიერაც გაიმართა, რომელიც სწორედ ჯოჯო მოიესის “მე შენამდეს” მიხედვითაა გადაღებული.

უილ ტრეინორი, რომელიც ავარიის შემდეგ საშინელ დეპრესიაშია, ცხოვრების აზრს ვეღარ ხედავს. მოულოდნელად მის ცხოვრებაში ლუ კლარკი ჩნდება, ყოვლისმცოდნე გოგონა, რომელიმაც სულაც არ იცის რას უმზადებს მომავალი.

ჰარლან ქობენი – “არავის უთხრა”

დევიდ ბეკი დანაკარგს ვერ ურიგდება. რვა წელია, ყოველდღე თავიდან განიცდის მომხდარს. მთვარის მკრთალი შუქით განათებული კამკამა ტბა. შემზარავი კივილი. შორეული ლანდი. ასეთი იყო ღამე, როცა დევიდ ბეკს ცოლი მოსტაცეს. მას ეუბნებიან ახლა, გონს მოეგოს და სამუდამოდ დაივიწყოს წარსული. ის ვერ ივიწყებს! ერთხელაც ყველაფერი იცვლება. კომპიუტერზე ჩნდება გზავნილი – ფრაზა, რომელიც მხოლოდ მან და მისმა ცოლმა იცოდნენ. დევის ეჭვი უჩნდება, რომ ქალი ცოცხალია… თუმცა გზავნილის ავტორი კიდევ ერთ ფრაზას გზავნის: „არავის უთხრა!“

2006 წელს გიიომ კანემ ჰარლან ქობენის წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. ფილმის სცენარი, რომელიც კანესა და ქობენის ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს, მცირედით განსხვავდება წიგნის სიუჟეტისაგან. ფილმიც და წიგნიც საოცრად დაძაბული, საინტერესო და ჩამთრევია.

სოფი ოკსანენი – “როცა მტრედები გაუჩინარდნენ”

პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და მოულოდნელი  იყო გამომცემლობა MTP აღმოჩენა, რომელიც თანამედროვე სკანდინავიელი ავტორების (და არამარტო) პოპულარულ და ქართველი მკითხველისთვის ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებებს თარგმნის და გამოსცემს.

ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო ავტორის, სოფი ოკსანენის ორი წიგნი უკვე თარგმნა ამ გამომცემლობამ: “წმენდა” და “როცა მტრედები გაუჩინარდნენ” . სოფი ახალგაზრდა ფინელი მწერალია, რომელიც გამოირჩევა თავისი წერის მანერით, საზოგადოებრივი აქტიურობითა და ორიგინალური ცხოვრების სტილით.

“როცა მტრედები გაუჩინარდნენ” საბჭოთა და ნაცისტური ტერორის ქვეშ მძიმე ცხოვრების შესახებაა, ასევე იმაზე თუ როგორ კომპრომისებზე მიდიან ადამიანები სტრესისა და ტკივილის შედეგად, თუმცა არიან ისინიც, ვინც თავის პრინციპებს და პატიოსნებას არასოდეს ღალატობს.

ტუვე იანსონი – “საზაფხულო წიგნი”

ყოველ ზაფხულს ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელი: ბებია, მისი ვაჟიშვილი და შვილიშვილი სოფია, განმარტოებულ კუნძულზე ატარებს. ბრძენი და ექსცენტრული ბებია და მისი პატარა შვილიშვილი სოფია, წიგნის მთავარი გმირები არიან. წიგნი მოგვითხრობს, როგორ ატარებენ ისინი ზაფხულს, მოგვითხრობს მათ პრობლემებზე, ურთიერთობაზე,: საინტერესო, იუმორით სავსე, ფილოსოფიურ მსჯელობასა და დასკვნებზე. მართალია, ტუვე იანსონს წიგნში სხვა გმირებიც შემოჰყავს, მაგრამ ისინი მხოლოდ გაკვრით გამოჩნდებიან და მალევე ქრებიან. ეს მაინც სოფიას ბებიასთან და მამასთან ურთიერთობის, სამყაროს მისეული წვდომის, სიცოცხლის არსის შეცნობის ისტორიაა.

“საზაფხულო წიგნიც” გამომცემლობა  MTP -ს საჩუქარია ქართველი მკითხველისთვის.

 

რიუ მურაკამი – “პირსინგი”

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” მკითხველს განუწყვეტლივ ანებივრებს მსოფლიოს ბესტსელერების ახალი თარგმანებით.

ახალი მურაკამის, ნოველისტის და რეჟისორის, იაპონური ლიტერატურის “მარადონად” წოდებული რიუ მურაკამის წიგნი “პირსინგი” უზარმაზარ მეგაპოლისში ორ ერთნაი ადამიანს შეახვედრებს ერთმანეთს. ორივეს საკუთარი ისტორია აქვს, ორივეს საკუთარი ხმები ჩაესმის და ორივე ამ მეგაპოლისის ვიწრო ჩიხებისა და ბინძურ შენობებშია ჩაკარგული. კავაშიმა ყინულის სამტვრევითაა შეარაღებული, ჩიაკის კი საკუთარი იარაღი მუდამ თან აქვს- კერტში გაყრილი რგოლი, რომელიც სასტიკი წარსულისა და კიდევ უფრო სასტიკი აწმყოსგან თავდასაცავად თავად აირჩია. უზარმაზარი ქალაქი ნელ-ნელა პატარავდება და, საბოლოოდ, ერთი სასტუმროს ნომრის ზომამდე მცირდება. მთავარი დრამა სწორედ აქ ვითარდება, კავაშიმასა და ჩიაკის ყველაზე დაფარული სურვილები სწორედ აქ ამოიფრქვევა, მათ გარშემო არსებული იდეალური წესრიგი და სისუფთავე კი მოულოდნელად ერთის დაკარგული და მეორეს უმართავი ვნების ამოხეთქვის მოწმე ხდება. ამის მოწმეა მკითხველიც, რომელიც ამერიკული მთების ატრაქციონის პირველ ვაგონში ზის და ჩიაკის პირსინგივით შემაძრწუნებლად უსასრულო წრეზე მიექანება.

ჯონ ბენვილი – “ზღვა”

“ვერანაირი სიახლოვე ვერ ამთლიანებს ორ სხეულს ისე, როგორც ბავშვური ხელისჩაკიდება.”

ჯონ ბენვილი “ზღვა”

მაქსი, რომელსაც წარსული მეორე გულივით უცემს მკერდში, ცოლის გარდაცვალების შემდეგ ზღვისპირა ქალაქში ჩადის, სადაც თავისი ცხოვრების ულამაზესი დღეები აქვს გატარებული. ჯონ ბენვილის საოცრად მელანქოლიური და რომანტიულ თხრობის მანერით, ხვდები როგორ იძირები პერსონაჟთან ერთად მის მოგონებებში და ზღვის ტალღებში.

“ვერანაირი სიახლოვე ვერ ამთლიანებს ორ სხეულს ისე, როგორც ბავშვური ხელისჩაკიდება.”

 

მილორად პავიჩი – “ჩაით დახატული პეიზაჟი”

მილორად პავიჩის „ჩაით დახატული პეიზაჟი“ – მრავალწახნაგოვანი რომანია, რომელიც ნებისმიერი მონაკვეთიდან შეგიძლია წაიკითხო. ეს არის რომანი-კროსვორდი, რომანი-ლაბირინთი, რომელშიც ხელის ცეცებით მიიკვლევ გზას. გზადაგზა ჩნდებიან უჩვეულო და იდუმალი პერსონაჟები, და ერთი მთავარი გმირიც – მწერლის უსაყვარლესი ქალაქი ბელგრადი, რომლის ქუჩები სავსეა მისტიკური საიდუმლოებებით.

გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები!

შენ რას იტყვი?