როგორც იქნა დადგა გაზაფხული. თითქოს სამყარომ ახალი სიცოცხლე დაიწყო. ამ სეზონზე, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება კარგი მოტივატორები, ბიძგის მომცემი, ახალი ინტერესები, ახალი გამოწვევები. ასეთ დროს კი კარგ წიგნზე უკეთესი არაფერია.

ჩვენ გირჩევთ!

ჩვენ მოგიყვებით ქართულ ენაზე გამოსული იმ ქალი ავტორების  წიგნებზე, რომლებიც ძალიან საინტერესოა, კარგი საკითხავია და ბევრი თქვენგანისთვის ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს.

შერონ მ. დრეიპერი “გონების მიღმა”

ვთვლი, რომ არ უნდა არსებობდეს ისეთი წიგნების სია, რომლებიც “უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” და ა.შ., თუმცა შერონ მ. დრეიპერის ეს არაჩვეულებრივი წიგნი, სწორედ აუცილებლად საკითხავი წიგნების კატეგორიას მიეკუთვნება.

პატარა გოგონა მელოდი, რომელსაც მეტყველება და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, ვუნდერკინდია. ის სამყაროს სიტყვების, ფერების და მუსიკის საშუალებით აღიქვამს. საოცრად მგრძნობიარე და ემოციურ ისტორიებს მელოდი დინამიურად და მარტივი ენით გვიყვება. ეს არის წიგნი, რომელიც  სამყაროს სხვაგვარად დაგანახებს, აუცილებლად გაგაღიმებს და აგატირებს.

შრონ მ. დრეიპერი "გონების მიღმა"
შერონ მ. დრეიპერი “გონების მიღმა”

პოლა ჰოკინსი “გოგონა მატარებელში”

წიგნი, რომელიც ბესთსელერის პოზიციებს არ თმობს უკვე დიდი ხანია.

თუ ერთხელ მაინც გიმგზავრია მატარებლით, ვფიქრობ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ის გახდება ყველაზე იდუმალი და ლიტერატურული ტრანსპორტი.

თავბრუსდამხვევი, სუნთქვისშემკვრელი, დაძაბული, საინტერესო ისტორია, რომელიც ერთი სული გაქვს როდის დასრულდება. კითხვის დროს კი იმდენჯერ გეცვლება პოზიცია მისი გმირების მიმართ, კითხვის დასრულებისას მე პირადად არათუ პერსონაჟებს, საკუთარ თავსაც კი ეჭვის თვალით ვუყურებდი.

პოლა ჰოკინსი "გოგონა მატარებელში"
პოლა ჰოკინსი “გოგონა მატარებელში”

მარგარეტ ეტვუდი “მხევლის წიგნი”

მომავლის სამყარო, სადაც ქალი ნივთია. თუმცა მწერლის თხრობის მანერა ძალიან გვაბნევს, თითქოს აბსტრაქტული სამყარო ძალიან ჰგავს როგორც რეალობას, ისე წარსულს.

წიგნი, რომელიც 1984 წელს დაიწერა დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი ახალი ტირაჟებით გამოცემა არ წყდება. გასულ წელს ის ქართულ ენაზეც ითარგმნა და გულგრილი არც ქართველი მკითხველი დაგვტოვა.

მარგარეტ ეტვუდი "მხევლის წიგნი"
მარგარეტ ეტვუდი “მხევლის წიგნი”

სალომე ბენიძე “ქალაქი წყალზე”

7 ქალის ცხოვრება, 7 ისტორია, 7 მოთხრობა, რომელსაც ერთი ხაზი და საოცარი თხრობის სტილი აერთიანებს.

თავად ავტორი შესავალში წერს: „ეს წიგნი დავწერე ყველა გოგოსთვის, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს, ყველა გოგოსთვის, ვისაც ხშირად უფიქრია, რომ მეტი აღარ შეუძლია და, მიუხედავად ამისა, მხრებში გამართულს გაუგრძელებია გზა, ვისაც ბევრჯერ დაუძლევია შიში და არასოდეს უთქვამს უარი საკუთარ თავზე. „ქალაქი წყალზე“ დავწერე ყველა ბიჭისთვის, ვისაც ჰყოფნის სიყვარული, ამბიცია და სიამაყე, გვერდით ძლიერი გოგო ჰყავდეს, თუმცა, ალბათ, იმ ბიჭებისთვისაც დავწერე, რომლებსაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად ბიძგი სჭირდებათ. უფრო მეტიც – დავწერე იმ ბიჭებისთვისაც, ვინც მცდარი ნაბიჯი უკვე გადადგა.“

სალომე ბენიძე "ქალაქი წყალზე"
სალომე ბენიძე “ქალაქი წყალზე”

ელიფ შაფაქი “ღირსება”

“ეს წიგნი ეძღვნებათ მათ, ვინც ხედავენ და ესმით.” – ასე იწყება თურქი ავტორის ახალი წიგნი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოიცა ქართულ ენაზე. რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, რამდენიმე თაობის დიდ თავგადასავალს. შეიძლება გაიქცე სამშობლოდან, მაგრამ ვერსად გაექცევი საკუთარ თავს.

ელიფ შაფაქი ქართველი მკითხველისთვის ნაცნობი და საყვარელი ავტორია, შესაბამისად მისი ახალი წიგნი პრეზენტაციის დღესვე დაიტაცეს წიგნის მაღაზიებიდან.

ელიფ შაფაქი "ღირსება"
ელიფ შაფაქი “ღირსება”