თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ

Dilemma

“მიყვარდა ერთი ბიჭი. 3 წელი ერთად ვიყავით, 15 წლის ასაკიდან. სულ ჩემთან იყო, სულ თავს მევლებოდა, მიფრთხილდებოდა, ჩვენს მომავალზე მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა, რომ სულ ერთად ვიქნებოდით. ისე მიყვარდა, მის გამო ყველაფერზე უარს ვამბობდი. თითქოს დამაბრმავა ამ გრძნობამ, რაღაც სიგიჟე იყო. ისე მოხდა, რომ მასთან დავწექი. პატარა ვიყავი, სულ ვტიროდი, ვნერვიულობდი. მეგონა, ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ იმ ბიჭის დედა სულ მირეკავდა, მაწყნარებდა. მას შემდეგ უწინდებურად კარგად ვიყავით ერთმანეთთან. ხშირად მნახულობდა. მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ როცა 18 წლის გავხდი, თითქოს ნელ-ნელა დამშორდა. ისე მოხდა, რომ დავცილდით ერთმანეთს და მე ჩემთვის, მარტო, განვაგრძე ცხოვრება. ჩვენი დაშორებიდან თითქმის 2 წელი გავიდა, მაგრამ კიდევ ცდილობს ჩემთან კონტაქტს. თითქოს უნდა ურთიერთობის აღდგენა. არ ვიცი, რა ვქნა. ვგრძნობ, რომ კიდევ მიყვარს, მაგრამ არ მჭირდება გვერდით ადამიანი, რომელმაც ერთხელ უკვე დამტოვა.. გული ძალიან მტკივა, გამოსავალს ვერ ვპოულობ.”

„გული ძალიან მტკივა“… თუ ეს მხატვრული გაზვიადება არაა და შენი სიტყვები რეალობას ასახავს, ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ამ ფაქტს უნდა მიაქციო. გული სიყვარულის საკითხებში არასოდეს ცდება. გონებას შეიძლება, ედავო, უმტკიცო, აჯობო და რაშიც გინდა, დააჯერო, მაგრამ ტკივილი ისევე ცხადად მიგანიშნებს მთავარ პრობლემაზე, როგორც კომპასის ისარი – სწორ მიმართულებაზე.

აბა, დაფიქრდი, რამ გამოიწვია შენი ასეთი გულისტკივილი? რა იყო დაშორების მიზეზი? როგორც ამბობ, ამ ადამიანმა ერთხელ უკვე მიგატოვა. ის, რომ შენთან სექსუალური კონტაქტის დამყარებამდე თავს გევლებოდა, სულაც არ ნიშნავს, რომ სერიოზული გრძნობები და განზრახვა გააჩნდა. ასე იქცევა ყველა ბიჭი, თუ გოგოსთან დაწოლის იმედი აქვს.

მაპატიე, მაგრამ მისი დედის საქციელიც ადვილი შესაძლებელია, მშობლის ჩვეულებრივი წინდახედულობა ყოფილიყო და არა ქალური ან პიროვნული თანაგრძნობის გამოხატულება – არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი ხომ კანონით ისჯება. იქნებ დედა-შვილს სწორედ ამის ეშინოდა?! ყოველ შემთხვევაში, ის, რომ თქვენი დაშორება 18 წლის მერე „გაფორმდა“, მსგავს ეჭვებს აღძრავს. გირჩევ, მეხსიერებაში ამ მომენტთან დაკავშირებული, ყველა ფაქტი კიდევ ერთხელ საგულდაგულოდ გადაჩხრიკო, სათანადოდ გააანალიზო.

ახლა იმ გარემოებას მივხედოთ, რომ ბიჭი შენთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. დარწმუნებული ხარ, რომ ამას სიყვარულის გამო აკეთებს და არა სექსუალური დაუკმაყოფილებლობის? ამაში გარკვევა ძნელი არაა, თუ ფიზიკურ სიახლოვეზე არ დათანხმდები და საკუთარი თავის მოტყუებაში დახმარებას არ გაუწევ. შეყვარებულთან ურთიერთობის განახლებაზე მხოლოდ მაშინ დაიწყე ფიქრი, თუ მის გრძნობებში საბოლოოდ დარწმუნდები.

შესაძლებელია თუ არა, რომ ნამდვილად უყვარდე? შეიძლება, რატომ არა?! ყველაფერი ხდება. ხანდახან ადამიანი წლების მერე აცნობიერებს, რა დაკარგა, მაგრამ მსგავსი სიტუაციები არც ისე ხშირია, როგორც გვინდა ან წარმოგვიდგენია.

შენ? შენ თუ გიყვარს? იქნებ, უბრალოდ, მასზე ფიქრს შეეჩვიე?!

მოდი, ცოტა ხნით დაივიწყე ეს პიროვნება და წარმოიდგინე, როგორ მამაკაცთან იგრძნობდი თავს ბოლომდე ბედნიერად, მერე კი შენი წარმოსახვის ნაყოფი დაკვირვებით შეადარე შენს „რაინდს“. ჰგვანან? თუ კი, მაშინ ნამდვილად ღირს ბრძოლა, თუ არა და – რაც დროზე შეამჩნევ სხვა სახეებს, მით უკეთესი იქნება შენთვის.

რაც შეეხება გამოსავალს, სიტუაციაში საფუძვლიანად გარკვევის, ანუ ზემოჩამოთვლილ შეკითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ, მისი მოძებნა აღარ უნდა გაგიჭირდეს. თუ ასე არ მოხდა – გვიგულე შენს განკარგულებაში – Pink.ge ყოველთვის შეეცდება, დაგეხმაროს.

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ