fountain-pen2

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ

სამწუხაროდ, დღესდღეობით გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა ქალმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს, სულ უფრო რთულდება. ეს გადაწყვეტილება პირველ სექსუალურ ურთიერთობას უკავშირდება და ხშირად, ქალებს არჩევნის გაკეთება უწევთ საკუთარ სურვილებსა და საყვარელ ადამიანს შორის. ჩვენს ერთ-ერთ მკითხველს სწორედ ეს პრობლემა აქვს. გთავაზობთ მის წერილს სრულად და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოგიწოდებთ კრიტიკული კომენტარებისგან თავის შეკავებისკენ. თითოეულ თქვენგანს ვთხოვთ დაგვეხმაროს პრობლემის გაანალიზებაში და კომპეტენტური რჩევის მიცემაში.

მოგესალმებით. დიდი ხანია ერთ ბიჭს ვხვდები, დაახლოებით 5 წელია. თუმცა ფიზიკურად იშვიათად ვხვდებით, ძირითადად ტელეფონით ვკონტაქტობთ. ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ გამირკვევია, რა ვქნა. თვითონაც არაფერს ამბობს ჩვენს მომავალზე. ძალიან ბევრჯერ წამოვიწყე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კარგად არასდროს დასრულებულა. საუბრის შემდეგ ხანგრძლივი პაუზები გვქონდა, არც მირეკავდა, არც მწერდა. ახლა მთხოვს მასთან დავწვე, მაგრამ ასე არ შემიძლია საკუთარ თავს გადავაბიჯო. მე ის ძალიან მიყვარს და მის გარეშე ძალიან მიჭირს. ვცადე მისი სურვილის შესრულება, მაგრამ არ გამომივიდა, რაზეც ძალიან გაბრაზდა, მითხრა რომ სხვაგვარად ჩვენს შეხვედრებს აზრი არ ჰქონდა. ახლა ძალიან მსუბუქი ურთიერთობა გვაქვს, უბრალო მოკითხვებით შემოვიფარგლებით. როგორ მოვიქცე, რა ვქნა – აღარ ვიცი. მისი ცივი დამოკიდებულება ძალიან მთრგუნავს. ასე კიდევ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს აღარ ვიცი. თუ შეგიძლიათ, იქნებ თქვენ მაინც მომცეთ რამე რჩევა: ღირს ამ ადამიანთან საერთოდ ურთიერთობის გაგრძელება?

როცა ვიღაც გიყვარს და მასაც უყვარხარ, ასეთი კითხვები და პრობლემები არ უნდა გაჩნდეს. თუ გაჩნდა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სინამდვილეში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ფიქრობდი. დაფიქრდი ამაზე: მას რომ ისე უყვარდე, როგორც გგონია, დაგაძალებდა წასულიყავი საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ? ნუთუ საყვარელ ადამიანს არ უნდა აღელვებდეს, რომ მზად არ ხარ ასეთი ურთიერთობისთვის? შენ გსურს ასეთ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება? რა არის მსხვერპლი, რომელზეც წახვალ ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად? დარწმუნებული ხარ, რომ თანაცხოვრების შემთხვევაში ეს ადამიანი უფრო მეტს არ მოითხოვს შენგან? დარწმუნებული ხარ, რომ მასთან ბედნიერი იქნები? ახლა ბედნიერი ხარ?

ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ გამირკვევია, რა ვქნა. თვითონაც არაფერს ამბობს ჩვენს მომავალზე. ძალიან ბევრჯერ წამოვიწყე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კარგად არასდროს დასრულებულა. საუბრის შემდეგ ხანგრძლივი პაუზები გვქონდა, არც მირეკავდა, არც მწერდა.

შენი წერილის ამ ნაწილიდან ცხადად ჩანს, რომ ამ ადამიანს არანაირი მომავალი ურთიერთობის გეგმა არ აქვს შენთან, რომ ჰქონდეს, აუცილებლად გაგიზიარებდა. გირჩევ, კარგად დაფიქრდე, გაერკვე საკუთარ სურვილებში და ისე მიიღო გადაწყვეტილება: რამდენად გიღირს ასეთ ადამიანთან ურთიერთობა.

P.S. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი წარმატებებს გისურვებს!

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ