Home მკითხველის ისტორიები

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ

man writing a contract

ძალიან ძნელია იცოდე და არ ამბობდე, გრძნობდე და მალავდე, სწორედ ამიტომ ადამიანები  ცდილობენ საკუთარი ისტორიები სხვებსაც გაუზიარონ, მიიღონ რჩევა, გადადგან პირველი ნაბიჯი სიმშვიდის მისაღწევად. დღესაც შემოგთავაზებთ კიდევ ერთ წერილს, პირველ რიგში, მინდა, შეგახსენოთ, რომ ადამიანებს გაკიცხვისა და კრიტიკის ნაცვლად მხარდაჭერა და კომპეტენტური რჩევები სჭირდებათ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ წერილს, გთავაზობთ მას სრულად.

15 წელია გათხოვილი ვარ, მყავს 10 წლის ბიჭი. ეს ქორწინება ორივესთვის მეორეა. ახლახანს შევიტყვე მეუღლის ღალატის შესახებ. 6 წლის განმავლობაში ჰყავდა საყვარელი და არასოდეს მიეჭვიანია, ანუ არ მქონია საბაბი. ინტერნეტით გაცნობილი ქალი სამწუხაროდ, ძალიან უყვარს, მაგრამ ამ ამბის გამოაშკარავების შემდეგ, ქალმა ურთიერთობა გაწყვიტა. მე ძალიან მიყვარს ქმარი, ისიც ვერ ძლებს უჩვენოდ. გაშორება ვერ შევძელი, მაგრამ ვერც ვპატიობ. ისიც გაორებულია, დაბნეული და ძალიან ცუდად გრძნობს თავს. მე ქმრის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ გამუდმებით ვეჭვიანობ, ვნერვიულობ და ცუდად ვარ. მირჩიეთ, როგორ ვიცხოვრო ამ ტკივილით, როგორ მოვიქცე? გმადლობთ!

გიფიქრია იმაზე, თუ რატომ გაუჩნდა მეუღლეს ინტერნეტში ვინმეს გაცნობის და მასთან ურთიერთობის დაწყების სურვილი? ჩაღმავებიხარ პრობლემის წარმოქმნის მიზეზებს?  საერთოდ, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება ადამიანთან, რომელმაც გვიღალატა, ე.ი. იმისთვისაც მზად ვართ, რომ ვაპატიოთ. თუმცა, თუ პატიებას ვერ შეძლებ, მასთან გატარებული ყოველი დღე აუტანლად მტკივნეული იქნება როგორც შენთვის, ასევე მისთვის. იფიქრე ამ მიმართულებით, ასევე კარგი იქნება, მეუღლესაც თუ დაელაპარაკები და მისგან გეცოდინება – დანამდვილებით რა სურს მას. სავარაუდოდ, არსებობს ღალატის მიზეზი. თუ ყველაფერს გააანალიზებთ და ერთად იმსჯელებთ მიზეზებსა და შესაძლებლობებზე, ბევრად უფრო მარტივი იქნება გამოსავლის პოვნა.

 მე ქმრის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ გამუდმებით ვეჭვიანობ, ვნერვიულობ და ცუდად ვარ.

თუ თვლი, რომ ვერ გადალახავ ამ პრობლემას და საკუთარ თავს ვერ აიძულებ დაივიწყო ეს ყველაფერი, მაშინ აუცილებლად მიმართე პროფესიონალს და ის დაგეხმარება ემოციების სწორად მართვაში. საუკეთესო გამოსავალი იქნება ოჯახური პრობლემების სპეციალისტს მიმართოთ ორივემ ერთად. სამწუხაროდ, წერილში არ ჩანს შენი ქმრის პოზიცია: რამდენად ნანობს საქციელს, არის თუ არა მზად შენთან ერთად იმუშაოს პრობლემაზე, სურს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება, შეძლებს თუ არა გულახდილად გესაუბროს ამ თემაზე. ყველაფერი მოგვარებადია, მთავარია, ორივეს გქონდეთ ამის სურვილი.

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ

შენ რას იტყვი?