Home მკითხველის ისტორიები

მე „გამიმართლა“ – ჩემი სახლი მაქვს. უფრო სწორად, ჩემი კუთხე. ერთი ბეწო თავშესაფარი იმ უსახლკარობაში, რასაც საქართველოში ქალად დაბადება ქვია.

მე „გამიმართლა“. ოჯახმა გადაწყვიტა დავესაჩუქრებინე:  ოჯახის ქონების დაახლოებით ხუთი პროცენტი დამითმეს. შემოეზედმეტათ. გამოიმეტეს. დანარჩენზე უფლება არ მაქვს. დანარჩენი ძმებს. დანარჩენი ბიჭებს და იმ ბიჭების მიერ გაჩენილ ბიჭებს. ბიჭებს, რომლებსაც ხშირად არანაირი უპირატესობა არ აქვთ გარდა იმისა, რომ გენეტიკურ ლატარიაში მომგებიანი ბილეთი ერგოთ.

ძველად შეიძლება საჭიროც იყო, რომ ერთი ოჯახის ქონება (მიწა) არ დაყოფილიყო – ადამიანების შემოსავლის უდიდესი წილი სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა და დაქსაქსული მიწით ბევრს ვერაფერს მოიყვანდი. და რითია გამართლებული ოცდამეერთე საუკუნეში?

პრინციპში, არც არაფრით.

456591-inequalitydesignfaizandawood-1351108868-565-640x480

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი შვილი ხარ. აქცევ თუ არა ყურადღებას უკვე მოხუც მშობლებს. გჭირდება თუ არა დახმარება. გაქვს თუ არა თავზე ჭერი.

იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, რა წერია კანონში და კონსტიტუციაში.

საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 14 4

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა , კანის ფერისა , ენისა , სქესისა , რელიგიისა , პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა , ეროვნული , ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა , წარმოშობისა , ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა , საცხოვრებელი ადგილისა.

 

უბრალო სიტყვებით რომ რომ ვთქვათ, კანონი საერთოდ არ მასხვავებს სქესის მიხედვით. ამას მხოლოდ ყველაზე ახლობელი ადამიანები აკეთებენ.

იცოდით, რომ კანონით, იმის მიუხედავად, ვის სასარგებლოდაა ანდერძი დაწერილი, პირველი რიგის მემკვიდრეს (ჩვენს შემთხვევაში  – შვილს) მაინც ერგება „სავალდებულო წილი“?  და მის მისაღებად უბრალოდ, მოთხოვნაა საჭირო.

მაგრამ როცა ქალი ოჯახისგან საკუთარ წილს ითხოვს კარგი არაფერი ხდება. ჭორები, ხელის გაშვერა, უარყოფითი დამოკიდებულება, როგორ გაბედა და ძმებს წილი მოსთხოვა!

მემკვიდრეობაზე უფლების წართმევა კიდევ ერთი ბერკეტია იძულებითი გათხოვების ან არასასურველი ოჯახის შენარჩუნებისთვის. სად უნდა წახვიდე, რომ გაეყარო? ან რომ არ გათხოვდე, აბა რძლებს ხომ არ ჩამოუჯდები? სიბერეში პატრონი ხომ გინდა, „სხვის კარზე“ ხომ არ იცხოვრებ?

მე „გამიმართლა“. ქმართან გაყრის გადაწყვეტილება თამამად შემიძლია მივიღო. არ მომიწევს „სახლში დაბრუნება“ და „ძმებთან და რძლებთან ჩამოჯდომა“. და ვინ იცის, რამდენი ქალი იკავებს თავს გაყრისგან, იმიტომ რომ იმ სახლში ვერ დაბრუნდება, სადაც კანონით ეკუთვნის წილი, მაგრამ…. გოგოა და აბა როგორ?!

o-gender-inequality-facebook

უცნაურია, როგორ მეორდება ჩაკეტილი წრე თაობიდან თაობაში და ამაში აქტიურ მონაწილეობას ქალები იღებენ. ბებია, რომელიც მშობლების სახლიდან ერთი ხელი თეთრეულით წამოვიდა და ქმრის მუდმივი ღალატის მიუხედავად, მამის სახლში არასოდეს დაბრუნდა (არ შეუშვებდნენ), შვილს არიგებს, რომ ოჯახი წმინდათაწმინდაა და ყველაფერი უნდა მოითმინოს, იმიტომ რომ… რომ გაეყაროს სად უნდა წავიდეს? შვილი თავის მხრივ შვილიშვილს ზრდის იმ აზრით, რომ ყველაფერი ძმებისაა და თუ რაიმე უნდა, გათხოვება მოუწევს – ქმრის სახლი ცოლის სახლიც გახდება….

გათხოვების და ოჯახთან დავის გარდა გამოსავალი არ არსებობს?

კი, არსებობს. საკუთარი შრომით შეძენილი ქონება, რომელიც მხოლოდ შენია, შენ განკარგავ და შენვე გაასხვისებ იმაზე, ვისზეც გაგიხარდება. და ასეთ სახლში ფუსფუსზე სასიამოვნო არაფერია.

3 კომენტარი to this post
  1. მე ქვეცნობიერში მაქვს გამჯდარი, ჩემი არაფერი რომ არაა და ვზრუნავ უკვე იმაზე, რომ ჩემი ნაშრომი “20 კვადრატი” მქონდეს. ფაქტი, რომ ვიღაცის რაღაც უნდა მოითხოვო, ძალიან უსიამოვნო სეგრძნებას მიჩენს მიუხედავად იმისა, რომ იდეაში ჩემსას ვითხოვ.

  2. ჩემა მშობელმა იზრუნეს, რომ სამივე შვილს თანაბარი ქონება მოეცათ, მაგრამ როცა საქმე სოფლის სახლზე მიდის რომელიც რატომა მხოლოდ კაცის ვერ ვხდბეი აი იქ ვერ ვთანხდებით, რა დაუწერელი კანონია რომ მარტო მისია ვერ ვხდები, პასუხი ისა რომ შენი შვილები მამაისის სოფელში ივლიან დასავენებლად და შნეც თან გაყვები გეგეონება ორივეგან ყოფნის უფლება არ მქონდეს, ამიტომ ტკბილა თუ მწარედ ვაპირებ ამ პრობლემის გადაწყვეტას :)))

  3. არ მესმის ამ შეგნების ადამიანების და მომკალით. ძალიან ხშირად მიდავია ამ თემაზე როგორც კაცებთან, ისე – ქალებთან და მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბნელა. მერედა, ისეთ ადამიანებთან არ ანთია ნათურა, რომ არაფრით ველოდი ამას.

    მე ჯერ ერთი გოგო მყავს. ის გოგო მთელს სამყაროს მირჩევნია. ზუსტად ვიცი, ბავშვებს არავის განვასხვავებინებ სქესის მიხედვით. არა მხოლოდ მემკვიდრეობის სახითხში, ზოგადად.

    თვითონაც ერთი და მყავს და სულ მინდოდა ძმა, დარწმუნებული ვარ, მშობლები არც ჩვენ განგვასხვავებდნენ. არ უნდა ჩაუნერგო შვილებს ერთმანეთის მიმართ შუღლი ამ და სხვა მრავალი საკითხის გამო.

შენ რას იტყვი?