თეოს და გიგას ურთიერთობა წლებია გრძელდება, იყო დრო გიგას ძალიან მოსწონდა თეოსთან გატარებული ყოველი წამი, კარგად გძნობდა მასთან თავს და მეტი არაფერი, გიგა მამაკაცთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება რომელიც არ ფიქრობს დაოჯახებას, ვერ წარმოედგინა თავი დაქორწინებული და უღელში თავგაყოფილი მამაკაცის ამპლუაში.

ერთ მშვენიერ დღეს გიგას სახლში დაბრუნებულს დედა ხვდება მისაღებ ოთახში და ეუბნება რომ მასთან სალაპარაკო აქვს, დედა უცხადებს, რომ ასე მათი ურთიერთობის გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ თეოს არ აძლევს გასაქანს, ამავე დროს არც თვითონ ფიქრობს მასზე დაქორწინებას, ამიტომ რაღაც უნდა შეიცვალოს მათ ურთიერთობაში, თეო ცოლად უნდა მოიყვანოს.

დედის ნათქვამმა გიგა დააფიქრა, მას არ უნდა მისი ცხოვრება დაემსგავსოს “ყველას ცხოვრებას”, არ უნდა ოჯახი შექმნას მოვალეობის მოხდის მიზნით, არ უნდა ეს ნაბიჯი თავზემოხვეულ თავისამატკივებელ პასუხისმგებლობად ექცეს, არ უნდა ცხოვრება ქალთან, რომელიც არ უყვარს. არადა არსებობს ქეთი, რომელთანაც ყველაფერი სხვანაირად აქვს, ფიქრობს რომ უყვარს, ფიქრობს რომ მასთან ბედნიერი იქნებოდა, არადა უკვე საკმაოდ გვიანია, ფიქრობს, რომ ვეღარაფერს შეცვლის, არადა არ უნდა “სხვებივით” ოჯახურ პრობლემებს გაექცეს და ქეთისთან აფარებდეს ხოლმე თავს, არ უნდა ტყუილში ცხოვრება, მაგრამ…

გიგა მიხვდა, რომ სხვანაირად ვეღარ მოიქცეოდა, ქორწილი შედგა, უაზრო მოვალეობებით დაუკავშირეს ერთმანეთა ცხოვრება თეომ და გიგამ, თვითონ არ იცის რამდენ ხანს შეძლებს ასე ცხოვრებას, ფიქრობს, რომ სანამ ძალიან არ გაუჭირდება ამ ფარსში ცხოვრება მანამ აიტანს ამ აუტანელ მდგომარეობას.

როდესაც ადამიანში არსებობს სიყვარული, ის დიდი ენერგია და მადლი, რომელიც მოდის ღმერთისგან, ამ ყველაფრის მიმალვა და არასწორი მიმართულებით მიმართვა დაუშვებელია, რადგან ეს არის დანაშაული, ჩადენილი ღმერთის წინაშე და ამას ეწოდება “სიყვარულის მკვლელობა”.