advice

ჩვენს მკითხველებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თავის ერთგულებას არა მხოლოდ სტატიების კითხვით გამოხატავენ, არამედ იმდენად ახლობლად მიგვიჩნევენ (რის გამოც – უღრმესი მადლობა მათ), რომ რჩევასაც გვეკითხებიან პირად პრობლემებთან თუ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებით. ქვემოთ მოყვანილი წერილიც ამის დადასტურებაა. ჩვენი მხრიდან, ძალიან შევეცადეთ, ყურადღებით წაგვეკითხა იგი და შეძლებისდაგვარი პასუხი გაგვეცა, თუმცა მის ავტორს თითოეული თქვენგანის აზრიც ალბათ არანაკლებ დააინტერესებს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, კომენტარებში იაქტიუროთ და თქვენი ხედვა თუ გამოცდილება გაუზიაროთ.

იდეალური მამაკაცი ხომ იცით, როგორიცაა. ზუსტად ეგეთი მყავდა გვერდით გუშინდელ დღემდე. არ გეგონოთ დაბრმავებული ვიყავი და ამიტომ მეჩვენებოდა იდეალური – ყველას თვალში ასე იყო. მის წარმატებებს და ღირსებებს არ ჩამოვთვლი, არ მინდა, შემთხვევით ამ გვერდს წააწყდეს და თავისი თავი ამოიცნოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი ბიჭი იყო, საქართველოში მხოლოდ 2% რომაა – წარმატებული თავის საქმეში და ძალიან სიმპატიური, ჩემზე 5 წლით უფროსი. ისეთი ბედნიერი ვიყავი მასთან, ვიცოდი, რომ ასეთი დიდი ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება. იდეალური ურთიერთობა გვქონდა. მეგონა, რომ ჩემზე გიჟდებოდა. მე სიგიჟემდე მიყვარდა და მიყვარს. წინა დღეს ერთად ვიყავით, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ლამაზად იყო, მეორე დღეს კი უბრალოდ დამშორდა, მიზეზის აუხსნელად. არ ვიცი, რა ვიფიქრო. მგონი, ასე იმიტომ მოიქცა, რომ სექსი არ გვქონდა და ამას ყოველთვის ჩვენი ურთიერთობის მინუსად მიიჩნევდა, მაგრამ გამიგო და მითხრა, რომ მის სურვილებზე მაღლა ვიდექი და რომ ქორწინებამდე არაფერი გვექნებოდა და უცებ ურთიერთობას წყვეტს, განმარტების გარეშე მშორდება. მართლა ძალიან ვეცადე, გამერკვია, რა მოხდა. ვთხოვდი აეხსნა, მაგრამ ამაოდ. გამთენიისას ქვეყნიდან გაფრინდა. ვიცოდი, თუ ისე წავიდოდა, რომ არაფერს ამიხსნიდა, სულ დავკარგავდი. მალე ჩამოვა, მაგრამ ვიცი, ერთად აღარ ვიქნებით. მე კიდევ მის გარეშე არ შემიძლია. ძალიან ცუდად ვარ. არ მჯეროდა აქამდე სიყვარულის. პირველად ვარ შეყვარებული. ისეთ გოგოებს დავცინოდი, ვინც ბიჭის გამო დეპრესიაში ვარდებოდნენ და ახლა მე ვარ ასე. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, მისი დავიწყება არ მინდა. მირჩიეთ, როგორ დავიბრუნო. ნატუკა.

ნატუკა, გვესმის შენი – ნამდვილად არაა ადვილი, როცა საყვარელ ადამიანთან დაშორება გიწევს, მაგრამ გააჩნია, ამ ყველაფერს რა კუთხით შეხედავ. დავიჯერო, თანახმა იქნებოდი, ნებისმიერი პირობით გაგეგრძელებინა მასთან ურთიერთობა? ვთქვათ, მართალი აღმოჩნდა შენი ვარაუდი და ბიჭმა მხოლოდ იმიტომ მიგატოვა, რომ მასთან სექსი არ გქონია, მის შესანარჩუნებლად განა უარს იტყოდი საკუთარ დამოკიდებულებაზე ამ საკითხის მიმართ? ალბათ, არა და მართალიც იქნებოდი, რადგან ეს შენი უფლებაა.

ან რამდენად მოგწონს, მაგალითად, რომ ადამიანი, რომელთანაც ასე თუ ისე ჩამოყალიბებული ურთიერთობა გქონდა, იმდენად არ სცემს პატივს ამ ურთიერთობას, რომ თავს ვალდებულადაც კი არ თვლის – აგიხსნას თავისი გადაწყვეტილების მიზეზი? როგორ გგონია, იდეალური მამაკაცები ასე იქცევიან? ხომ არ იჩქარე მისთვის ამ ეტიკეტის მიწებება?

იქნებ შენთან განშორების მიზეზი ურთიერთობაში არსებული პრობლემა კი არა, მის ცხოვრებაში არსებული სერიოზული პრობლემებია? კარგად იცნობ მისი საქმიანობის ან ცხოვრების სხვა სფეროებს, მის გარემოცვას? იქნებ აქვს რაღაც სამარცხვინო და დასამალი? არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ შეგახსენებ, რომ „ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს“ და ადამიანის კარგად გასაცნობად მასთან რომანტიკულ პაემნებზე სიარული სრულიადაც არაა საკმარისი.

ნუ გამორიცხავ იმის ალბათობასაც, რომ სასურველის მიღებას ზოგიერთი მამაკაცი არაპირდაპირი ულტიმატუმის გზით ცდილობს ანუ თავისი საქციელით გეუბნება: „ან ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე გადავწყვიტე, ან მშვიდობით“. როგორ გგონია, ღირს ურთიერთობა მსგავსი ტიპის მოძალადესთან?

ღმერთმა ნუ ქნას, ყველა ის ეჭვი, რის შესახებაც ზემოთ გესაუბრე, დადასტურდეს, მაგრამ რეალობაში ბევრად უფრო წარმოუდგენელი რამეებიც ხდება და ამის დავიწყება არ ივარგებს. ამიტომ ახლა, პირველ რიგში, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, როგორ დაიბრუნო შეყვარებული, არამედ – ღირს თუ არა ასეთი მოულოდნელი და შენთვის სრულიად აუხსნელი საქციელის შემდეგ მისი დაბრუნება? ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ მისი ქცევის რეალურ მიზეზს არ გაარკვევ.

პირველი, რასაც ამ სიტუაციაში გირჩევდი, ამ პიროვნების კი არა, საკუთარი თავის პატივისცემის დაბრუნებაა. ეცადე, წონასწორობა შეინარჩუნო, მიუხედავად იმისა, რომ, შენი აზრით, დაუმსახურებლად მოგექცნენ. თუ თავს ასეთი მოპყრობის ღირსად არ თვლი, დაამტკიცე კიდეც შენი საქციელით. შენ ხომ არაფერი დაგიშავებია მის წინაშე, ამიტომ არც დეპრესიის, არც ცუდად ყოფნის და არც სინდისის ქენჯნის საბაბი გაქვს.

იმის ღირსადაც არ ჩაგთვალეს, რომ, მიუხედავად შენი თხოვნისა, რამე აეხსნათ? მაშინ სხვა დროს ამის გასაკეთებლად მეტი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდებათ. თუ ძალიან შეგეხვეწება, ვინ იცის, იქნებ გული მოგილბეს და მოუსმინო კიდეც, თუ არა და, თვითონ ჩავარდეს დეპრესიაში იმის გამო, რომ შენი სათანადოდ შეფასება და დაფასება ვერ მოახერხა.

ნუ ეცდები, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნო მისი ყურადღება – ნუ დაურეკავ, ნუ გაუგზავნი სასოწარკვეთილ ან სასაყვედურო შეტყობინებებს, ნუ მოჰყვები იმის ახსნას, რა გეგონა და რას იმედოვნებდი. აცადე დროს, შენ მაგივრად გაარკვიოს და დაალაგოს ყველაფერი. თუ მისთვის ნამდვილად რაღაცას წარმოადგენდი, თვითონ მოძებნის ურთიერთობის აღდგენის ფორმას, თუ არა და… ნუთუ ღირს ცხოვრების საუკეთესო წლები ილუზიებს შესწირო? დამიჯერე, არ ღირს.