მოხუცს ოთხი ვაჟი ჰყავდა. უფროსს უკვე 50 წელი შესრულებოდა, შუათანას – 32, მესამეს – 28, უმცროსს კი – 26.

– რაც შეეხება მეუღლეს, არა მყავს. აი, ასევე ჩაიწერეთ.

– რატომ? – გაიკვირვა ქეთიმ.

– ორივე გარდამეცვალა. პირველიც და მეორეც ჩემზე სუსტი აღმოჩნდა. ალბათ, ასე იყო საჭირო. ახლა დაოჯახება კი – არაჭკვიანურია.

სიჩუმემ დაისადგურა. მცირე ხნის შემდგომ ფერწერაზე იწყო რესპოდენტმა საუბარი. დაინტერესდა, რომელი მხატვრები მოსწონდა სტუმარს. ქეთიმ ტიციანი დაასახელა. მასპინძელი გამოცოცხლდა – ეს მისი საყვარელი მხატვარიც გახლდათ. რა საკვირველია, გოგონამ იცოდა. რედაქციაშიც მოეძიათ ინფორმაცია. ნუ, ინფორმაცია თითქმის არ იყო, რაც იყო – მიზერული. არავინ იცოდა, მიახლოებითაც კი, რამდენი წელი შესრულებოდა მილიარდელს. ერთ-ერთ გამოცემაში 45 გაზაფხულიც მიეთითებინათ. აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო და რომ მოხუცი გაცილებით მეტ წელიწადს ითვლიდა გაჩენის დღიდან.

თუ ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის, მისი ჟურნალი ძალიან ბევრ ესკლუზიურ მასალას და უფლებას მოიპოვებს, რაც, თავისთავად კოლოსალურ თანხას პირდებოდა გამომცემლობას. აი აქ, რეკლამის ოდენობაც გაიზრდებოდა შემოსავლის პროპორციულად. თუ კი, რა თქმა უნდა, როგორღაც ყველაფერი მოულოდნელად არ ჩაიშლება!

– თვრამეტი წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვიხილე მისი “წმინდა სებასტიანი”. საბჭოთა კავშირის დროს ადვილად მიმოვდიოდით და პეტერბურგშიც არაერთხლ ვყოფილვარ მას მერეც. ერმიტაჟს ხშირად ვსტუმრობ ტიციანის გამო, – წარმოსთქვა ელვისებური სისწრაფით მოხუცმა, – ყველა აღფრთოვანებული იყო წმინდანის ვნებებით, მე კი სიცოცხლით აღსავსე ლამაზი ჭაბუკის ცქერით ვიყავი გართული: ამოიღე ისარი და ჭრილობა წამიერად ხორცდება. შემდგომ “მონანიე მაგდალინელს” მივუახლოვდი. ცრემლით სავსე თვალები, მაგრამ რაოდენ ლამაზი და მგრძნობიარე… ქალი, მისი ყვავილობის ასაკში! აი, ასევე დამამახსოვრდა ტიციანი. ვცდილობდი მასსავით წარმატებული და ჰენრი ფორდივით უდრეკი ვყოფილიყავ.

ჰენრი ფორდი

ქეთი მიხვდა, თუ ვის აგონებდა მასპინძელი – მოხუცებულ ფორდს. აგრეთვე სიცოცხლით აღსავსესა და სახის მკვეთრი ნაკვთებით.

ცდილობდა, არცერთი სიტყვა გამორჩენოდა სახლის მესაკუთრის მონათხრობიდან და იმავდროულად, შეეთვალიერებინა ყველა იქ მყოფი. სხვები დუმდნენ. მოხუცი კი ტიციანსა და თავის ცხოვრებაზე ჰყვებოდა:

– ტიციანმა გაამყარა ჩემში სამყაროს სიყვარული.  საკუთარი ბედი თავადვე უნდა გამოძერწოს კაცმა. ამიტომაც, ბევრია დამოკიდებული იმაზე, ვის ამოირჩევ კუმირად და მისაბაძ მაგალითად.

ღუაღამის მოახლოვებასთან ხნიერმა ქალმა და ორმა ახალგაზრდა გოგონამ ხელახლა გაშალეს სუფრა და შეუდგნენ შეკრებილთა მომსახურებას. შემდგომ შემოვიდნენ ადამიანები მუსიკალური ინსტრუმენტებითა და ნოტებით და შეუდგნენ მათს განლაგებას.

კედელზე ჩამოკიდებულმა დიდმა საათმა თორმეტს ჩამოჰკრა.

– მრავალ ახალ წელს, ძვირფასებო! – მიულოცა დამსწრეთ მოხუცმა ჭიქა შამპანურით.

– ახალ წელს გილოცავთ! – იყო შეძახილი ყოველი მხრიდან. არც სტუმარი ჩამორჩა სხვებს.

მუსიკოსებმა ვალსი დაუკრეს.

ქეთიმ დროის შეგრძნება დაკარგა და რეალობაც სადღაც მიღმიერი ეგონა. უკვე აღარაფერი აკვირვებდა. ყველაფერი, რაც მას გარს ეხვია, რომელიღაც ზღაპრიდან გადმოსულს ჰგავდა.