დიდი შემოსასვლელი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. უპირველეს ყოვლისა, არასად ჩანდა ელ-გაყვანილობა და ჭაღები, მხოლოდ სანთლები. ცოტა არანორმალურია, არა? ავეჯიც უცნაური.  ლამაზია, თუმცა, ოდნავ გაუგებარი.

ვიღაც კიბეებზე ჩამოდიოდა. ქეთიმ თვალები მოჭუტა და შეეცადა დაენახა. ახლომხედველი იყო, მაგრამ სათვალეს არ ატარებდა – თვლიდა, რომ არ უხდებოდა და ბიბლიოთეკარს ემსგავსებოდა, კონტაქტურ ლინზებს კი ვერაფრით შეეგუა. შესაბამისად, სიბნელეში ხედვა მისთვის “შეუსრულებელი მისია” გახლდათ.


როდესაც კაცი ძირს დაეშვა, გოგონას წინაშე სუსტი მოხუცი იდგა. მან ხელი გაუწოდა და საკუთარი თავი წარადგინა. სახის მკვეთრი ნაკვთები, მოკაუჭებული ცხვირი. სტუმარს მოეჩვენა, რომ იგი სადღაც უკვე ენახა, მაგრამ ტელევიზიით ეს შეუძლებელი იყო. მასზედ ამბობდნენ, სტრატეგიული იმიჯი აქვს შერჩეული – ირგვლივ ყველაფერი ნისლით ბურავსო. იქნებ, უბრალოდ, ჟურნალისტები არ უყვარს?! ან კიდევ… დაზუსტებით ვერ იტყვი.

ქეთიმაც გააცნო თავი, სამსახურებრივი თანამდებობა და გაიღიმა:

– ბევრი მსმენია თქვენზე…

– ერთ-ერთ ყველაზე ძველ და გავლენიან გამომცემლობაში მუშაობთ. დიდი ხანია, მოგეჩვიეთ. ამჟამად, გამოწერილიც კი მაქვს თქვენი ჟურნალი, – თბილად უთხრა მოხუცმა.

– სასიამოვნოა, როდესაც გაქებენ, – უფრო ფართოდ გაიღიმა გოგონამ.

– როდესაც ამ საქმეში ფულის ჩადება და რეკლამის გაკეთება გადავწყვიტე, ყველა თანამშრომელზე მოვიპოვე ინფორმაცია. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი.

“ჰმ, ცოტა ბანალურია…” – გაიფიქრა ქეთიმ, მაგრამ მხოლოდ ეს თქვა:

– და?!…

– თუ იმით ვიმსჯელებთ, თქვენი დაწინაურების შემდეგ, როგორც მუშაობს სარეკლამო განყოფილება, ნიჭიერი ბრძანდებით. ადვილად განსწავლებადი. ამასთან – ულამაზესიც.

– მადლობა… – ქეთი შეიშმუშნა. იგრძნო, რომ ლოყები შეეფაკლა. “ნეტა, ხომ არ შეამჩნია?”

– ამ ახალ წელს ჩვენთან შეხვდებით. იშვიათად ვიკრიბებით მთელი ოჯახით. ფაქტობრივად, თვითმფრინავში ვცხოვრობ. ამიტომაც მოგიწიათ დღეს აქ მოსვლა. გპირდებით, არ ინანებთ. წამოდით, ამ სახლის მკვიდრებს გაგაცნობთ, საქმეზე კი ხვალ ვისაუბროთ. წინააღმდეგი ხომ არ ბრძანდებით?

– არა. რას ამბობთ? დღეს ღირშესანიშნავი დღეა, საქმე მოიცდის.

ამ სიტყვებზე ხელკავით დაეყრდნო მოხუცის გამოწვდილ ხელს, რომელიც კიბეებისაკენ წაუძღვა სტუმარს.

– როგორ მოგწონთ ჩემი სახლი?

– ძალიან რომანტიკული გარემოა.

– კონსერვატიული ადამიანი ვარ. მიყვარს ძველებური ნივთები. შემიძლია თავს ფუფუნება მივცე, როგორც მინდა, ისე ვიცხოვრო.

ქეთი ჩუმ-ჩუმად აკვირდებოდა მასპინძელს. საოცარი მოხუცია. ნეტა, სად ჰყავს ნანახი?


დარბაზი ისევე უცნაურად გამოიყურებოდა, როგორც შემოსასვლელი. უზომოდ ვრცელი. შუაში ცისფერი ნაძვისხე იდგა და ზედ ბაფთიანი სანთლები კიაფობდნენ. მაგიდა მდიდრული გადასაფარებლითა და ანტიკვარული ჭურჭლით თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.

მოხუცმა სტუმარი იქ მყოფთ წარუდგინა. თითოეულზე რამდენიმე სიტყვიანი წინადადებით შემოიფარგლა. მისი ვაჟებიც იქ გახლდნენ. ქეთიმ იგრძნო, რომ ათვალიერებდნენ და მოულოდნელად გააცნობიერა, რა იყო ისე, როგორც არ უნდა ყოფილიყო. მისი სამოსი! – მართალია ლამაზი, თუმცა ზედმეტად მარტივი და არასადღესასწაულო. თავი არაკომფორტულად იგრძნო, რის გამოც შეუმჩნეველი დარჩა თუ ვინ აკვირდებოდა განსაკუთრებით დაჟინებული მზერით. სკამის კიდეზე ჩამოჯდა და ბუნებრივი პოზა მიიღო.