რაც უფრო შორდებოდა მანქანა დედაქალაქს, მით უფრო უკეთდებოდა ხასიათი ქეთევანს. ეს უზრუნველობის შეგრძნებაც, გაურკვეველია, საიდან მოვიდა. აწ, უკვე ყველაფერი უკანაა, დაძაბული გრაფიკი, თბილისის ხმაური, საახალწლო “უწი-პუწი”. მეორეს მხრივ, მივლინებით მიემგზავრება, დასასვენებლად კი არა.

ავტომობილი ძუნწად ყლაპავდა კილომეტრს კილომეტრზე, როდესაც უკანა სავარძლებზე მოთავსებულმა გოგონამ სარკეში მძღოლის სახის ანარეკლი შეამჩნია. მოხუცს უკმაყოფილო მზერა ჰქონდა. ქეთისაგან განსხვავებით, ეს მგზავრობა მას სულაც არ მოსწონდა: 31 დეკემბრის დღის 4 საათზე რედაქციაში გამოიძახეს და აიძულეს სადღაც წასვლა რამდენიმე დღით. სახლში კი მთელი ოჯახი იკრიბება. ვაჟი მოფრინავს ნიუ-იორკიდან, შვილები ჩამოჰყავს…

გოგონამ გადაწყვიტა მესაჭისათვის ყურადღება არ მიექცია. არც ადრე ჰქონდათ თბილი ურთიერთობა. როდესაც მანქანა გამოუყვეს, მძღოლს ხმა არ ამოუღია. მოქუფრულად უქნევდა თავს, წარბშეკრული გასცქერდა გზას და ა.შ. ერთხელაც წარმოსთქვა: “რა უბედურებაა, ყველა კურიერისათვის ავტომობილის გამოყოფა.” მაშინღა მიხვდა ქეთი, რომ ჩვეულებრივი კურიერი ეგონათ, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა, არ ეთქვა, რომ სარეკლამო განყოფილების უფროსი გახლდათ. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გაიგო კოლია ძიამ და ჰკითხა: “რამდენი წლის ხარო?” იმ ზაფხულს 25 უსრულდებოდა. მძღოლმა მძიმედ ამოიოხრა, თავი გააქნია და მას მერე დისტანცია ეჭირა მგზავრთან, თითქოს გულში რაღაც წყენას ინახავდა. უცნაური მოხუცი…

გარეთ კი თოვდა.  გზა ამშვიდებდა. გოგონას ჩასთვლიმა, სიზმრად ლამაზად გამოწყობილი მოჩვენებები სტუმრობდნენ, რომლებიც გაღვიძებულზე აღარც ახსოვდა. მხოლოდ შეგრძნება დარჩა – ფერადი ოცნების – სასიამოვნო და რაღაცნაირად მშობლიური, დედის იავნანის მსგავსი. უცებ გააცნობიერა, რომ ხსენებული შეგრნება ბედნიერების წინათგრძნობა იყო. მაგრამ ესეც კი მალევე დაავიწყდა. მახსოვრობაში მხოლოდ მოუხელთებელი აჩრდილი დაძრწოდა განცდილისა.

თოვლის გამო მოძრაობა გართულდა და დანიშნულების ადგილამდე, სამსართულიან ვილამდე მხოლოდ საღამოს ათი საათისკენ მიაღწიეს. მიწიდან მთვარის ანარეკლი ანათებდა ყველაფერს. ქეთიმ ამით ისარგებლა და სარკეში ჩაიჭყიტა. ლამაზი  პაჭუა ცხვირი, მწვანე თვალები, ხავერდოვანი კანი, მუქი ფერის თმა. მაკიაჟი წესრიგში. შესაძლებელი იყო ტუჩსაცხის წასმა, მაგრამ ეს არ გააკეთა: მანქანა უკვე გაჩერებულიყო.

სახლიდან მაღალი ჩაფსკვნილი ტიპი გამოვიდა ქურთუქსა და ქუდში. შეიტყო რა სტუმრის სახელი, თავი დაუქნია და შინ შეუძღვა. ვიღაც სხვამ ჭიშკარი გააღო, რათა მანქანა შესულიყო. ერთბაშად აცივდა.

ქეთიმ იმ ადამიანზე იწყო ფიქრი, ვისაც უნდა შეხვედროდა. ის ძალიან მდიდარია. ზღაპრულად მდიდარიც კი. სწორედ მან დაიჟინა, ახალი წლის ღამეს გოგონასთან შეხვედრა, ეს უკანასკნელიც დაინტრიგდა და შედეგიც სახეზე გახლდათ.

შეეცადა ყურადღება მოეკრიბა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, თავისუფლებისა და დღესასწაულის შეგრძნება არ სტოვებდა, არამედ ალაგ-ალაგ უკან იხევდა, ისიც – ცოტა ხნით.

გაახსენდა: დღევანდელი რესპოდენტი არასდროს იძლეოდა ინტერვიუს, მისი სახე არცერთხელ გამოჩენილა ეკრანებსა თუ ჟურნალ-გაზეთებში. რა თქმა უნდა, არც ინტერნეტში.

მასზე ამბობდნენ, უცნაური ადამიანიაო.