პირველ რიგში, ჩემს აზრს გეტყვი: უდიდესი შეცდომაა გათხოვება და მაშინვე დაფეხმძიმება. რატომ? ყველაფერს თავიდან მოგიყვები:

ჩემი ბავშვობის დაქალი 21 წლის ასაკში გათხოვდა მიუხედავად იმისა, რომ არც თვითონ იყო ბოლომდე დარწმუნებული და არც სხვები, მაგრამ მაინც გადადგა ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო ნაბიჯი პირველსავე ხელსაყრელ მომენტში. გათხოვდა და რაღას ვიზამდით, მივულოცეთ და გავაგრძელეთ ცხოვრება. გათხოვებიდან ზუსტად მე-11 თვეს ბავშვი გაუჩნდა. როგორც მერე აღმოვაჩინეთ, ძალიან უნდოდა და „გაიჩალიჩა“ მიუხედავად იმისა, რომ ქმართან ამის თაობაზე უთანხმოება ჰქონდა.

ბავშვის გაჩენიდან წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა და გავიგეთ, რომ დაქალის ქმარს ვიღაც (ამ გოგოს ტოლი) საყვარელი გაუჩენია და მშვენივრად ერთობოდა მასთან ერთად ხან კლუბებში, ხან რესტორნებში და ბათუმის ბულვარშიც უნახავთ რამდენჯერმე.

o-CHEATING-facebook

ჩემს დაქალს დაუდგამს ისტერიკები, მუქარების კორიანტელიც დაუყენებია და ყველა შესაძლო ხერხით სცადა ქმრის „ჭკუაზე მოყვანა“, თუმცა ქმარს ისეთი რკინის არგუმენტი ჰქონდა, რომ ვერაფერს გახდა, მეტსაც გეტყვით, მეც ვეთანხმები.

მისი არგუმენტი კი ასეთი იყო (არაზუსტი ციტირება):

„გეუბნებოდი, რომ ბავშვი ჯერ არ გვინდოდა, შენ კიდევ მეუბნებოდი არ გიყვარვარ და მაგას მაგიტომ ამბობო, მე კიდევ უბრალოდ შენთან ერთად გართობა მინდოდა ჯერ. არ ვარ მზად, რომ სახლში ვიჯდე და ბავშვის ტირილს ვუსმინო.

მე მომწონს შენთან ერთად ცხოვრება, ძალიან მიყვარხარ და მინდოდა ერთად გვქონოდა სასიამოვნო მომენტები, მაგრამ შენ სულ სხვა რამ აირჩიე და სულ ბავშთან გიწევს დროის გატარება.“

აი დაახლოებით ასეთი რამ უთხრა ქმარმა ჩემს დაქალს და ვერც გაამტყუნებ 23 წლის მამაკაცს რომ საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა გართობა, დალევა და კლუბში ცეკვა გათენებამდე.

ვფიქრობ, ბავშვის გაჩენამდე კარგად უნდა დაფიქრდეს წყვილი რა არის მათთვის პრიორიტეტული და რომც არ დაფიქრდეს, მაინც ფაქტია, ბავშვის გაჩენა შესაძლებელია 25, 30 ან 35 წლის ასაკშიც, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად გულს იჯერებ გართობით და კლუბში გათენებით. არასწორად ნუ გამიგებ, თუ ბავშვი ორივე მხარეს უნდა, დარწმუნებულია ამაში და მზად არის პასუხისმგებლობისთვის, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ბავშვის საკითხი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წყვილმა ერთხმად უნდა მიიღოს.

ახლა ჩემი დაქალი მარტოხელა დედაა. გვიან მიხვდა რა შეეძლო ჰქონოდა, თუმცა მან თავისი არჩევანი დროულად და სწორად ვერ გააკეთა, შესაბამისად ახლა უკან დასახევი გზა მოჭრილია. ალბათ ახალგაზრდა დედობა არც ისე ცუდია და მომავალში ისიც იამაყებს საკუთარი თავით და შვილით, თუმცა ფაქტია, რომ გათხოვების ძირითადი მიზანი არ უნდა იყოს ბავშვი და თუ ქალს მხოლოდ შვილის გაჩენა უნდა, ამისთვის ქორწინების გარდა სხვა უამრავი საშუალება არსებობს.