მაინც რამდენჯერ მოდის ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული? ერთხელ? ბევრჯერ? მგონი, იმდენჯერ, რამდენჯერაც შეგიძლია. აი, მაგალითად, ჩემი ახლობელი… თუმცა ამ ამბავს, მოდი, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით:

მარიშას ბავშვობიდან ვიცნობ. ჩემზე ცოტა უფროსი იყო, მაგრამ ყოველთვის მომწონდა მასთან ურთიერთობა – საინტერესო საუბარი იცოდა და საათობით შემეძლო მესმინა. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ვიღაცაზე იყო შეყვარებული. ბიჭებსაც მოსწონდათ, მიუხედავად იმისა, რომ არც მოდელის გარეგნობა ჰქონდა, არც გამომწვევად იცვამდა, და, სხვა გოგოებისგან განსხვავებით, აქეთ-იქით სიარულს სახლში ჯდომა და კითხვა ერჩია.

სკოლა რომ დაამთავრა, სწავლის გასაგრძელებლად, შორეულ ნათესავთან, რუსეთში გაამწესეს. იქ ერთი ძალიან ნიჭიერი, არანაკლებ სიმპათიური და რომანტიკული ბიჭი გაიცნო. მგონი, პირველივე ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. ბევრი აღარ უფიქრიათ, სასწრაფოდ ხელი მოაწერეს, სტუდენტური ქორწილი გადაიხადეს და უმაღლესის დამთავრებისთანავე… ციმბირში გაემგზავრნენ. ზუსტად არ მახსოვს, რაღაც ახალგაზრდული მშენებლობა იყო, ორი წლის შემდეგ ახალშექმნილ ოჯახებს ბინებს ურიგებდნენ – ეტყობა, ამ პერსპექტივით მოიხიბლნენ.

იმ წელს, ზაფხულში, სტუმრად იყო ჩამოსული. უნდა გენახათ, რა აღფრთოვანებული მელაპარაკებოდა ციმბირის აუტანელ ყინვებზე, ორი ნაბიჯის სიგრძე ვაგონზე, სადაც ქმართან ერთად ოჯახურ კერას “აგიზგიზებდა”, მომავლის გეგმებზე და, რაც მთავარია, ერთადერთ, განუმეორებელ და უსაყვარლეს იგორზე, რომლის ბადალი დედამიწაზე არც არავინ ეგულებოდა.

ეჭვი წუთითაც არ შემპარვია, რომ

ყველანაირი გაჭირვება და ციმბირის ყინვაც კი უძლურია ქალთან, რომელსაც სიყვარული შეუძლია!

გავიდა დრო. ბევრი არა – სულ რაღაც, ორი წელი. ამასობაში ოქროსქოჩრიანი ვაჟი შეეძინათ, ნანატრი ბინაც მიიღეს, მაგრამ… იგორის სლავურმა გენეტიკამ ზამთრის სიცივეს ვერ გაუძლო: სმა ჯერ გასათბობად დაიწყო, მერე გასართობად გააგრძელა, ბოლოს კი… ვაჰ, სოფელო! – ტიპურ ალკოჰოლიკად გადაიქცა.

ბევრი ითმინა ახლობლებისგან შორს მყოფმა ჩემმა მეგობარმა, ბევრი იტირა, არც ბრძოლა დაუკლია, არც შეგონება, მაგრამ მეუღლეს ვერც ალკოჰოლისკენ მისწრაფება გაუნელა, ვერც ოჯახისკენ მოუბრუნა გული. იგორის ალკოჰოლიზმი ძალიან მალე პიროვნული დეგრადაციის ფაზაში შევიდა და სული და გონება ერთიანად დაუბნელა. მარიშამ ქმრის უპასუხისმგებლობას, გამუდმებულ შეურაცხყოფას და აურზაურს ვეღარ გაუძლო, ბავშვს ხელი მოჰკიდა და ახალი ცხოვრების დასაწყებად სამშობლოში ჩამოვიდა.

სწორედ მაშინ გაიცნო… გიორგი.

გიორგი საკმაოდ მომხიბლავი, მშრომელი და გონიერი მამაკაცი აღმოჩნდა – ნამდვილი „საჩუქარი“, რომ იტყვიან. მარიშა მთელი გულით შეიყვარა. დიდხანს უარა გარშემო, დიდხანს უმტკიცა, შენს შვილს ნამდვილ მამობას გავუწევ, ზრუნვას არ მოვაკლებო და, ერთხელ უკვე გულგატეხილი ქალი, ბოლოს და ბოლოს ცოლობაზეც დაითანხმა.

თითით საჩვენებელი ოჯახი შექმნეს.

ცოლ-ქმარს, მარიშას ბიჭის გარდა, კიდევ ორი, ანგელოზივით ლამაზი, ჭკვიანი და ჯანმრთელი შვილი მისცა ღმერთმა. თავს არ ზოგავდნენ მყუდრო ოჯახური გარემოს მოსაწყობად. გიორგის პატარა ბიზნესი ჰქონდა. მართალია, ბევრი იწვალა, მაგრამ ცოლის მხარდაჭერითa და გვერდში დგომით, ბოლოს ის ბიზნესი სერიოზულ საქმედ აქცია, რაც ოჯახსაც დაეტყო და მათ ურთიერთობასაც.

ამასობაში 20 გრძელი წელი გავიდა, თუმცა ვერც მარიშას და ვერც მის სიყვარულს დრომ დიდი ვერაფერი დააკლო. ბედნიერი და მხრებში გაშლილი დადიოდა. ერთ უქმე დღეს კი… უახლოეს მეგობართან დაუგეგმავი ვიზიტი ჩაიფიქრა, გაუფრთხილებლად ეწვია და თვალებს არ დაუჯერა, როცა… მის საწოლ ოთახში საკუთარი ქმარი აღმოაჩინა.

თურმე ხანგრძლივი რომანი ჰქონიათ, რომლის შესახებაც, როგორც ხდება ხოლმე, ცოლის გარდა ყველამ ყველაფერი იცოდა.

ეგონა, მოკვდებოდა.

რამდენიმე ხნით აზროვნებისა და მოქმედების უნარი დაკარგა. პირველი მკაფიო აზრი კი, რაც, ხანგრძლივი დეპრესიის შემდეგ, თავში მოუვიდა, განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება იყო.

რას შვრები, თავი არ დაიღუპო, სამ შვილს მარტომ რა უნდა არგო, ან შენი ნაშრომ-ნაღვაწი ვის უნდა დაუტოვო?! ამ ასაკში რაღა დროს განქორწინებაა?! რას იზამ, კაცების ამბავი ხომ იცი…  არ გაბედო და არ გაშორდეო, – დაუშალეს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა.

ქმარიც, როგორც შეეძლო, ბოდიშობდა, თან შიგადაშიგ ჭკუას არიგებდა: სისულელეს ნუ ჩაიდენ, სხვებს შეხედე, აბა, ამისთვის ოჯახს ვინ ანგრევსო? სხვებმა თავისი ცხოვრებისა თვითონ იციან, მე მე ვარო, – თქვა მარიშამ და სასამართლოში განცხადება შეიტანა.

ასეც ვიცოდი:

ყველაფერს მოითმენს, მაგრამ სიყალბეში ვერ იცხოვრებს ქალი, რომელსაც სიყვარული შეუძლია!

გავიდა კიდევ ერთი წელი.

მარიშა თითქოს სხვა ადამიანად გადაიქცა. ხალისი დაკარგა, გარეთ გასვლა აღარ უნდოდა. ტელეფონის ზარს არ პასუხობდა. ტელევიზორს აღარ უყურებდა. გარესამყაროსთან მხოლოდ ინტერნეტი აკავშირებდა და იქაც გამუდმებით საკუთარი უიღბლობის ახსნას ეძებდა – რა დავაშავე, სად შემეშალა, რითი ვერ დავიმსახურე ოჯახური ბედნიერებაო.

უმისამართოდ დასმულ კითხვებს ბევრი მოპასუხე და თანამგრძნობი გამოუჩნდა. განსაკუთრებით ერთი მისი ასაკის მამაკაცი აქტიურობდა… საფრანგეთიდან.

ძალიან ბევრი საერთო აღმოაჩნდათ. ერთ მშვენიერ დღეს კი, მოულოდნელად იგრძნო, გული ისევ კარგად ნაცნობ რიტმში უცემდა. სარკეში საკუთარი თავის დანახვა მოუნდა, თმა მოხდენილად დაივარცხნა, გაიღიმა.

ხვდებით, არა, საით მიმყავს?.. :)

ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ… საქმე იქამდე მივიდა, რომ ცოტა ხანში, სიყვარულის ახსნასთან ერთად, საფრანგეთის ვიზაც მიიღო. “მესტუმრე, უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი, ძალიან ბედნიერი ვიქნები,” – გულმხურვალედ ეხვეწებოდა და თავისთან ეპატიჟებოდა პიერი.

რა სისულელეა, ევროპაში შენნაირი ქალი აღარ დადის?! – არ დაინდეს მარიშა კეთილისმსურველებმა, – “მაგათ ოჯახისა რა იციან, სექსის გარდა არაფერი აინტერესებთ… კიდევ ერთხელ არ გაბრიყვდე. უქმროდ ხომ დარჩი და ახლა შვილებსაც ნუ დაკარგავ… ხომ ხედავ, როგორ უხეშობენ – სულაც არ მოსწონთ უცნობ ფრანგთან საათობით მოსაუბრე დედის ყურებაო.

რა იცოდნენ, რომ

ბედნიერებაზე უარს არასოდეს იტყვის ქალი, რომელსაც სიყვარული შეუძლია!

ასეც მოხდა.

მარიშამ ყველაფერი მოისმინა. არავის შეკამათებია. მერე ბარგი ჩაალაგა, თვითმფრინავის ბილეთი აიღო და ევროპელ სატრფოს მიაშურა. ბავშვივით გახარებული დახვდა თურმე პიერი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ხარ ჩემს ცხოვრებაში. მოდი, ნუღარ გადავდებთ, იმ ასაკში ვართ, ოჯახის შექმნაზე ბევრი აღარ უნდა ვიფიქროთ, ხელი მოვაწეროთ, მერე კი მართლმადიდებლურად მოვინათლები და ბარემ ჯვარიც დავიწეროთ, – დასაკარგი დრო სადა გვაქვს, ისედაც მთელი ცხოვრება გელოდიო.

ზღაპარს ჰგავს, არა? სანამ ქორწილის სურათები არ გამოგზავნა, მეც მიჭირდა ამის დაჯერება. სურათებს რომ დავხედე, აი, მაშინ კი… გოგოებო, გადავირიე – ეს ახალი… ორივე წინა ქმარს ჯობია, არ გატყუებთ!

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და, ჩვენი მარიშა ახლა შუაგულ პარიზში ცხოვრობს. სამაგალითო ევროპული ოჯახი ააწყო – მეგობრული, ხალისიანი, კეთილდღეობითა და სიხარულით სავსე. ყველაფერი ისე კარგად და ლამაზად აქვს, ცდუნებას ვებრძვი, ამ ადგილას მისი რეალური ფოტოების ბმული რომ არ დავაკოპირო. :)

რამდენიმე თვის წინ ნაბოლარას წასაყვანად ჩამოვიდა, სადაცაა სწავლა დაეწყება და პიერი ძალიან ნერვიულობს, ფრანგული საბუთების შეგროვება უნდა მოვასწროთო. უფროს შვილებს აქ თავისი საქმეები აქვთ, მაგრამ საკმაოდ ხშირად და დიდი სიხარულით სტუმრობენ ხოლმე დედასა და უკვე დამეგობრებულ მამინაცვალს. ყველა ძალიან ბედნიერია… ნუ, რა თქმა უნდა, ექსქმრებს თუ არ ჩავთვლით… გულზე სკდებიან და ეგრეც მოუხდებათ.

ჰო, ესეც უნდა მოვყვე…

სანამ ამ ისტორიას კომპიუტერში შევიტანდი, მისი ეფექტის შემოწმება გადავწყვიტე და ყავის დასალევად შეკრებილ ახლობლებს შოკოლადის ტორტთან ერთად დავაგემოვნებინე. მსმენელების რეაქციამ, ხალისიანმა სახეებმა და აქტიურმა რეპლიკებმა დამარწმუნა, რომ ამბავი საინტერესოდ მოეჩვენათ. ნასიამოვნებმა, ის-ის იყო, თხრობის დასასრულებლად, „ჭირი იქა, ლხინი აქა“ წამოვიწყე, რომ ერთმა შემაჩერა, “მგონი, ჩქარობ. მანდ შენ ადგილას, The End-ს კი არა, მე, პირადად, To Be Continued -ს დავწერდიო”…

ბევრი ვიცინეთ. მერე კი სერიოზულად ჩავუფიქრდი. რას გაუგებ, აბა, ცხოვრებას… თუ, ღმერთმა არ ქნას და, ამ ამბავს მართლა დასჭირდა გაგრძელება, მომიწევს ალბათ, ჩემი მეგობრისგან კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია მოვისმინო, რომელიც, სავარაუდოდ, ასე დაიწყება:

„პენსიის ასაღებად გამოვედი… ისეთი თბილი ამინდი იყო, გულმა მონმარტრისკენ გამიწია. ნაცნობ კაფესთან შევდექი და ყავის დალევა გადავწყვიტე. უცებ, პირდაპირ ჩემს ფეხებთან, საუცხოო თეთრი ლიმუზინი შეჩერდა. იქიდან ასაკში შესული, მაგრამ ელეგანტური და დახვეწილი, მამაკაცი გადმოვიდა…“

დანარჩენს, მგონი, თვითონაც წარმოიდგენთ, რადგანაც უკვე მიხვდებოდით:

არასოდეს ბერდება ქალი, რომელსაც სიყვარული შეუძლია!