არ იცოდა რა ექნა, ამიტომ პირველმა აკოცა ყმაწვილს.  რამდენიმე წუთის შემდგომ კვლავ სახლისაკენ განაგრძეს სვლა.

– მოვაწეროთ ხელი შენს საბუთებს და მერე არსად გაგიშვებ.

– უნდა წავიდე. ხვალ პარასკევია და საბუთები ამ კვირაში უნდა იყოს ოფისში. მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ, ძალიან მინდა დარჩენა.

ოცი წუთის შემდგომ ქეთი უკვე მანქანაში იჯდა და ქალაქისაკენ მიეშურებოდა. ახსენდებოდა გამომშვიდობების სცენა:

– მართლა არ შეგიძლია დარჩენა?

– სამწუხაროდ, ისედაც დიდ ხანს შევყოვნდი. მიცდიან…

– ვინ?

– სამსახური, მომხმარებლები, საქმეები. მაგრამ ძალიან მინდა, რომ ჩემთან ჩამოხვიდე. ანაც, ორ თვეში შვებულება მეკუთვნის…

– იქამდე ჩამოვალ, მაგრამ შენი ნომერიც რომ არა მაქვს? მითხარი, ზარს გამოგიშვებ.

გაცვალეს. ყველაფერი კარგად იქნება. ყოველი შემთხვევისათვის,  SMS რომანი გარანტირებულია. დანაკარგის შეგრძნება გაუჩნდა. თითქოს, მოტყუებული დარჩა. მაგრამ, ცხადში ხომ ყველაფერი კარგადაა? ყმაწვილს მშვენიერი დამოკიდებულება აქვს მისადმი და თავადაც…

ტირილი მოუნდა. მძღოლს ახედა სარკეში. ის მამობრივი მზრუნველობით უცქერდა.

– ეს კოლეგებისაგან. მთხოვეს, ახალი წლის ღამეს სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის, როგორც რედაქციის საუკეთესო თანამშრომლისათვის. – ამ სიტყვების წარმოთქმისას მძღოლი გოგონას საყურეებს უყურებდა.

და უცებ გააცნობიერა, რომ ის მას შემდეგ არ უნახავს, რაც სასახლის ეზოში აღმოჩნდნენ… ნუ ხო, საბა ამბობდა, რომ მამამისმა წაიყოლა დილით. ბოდიშების მოხდით. მითუმეტეს, მისთვის იყო უკეთესი, ნორმალურ თანხას გამოიმუშავებდა საახალწლოდ. იმიტომ, რომ… ის ვერ ხვდებოდა, რატომ წაიყოლა მოხუცმა მისი მძღოლი… თავად სტუმრის მესაჭე შვებულებაში იყო?

– ეს თქვენ შემოხვედით ჩემს ოთახში?

– რა თქმა უნდა, მე. იღვიძებ და უცებ – საჩუქარი, რომელიც თოვლის პაპამ მოიტანა. აი, სიურპრიზიც.

გოგონას გაეცინა. რეები არ მოიფიქრა… საიდან მოტანა, რომ მილიონერის შვილს შეიძლება ის შეუყვარდეს? რატომ თავიდანვე ვერ მიხვდა? ყველაფერი იმიტომ, რომ მიეჩვიე მძღოლის არ შემჩნევას.

“ისევ ზღაპრების მჯერა, რით ვერ ვისწავლე ჭკუა”,  მაგრამ უცებ მოაგონდა, რომ ამ მილიონერის ვაჟს რამდნიმე წუთის წინ კოცნიდა და რომ, ყმაწვილი მასთან ჩასვლას დაჰპირდა. საყურეები აქ არაფერ შუაშია.

სრული სისულელე? რეებზე ფიქრობს?!

– უკან გავბრუნდეთ, რაღაც ძალზედ მნიშვნელოვანი დამავიწყდა.

უხმოდ მოტრიალდნენ.

– დიდებული საჩუქარია,  ასეთს არც კი ვიმსახურებ. მადლობა ყველას.

– ყველას უყვარხარ და გაფასებენ… თვითონაც იცი.

– მე კიდევ მეგონა, რომ არ მოგწონდით.

– რატომ? დაგიშავე რამე?

– არა, რა თქმა უნდა. ბოდიში. რაღაც საკითხებში რეალისტი ვარ, მთელ რიგ შემთხვევებში კი ჩერჩეტი. მომიტევეთ.

როცა სახლს მიუახლოვდნენ, გოგონამ საბას ნომერი აკრიფა და ჩამოსვლა სთხოვა. საბუთები მძღოლს მისცა:

– რაღაც კითხვები დამრჩა განსახილველი, – ხმა არ ემორჩილებოდა, – ჩემით დავბრუნდები ქალაქში.

– დარწმუნებული ხარ? გადავცემ, რომ მილიონერმა შეგაყოვნათ…

– კარგი. მადლობა!..

ქეთი თავს დამნაშავედ თვლიდა, უნდოდა კიდევ რაღაცის თქმა, მაგრამ ამ დროს ბიჭი გამოჩნდა. მანქანა დაიძრა.

გოგონა ვაჟს სახით მიუტრიალდა.

– რა კარგია, რომ დაბრუნდი, უკვე მოვიწყინე უშენოდ და მომენატრე.

ქეთიმ კვლავ შეიგრძნო ბედნიერებისა და სიხარულის ზღაპრული წინათგრძნობა. სიმართლე რომ ითქვას, ამ შეგრძნებას იგი არც დაუტოვებია. უბრალოდ, ხანდახან ძალიან მკვეთრი იყო, ხანაც, მიჩქმალული.

ბიჭმა ხელი მოჰხვია და გამოუტყდა, რომ მგონი, შეყვარებული იყო. ნაზად შეაჯანჯღარა მხრებში, ალბათ, სურდა, მისი სიტყვები გოგომდე უკეთ დასულიყო.

– მართლა? მე კიდევ გავაცნობიერე, რომ თუ ახლა წავალ, ყველაფერი ორდინალური გახდება. ყოველივე კი ზღაპრული უნდა იყოს! გესმის?

ყმაწვილი კვლავ ჩაეხუტა ქეთის და თმაზე მოეფერა. ეს უკანასკნელი კი თითის წვერებზე აიწია და ბაგეებს დაეკონა.

გოგონამ გაიფიქრა, რომ ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება.

 დასასრული