დაახლოებით ჩვიდმეტი წლის ასაკში საბასაც შეჰყვარებია. ბოშა.  ისინი უკვე ამ სასახლეში ცხოვრობდნენ, ბოშათა ბანაკი კი გვერდით, ტყეში იყო გაშლილი. ბიჭი მათ დაუმეგობრდა. ხშირად დადიოდა მათთან. უკვე აღარ ახსოვდა სატრფოს სახე, მაგრამ ის კი იცოდა, რომ გოგონა სრულყოფილება გახლდათ.

– ხდება, ბავშვობაში ხშირად გეჩვენება ეგრე. სინამდვილეში კი, ალბათ, ყველაზე ჩვეულებრივი არსება იყო, – წარმოსთქვა ქეთიმ მოსაზრება.

როდესაც ბანაკი აიშალა, ბიჭმა გოგონა დაიყოლია დარჩენაზე. ამხელა სახლში მის გარდა არავინ ცხოვრობდა მუდმივად და ამიტომ, ვერავინ შენიშნა ბოშა.

– სახლში ცხოვრობდა?

– ჩვენ ორი სართული გვაქვს მიწის ქვემოთ. მაგრამ იქ არავინ ჩადის, ხოლმე. ოჯახი ახლაც ნახევრად ცხოვრობს მოცემულ სახლში. ილიას თეატრალური სეზონი რომ ეწყება, გასტროლებზე გადის. მამა და უფროსი ძმა საქმეებზე დამოგზაურობენ. ალექსს მალე სწყინდება და ძირითადად, მხოლოდ მე ვჩერდები მუდმივად.

– სანთლებით?

– როცა მამა არ არის, ნათურებს ვრთავ. – გაიღიმა.

– ბოლოს და ბოლოს,  რა შეემთხვა ბოშას?

– სახლში ნახევარ წელს იცხოვრა, შემდგომ განმიცხადა, რომ წასვლა სურდა და გზას გაუდგა.

– დამშვიდობებისას არაფერი უთქვამს? მაგალითად, მიყვარხარ? ან საერთოდ, რამე?! – ქეთიმ გულში გაიფიქრა, “გამოიგონა თუ მართლა ასეთიაო?”

– არაფერიც არ უთქვამს. წავიდა და მორჩა.

მთელს დღეს სეირნობდნენ. დასახლებამდე ჩავიდნენ. იქ კი საფუნთუშეში წაიხემსეს და კვლავ დაბრუნდნენ ტყეში.

უკვე საღამოსაკენ, როდესაც სახლს უახლოვდებოდნენ, ბიჭის მობილურმა წკრიალი იწყო.

– მამამ დარეკა. უზომოდ უხერხულად გრძნობს თავს და ბოდიშს გიხდის, რომ ვერ გათავისუფლდა. ძალიან გთხოვთ, რომ ხვალამდე დარჩე. შეძლებ?

“მარტო უნდა დავრჩეთ? საინტერესოა, დღეს თუ მოიმოქმედებს რაიმეს…”  – გაიფიქრა სტუმარმა.

გოგონა საკუთარ საძინებელს ესტუმრა. გამოიცვალა, დედაქალაქში დარეკა და შემდგომ ძირს დაეშვა. ბიჭი იქ არ დახვდა. მარტოკამ ივახშმა. სუფრა ვიღაც გოგომ გაშალა, ქეთი მას პირველად ხედავდა. რატომღაც მოერიდა ეკითხა საბას შესახებ.

კვლავ საძინებელში ავიდა და დაიწყო ვაჟის ლოდინი. მაგრამ ის არ მოვიდა. ჩაეძინა. მოეჩვენა, რომ სიზმარში ტიროდა. რატომ? ან ვის მისტიროდა? რაღაც გაუგებარი წყენა აწუხებდა.

მხოლოდ დილით გააცნობიერა, რომ ღამით არავის გახსენებია. მაგრამ არც უფიქრია, რომ ბიჭმა ის უკუაგდო. არცერთი ჩვეულებრივ ქალური აზრი არ მოსვლია თავში. მარტოსულად კი იგრძნო თავი. ძირს დაეშვა, სადაც მარია მაგიდას შლიდა.

– ასე ადრე დგებით? – გაუღიმა გოგონამ. ბიჭზე სურდა ეკითხა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო.

– ბატონი საბა საცაა მოვა.

– წასული იყო?

– დიახ, მამამისთან. რატომღაც გამოიძახა გუშინ.

გოგონას გაახსენდა მისი ვიზიტის მიზანი, მაგრამ რაღაცნაირად უემოციოდ, არაპროფესიულად. ახლა ისინი ყველანი მოვლენ და ქეთი ხელს მოაწერს შეთანხმებას. არადა, სასტიკად არ სურს აქაურობის დატოვება.

საბა მარტო მოვიდა.

– მამა აუცილებლად დაბრუნდება საღამოსათვის და ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ. შენ ოღონდაც არ იდარდო. ალბათ, ქალაქში ბევრი საქმე გაქვს?

– მამათქვენისათვის ყველაფერს გადავდებ. განსაკუთებული მომხიბლველობის მამაკაცია, – თქვა ქეთიმ და იგრძნო, რომ ბიჭს ეს ფრაზა არ მოეწონა. – დღეს წავალთ სასეირნოდ?

– მოგეწონა ჩვენი ტყე?

– მე შენთან მომეწონა.

კვლავ დათოვლილსა და მზიან ბაღს მიაშურეს. ამჯერად, ხელჩაკიდებულბმა.  საუბრობდნენ და საუბრობდნენ. სამი საათისაკენ კი ტელეფონმა დარეკა, მოხუცი ჩამოვიდაო და სახლისაკენ გაბრუნდნენ.

ქეთიმ გააცნობიერა, რომ მორჩა და სულ ეს იყო. მიაღწევენ დანიშნულების ადგილამდე, მისი საქმე სასიკეთოდ მოგვარდება. შემდგომ კი – ქალაქისაკენ ჰერი-ჰერი.