– დილამშვიდობისა, ქეთი. ჩამოჯექით. ყავა და ბუტერბროდები მიირთვით. მარია სადღაც წავიდა. და, მამაჩემმაც დამაბარა თქვენთვის მეთქვა, რომ სასწრაფო საქმეზე გაეშურა. გთხოვათ, დალოდებოდით.

რა გაეწყობა?! მაგიდას მიუჯდა.

– დილამშვიდობისა, – გაახსენდა, რომ პასუხი არ ჰქონდა გაცემული. – სად წავიდა ყველა? გუშინ ვახშმისას ხალხმრავლობა იყო.

– ძმები მიმოიფანტნენ, თქვენს გასართობად მე დამტოვეს.

გოგოს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ყველაფერი მოწყობილი იყო. სპეციალურად წავიდნენ, რათა ეს ორნი მარტო დაეტოვებინათ. ხომ შეიძლება ასეც მოხდეს? საჩუქარი მოართვას, მასთან დარჩეს… რამდენიმე წამში თითქმის დარწმუნებული იყო ამ მსჯელობის სისწორეში.

უპირველესად, ჯერ კიდევ წინა საღამოს შეამჩნია, რომ საბა “სხვანაირად” უმზერდა. აი, ახლაც, “რაღაცნაირად” გახედა გოგონას საჩუქარს და ყურებამდე გაწითლდა. დავაკვირდეთ… უცებ, გააცნობიერა, რომ თითქოს გასართობ თამაშში მოხვდა.

– როგორ აპირებთ ჩემს გართობას?

– შეგვიძლია ვისაუბროთ, გავისეირნოთ…. აქ ძალიან ლამაზი ბაღია. შორიახლოს დასახლებაა.

– თოვლის ბაბუა ხშირად გსტუმრობთ?

– რომელი თოვლის ბაბუა?

– ჩვეულებრივი, წითელი ცხვირით.

ბიჭი კვლავ გაწითლდა, რაღაც ჩაიბუტბუტა ახალი წლის ღამის  სასწაულებზე.

გარეთ ისე არ ყინავდა, როგორც წინა ღამით. თოვლი მზის სხივებზე ლიცლიცებდა. ქეთის მოუნდა საბას მოხიბლვა.  ასეთი პირველად დაემართა. ადრე პირიქით ხდებოდა, ყველა მის “შებმას” ცდილობდა. ხანდახან, ზღაპრიდან რეალობაში ამოყვინთვისას, თავადაც ვერ აცნობიერებდა, თუ რა სურდა.

და მაშინ ეჭვობდა, ისაა თუ არ?

რამდენიმეჯერ წამოიწყო საუბარი სასწაულებზე, რომლებიც, სავარაუდოდ ხდება სახლში, მშვენიერ საჩუქრებზე, რომლებსაც ადგილობრივი თოვლის პაპა ურიგებს უცნობ გოგოებს.  ყოველ ჯერზედ მასპინძელი წითლდებოდა. ასეთი მორცხვი? უცნაურიც კია. ყველაფერი სახეზე აწერია. ახლა ზუსტად იცოდა, თუ ვინ ესტუმრა ღამით.

ქეთი ათვალიერებდა ყმაწვილს: სასიამოვნო სახე. მგონი, ძალზედ კეთილი უნდა იყოს. მამაკაცი, რომელსაც რომანტიული ქმედების ჩადენა შეუძლია, თავისთავად, უკვე განსაკუთრებულია.

ბიჭმა მამამისზე იწყო საუბარი. ისიც თქვა, რომ უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან ჰყავდა და იგი ამჟამად მოხუცის მარჯვენა ხელია. თავად საბასა და ალექსს საკუთარი შემოსავალი აქვთ. რაც შეეხება ილიას, ასაკით მეორე ძეს, თეატრის მსახიობია.

გოგოც მოჰყვა თავის თავზე. უნივერსიტეტი, სამსახური. უცებ გაახსენდა, რომ მას ოდესღაც ერთი ყმაწვილი უყვარდა. როგორ შეეძლო დავიწყება. დილით არც კი ახსოვდა.

თექვსმეტი წლისას ყმაწვილი გაიცნო. ნუ, როგორც წესი, ქუჩის ნაცნობობისაგან თავს იკავებდა, მაგრამ მაშინ ყველაფერი ისე უშუალოდ გამოვიდა…

შორიდან ჩამოვიდა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ერთ კვირას ხვდებოდნენ ერთმანეთს, სანამ ბიჭს გამოცდები ჰქონდა. სახლში სტუმრობდა და საუბრობდნენ. ვერ ჩაერიცხა. ვაკო ერქვა. გოგონამ საგურში გააცილა. ტიროდა. ბიჭმა მატარებლის ბილეთი დააბრუნა. არსად ჰქონდა გასაჩერებელი ადგილი, სადაც მოუხდებოდა, ღამეს იქ ათენებდა. ასე დიდ ხანს ვერ გაგრძელდებოდა, ამიტომ, მალევე დაბრუნდა უკან. გამომშვიდობება ზედმეტი იყო. ან რას ეტყოდა? “დავბრუნდები?” სად?

მოკლედ, სიყვარული იყო.

ჯერ მისი ისტორიის ნახევარი არ ჰქონდა მოყოლილი, რომ იანანა, საერთოდ, რატომ ამოვიღე ამაზე ხმაო. მაგრამ, ბიჭს მოულოდნელად გაეხარდა.

– აი, მე რა შემემთხვა… ისეთი სიყვარული მქონდა!!! – და უცებ სახე რაღაცნაირად ბავშვური გაუხდა.

– რა თქმა უნდა, კაცებს ყოველთვის ყველაფერი უფრო მაგარი გაქვთ…