ქეთის არ შეშინებია. გრძნობდა, რომ ამ სახლში არაფერი ცუდი არ შეეძლო შემთხვეოდა. სუნთქვის ხმა ჩაესმა, ვიღაც იდგა ახლოს. შემგდომ, თითქოს რაღაც დადო ტუმბოზე და გავიდა.

დილით უთენია გაეღვიძა. აღმოაჩინა, რომ ისევ სავარძელში მჯდარიყო. უცებ, ღამის ვიზიტიც გაახსენდა.

ეს რა იყო? იფიქრა, ალბათ, დამესიზმრაო. ტუმბოს დაჰხედა და მწვანე ბარხატის ყუთი შენიშნა. გახსნა – შიგ ბრილიანტის საყურე იდო. იქვე წარწერაც:

“ყველაზე შეუცვლელ ქალბატონს მთელს დედამიწაზე. დაე, ეს სამკაული იყოს თქვენდამი ჩემი სიყვარულის გამომხატველი.”

 

ნეტა, ვინ იყო? მოხუცი? არა… ღამის სტუმარი ძალიან მაღალი იყო, ფართო მხრებიანი.  იქნებ, ვინმე გამოაგზავნა? ქეთი შეეცადა გაეხსენა, მასპინძლის შვილებიდან ვინ როგორი აღნაგობის გახლდათ. უფროსი თავიდანვე გამორიცხა. აი, რაც შეეხება სამ უმცროსს…

ყველაფერი ნახევრად სიზმარში მოხდა. როდესაც ის შემოვიდა, გოგონა სასიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა… თითქოს ათასი ნაცნობი არომატი ერთდოულად მიელამუნა მის ყნოსვის ორგანოს. ერთბაშად ზღაპრული სიმსუბუქეც იგრძნო. ყველაფერი ერთმანეთში იყო გაბნეული:

რეალობა ოცნებაში, ოცნება – ცხადში. ბედნიერების წინათგრძნობა, რომლითაც აქამდე მოვიდა არ ტოვებდა.

ქეთევანმა გადაწყვიტა, რომ მოხუცის რომელიღაც შვილს მოეწონა. რატომაც არა? გუშინ იმდენი კომპლიმენტი უთხრეს. ლამაზიცაა, ჭვიანიც. ხოდა, გადაწყვტა, დაესაჩუქრებინა. მილიონერის შვილის კვალობაზე, ალბათ ეს საყურეები დიდ არაფერია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. რაც მთავარია, ასე უჩვეულოდ, ახალი წლის ღამით… თითქმის ბალიშის ქვეშ.

წინა ღამით ყველას ეცეკვა. უმცროსმა ვაჟმა – ალექსმა რაღაც ჩასჩურჩულა ყურში გამომშვიდობებისას. ის? საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა…

აი, მასზე ოდნავ უფროსიც შეიძლება ყოფილიყო – საბა. 28 წლის. ერთმანეთს გვანან, ნუ, ტყუპებიც არ არიან, მაგრამ… მაგრამ ერთი სიმაღლის და ალექსს გრძელი თმა აქვს.

Bedroom

ამ ფიქრებში გართული უცებ მიხვდა, რომ ოთახიდან გასვლა ეუხერხულებოდა.  რატომღაც… სიმართლე რომ ითქვას, არასდროს ჰყოლია საყვარელი ადამიანი. თავდაპირველად, სწავლა, შემდგომ, სამსახური. სერიოზული ურთიერთობებისათვის დრო აღარ რჩებოდა.  რამდენიმეჯერ სცადა მეორე ნახევრის მოძებნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და შეეშვა. მშობლების დამსახურებით ძალიან ბევრი წიგნი ჰქონდა წაკითხული.  მოსწონდა ლამაზი რომანტიული ისტორიები, მაგრამ ბავშვობიდანვე მიხვდა, რომ ცხოვრება ზღაპარი არ არის და რეალობაში ასე იშვიათად თუ ხდება.

თაყვანისმცემლებზე მალევე უცრუვდებოდა გული. დაქალები აფრთხილებდნენ, რომ ცხოვრებაში გაუჭირდებოდა.

ქეთი ვერაფრით მიხვდა, ვინ შემოუსეირნა ღამით. სავარძლიდან ლოგინისაკენ გადაინაცვლა სადაც კიდევ ერთ საათს დაჰყო, სანამ ტელეფონმა არ დარეკა.

– კი…

– ჯერ არა, მაგრამ მოაწერს. გუშინ იუარა, თქვა ახალი წელია, დღესასწაულიაო…

– ხო, ძალზედ უცნაური ტიპია.

– ეგრევე დაგირეკავ, კარგად.

გენერალური დირექტორი იყო, ღელავდა. მასთან საუბარმა ძალა შეჰმატა, ბოლო-ბოლო სამსახურის საქმეზე იყო მოვლინებით. აბაზანაში შევიდა, შემდგომ ტანსაცმელი გამოიცვალა, ახალ ნაჩუქარი საყურეები გაიკეთა და ოთახიდან გამოვიდა.

არაფერი. არავინ.

სამზარეულოსაკენ გაემართა. იქ კი საბა იჯდა. შუათანა, აი, 28 წლის რომაა და უმცროსს ჰგავს, თუ უმცროსი ჰგავს მას.

ნეტავ, ისა არის თუ არა?