პირველ ცაკვაზე ქეთი მოხუცმა გაიწვია. მუსიკა რომ დასრულდა, გოგონას სურდა თავის ადგილს დაბრუნებოდა, მაგრამ სხვა პარტნიორიც გამოუჩნდა.  მოგვიანებით, ნაზი მუსიკის თანხლებით, ყველანი რაღაც საინტერესოს შესახებ საუბრობდნენ. სტუმარი აცნობიერებდა, რომ დამსწრეთა ყურადღება მისკენ იყო მიმართული, უცქერდა კეთილმოსურნე ღიმილებს, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა ახალი წლის ღამეს.

1

ოთხი საათისაკენ მასპინძელმა უთხრა:

– ალბათ, დაღლილი ბრძანდებით, მარი თქვენი  ოთახისაკენ მიგაცილებთ.

ქეთი დამჯერედ წამოდგა და იქ მყოფთ განუცხადა, რომ მოხარული იყო მათი ნაცნობობისა. აგრეთვე, ღიმილით გადაუხადა მადლობა შესანიშნავი წვეულებისათვის.

უმცროსი ვაჟი მარჯვნივ იჯდა, მიუახლოვდა გოგონას და გადასჩურჩულა:

– რა სიმპათიურად გამოიყურებით, როცა ცრუობთ.

– ალექსანდრე, ნამდვილად სასიამოვნო დრო გავატარე თქვენთან ერთად,  – ასევე ჩუმად უპასუხა სტუმარმა.

შემდგომ, ქალი, რომელიც მაგიდას ემსახურებოდა, ქეთის საძინებლისაკენ გაუძღვა. იქაურობაც სანთლებით იყო გაბრდღვიალებული.

– ბუხარი დავანთე, არ შეგცივდებათ.

მარტო დარჩენილი სავარძელში ჩამოჯდა და დიდ ხანს უცქერდა ცეცხლს. “ძალიან ბევრი შთაბეჭდილებაა ერთი დღისათვის და ყველაფერი ძალზედ უცნაურია,” გაიფიქრა, “ლამაზი ცხოვრება. ძველებური ავეჯი, სანთლები, ბუხარი… რით არიან მისი ვაჟიშვილები დაკავებულნი? იქნებ, მოხუცმა გაუთვალისწინებელ მოთხოვნები წამიყენოს. ” წარმოდგენაც არ სურდა. აზრები რაღაცნაირად ბურანში ხვევდნენ. რატომღაც, გენერალური დირექტორი გაახსენდა… მისი სახე. ისე, არაფერთან დაკავშირებით. და კვლავ მასპინძელს დაუბრუნდა გონებით: “ოღონდაც, მისმა უცნაურობებმა საქმეს არ ავნოს.”

ქეთის ბევრნაირ ადამიანთან ჰქონია შეხება. გაზეთში რეკლამის გაყიდვა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას დაიწყო. უცხო ენების სპეციალისტს მშობლებიც სწავლულები ჰყავდნენ. მამა – ლიტერატურათმცოდნე, დედა – ლექტორი ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. შვილის აღზრდას დიდი სერიოზულობით მოეკიდნენ. ამიტომაც, გოგონამ იცოდა ინგლისური, გერმანული და პორტუგალიური; შეეძლო ზეთის საღებავებით ხატვა, სონეტის შედგენა, პიანინოზე დაკვრა. მაგრამ დიპლომი რომ აიღო, არ მოისურვა რედაქციიდან წასვლა. შემდგომ უკვე, განყოფილების უფროსიც გახდა.

candle on the window

ხალხს დროის უმცირეს მონაკვეთში ატყვევებდა და აჯადოვებდა. ყველაფერს, რასაც აკეთებდა, უდგებოდა, როგორც ხელოვნებას. თავდაპირველად რამდენიმე თვე დასჭირდა გაშინაურებისათვის და შემდგომ რჩევისათვის სტაჟიანი მენეჯერებიც აკითხავდნენ. “ქეთი, როგორ მოვიქცე… ეს როგორ ვქნა? იმას რა ვუყო?” და ისიც ყურადღებიანი იყო ყველასადმი. აკვირდებოდა თითოეულ დეტალს და მისი რჩევები ყველას შველოდა. “ნიჭი გაქვს, ადამიანებში ერკვევი!” უყვარდათ. ეს ყველაფერი არ მოსწყონდა მაშინდელ უშუალო ხელმძღვანელს. სამსახურიდან სურდა გაშვება და გამოსდიოდა კიდეც, მთელი კოლექტივი რომ არ ჩარეულიყო: “ქეთის გარეშე რეკლამის ყველა დამკვეთს დავკარგავდითო!” მოახსენეს მთავარ რედაქტორს და რომელმაც მას მთელი განყოფილება ჩააბარა.

სავარძელშივე ჩაეძინა. ერთ-ერთ ჟურნალში გამოსახული ჰენრი ფორდის სურათი დაესიზმრა. შემდგომ – დიდი ოთახი და მომღიმარი მოხუცი, სუფრასთან მჯდარი ხალხი… მოეჩვენა, რომ ისინი მას განიხილავდნენ და იღიმოდნენ.

ოთახში ვიღაც შემოვიდა. და ეს უკვე სიზმარი არ იყო. გოგონა ვერც კი მიხვდა, როდის შეწყდა ზმანება. მომხვდურმა სანთლები ჩააქრო, თუმცა ბუხარში კვლავ გიზგიზებდა ცეცხლი.