ამასწინად დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი. სალაპარაკოდ ბევრი თემა დაგვიგროვდა და ქალების ფსიქოლოგიასაც გადავწვდით. მან, როგორც მამაკაცმა მკითხა, რა სურთო ქალებს? აღმოჩნდა, რომ პასუხი არ მქონდა…

არსებობენ კარიერაზე, ოჯახზე, ქმარე, საკუთარ თავზე შეყვარებული ქალები, ისეთი უმცირესობაც არსებობს, რომელმაც იცის, რა უნდა, მაგრამ, ალბათ, ყველაზე სასტიკი და სიმართლესთან ახლოს მყოფი პასუხი მაინც ისაა, რომ ჩვენ თვითონ წარმოდგენა არ გვაქვს, რა გვინდა. ეს სწორედ ის საიდუმლოა, რომელსაც არც ერთი საღ გონზე მყოფი ქალი არ გაუმხელდა მამაკაცს.

ჩვენმა უმრავლესობამ ნამდვილად კარგად იცის, რა არ უნდა. ახლაც შეუცდომლად ჩამომირაკრაკებდი ამას. მაგრამ, აბა შევეცდო და ვიკითხო, რა გინდა… დიახ, ბევრს, ჩემი ჩათვლით, ამაზე პასუხი არ გვაქვს. მაგრამ ყველაზე მთავარი ამაში ისაა, რომ არცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ ვერასდროს გავიგებთ პასუხს ამ შეკითხვაზე.
ცხოვრება ძიებაა. ხოდა, ჩვენც ვეძებთ: ვირჩევთ პროფესიას, ვაბამთ და ვწყვეტთ ურთიერთობებს, ვიზრდებით, ვვითარდებით და საკუთარ მეს ვეცნობით…

მამაკაცების უმრავლესობას რატომღაც ჰგონია, რომ ქალები ცხოვრებას ერთი პრინცის მოლოდინში ატარებენ, მხოლოდ კოსმეტიაზე, მოდურ სამოსზე ფიქრობენ და, საერთოდაც, არ ფიქრობენ. და თუნდაც ასე იყოს, რა ხდება მაშინ, როცა პრინცები თავდება და გვრჩება მხოლოდ ცხენები?

ეს სტატია კი მაინც უფრო განსჯისთვისაა, ვიდრე სხვა რამისათვის, ამიტომ თქვენ აზრს ნუ დატოვებთ მოუწერელს. მე, როგორც ქალს, შეიძლება წარმატებული კარიერა მინდოდეს, ან, მყუდრო იჯახის შექმნა და სამუდამოდ წინსაფრის მორგება. ამისთვის ვერც ვერავის გააკრიტიკებ, თავისუფალი ნება ჯერ კიდევ დაშვებულია ჩვენი კონსტიტუციით. მაგრამ რა გჭირდება შენ, მხოლოდ შენ? დაფიქრებულხარ ამაზე? თუ არა, დროა, დაიწყო…

ჩემი და ჩემი მეგობრის დისკუსია ამ თემაზე მის მიერვე მოფიქრებული გამოსავლით დასრულდა. დასკვნა ასეთი იყო, რომ შეუძლებელია ერთი რომელიმე თარგი მოარგო ყველა ქალს. არ არსებობს კლიშე, რომელიც ერთ ფორმაზე მოასწორებდა ყველა მდედრის გონებას. სამწუხაროდ მამაკაცებისათვის და საბედნიეროდ, ჩვენთვის ქალების მოფუთფუთე აზოვნება არასდროსაა ერთნაირი და, მე თუ მკითხავთ, მითი ქალის ხასიათის ცვლილებაზე სწორედაც რომ მითია. ჩვენ, უბრალოდ, არ გვინდა მივხვდეთ ხოლმე რაღაცას, არ გვინდა ჩვენი სურვილების გაგება, გვეშინია მათი…

საუბარში ისიც მოვაყოლეთ, რომ ცალკე, თითოეული ქალი განსაკუთრებული მეცნიერებაა. უფრო ადვილია, აირჩიო ის ერთი და ისწავლო ცხოვრების ბოლომდე. მთავარია, არჩევანში არ შეცდე…
ერთი კარგი, პირადი მეცნიერი, ალბათ, არც ჩვენ გვაწყენდა; ყოველ შემთხვევაში, მე მაინც…