ჩვეულებრივი წვიმიანი დღე იყო და ჩვენც ჩვეულებრივად წავედით ბარში დასალევად. ცოტა სასმელი, ცოტა ლაპარაკი (ცოტა – პირობითად), ცოტა სიცილი, შეიძლება ცეკვაც… დრო ხომ უნდა გავიყვანოთ როგორმე.

როცა ერთი ჩვეულებრივი შინაბერა ხარ, თუნდაც 30-35 წლის, დეპრესიისგან გაქცევის საუკეთესო საშუალება მეგობრებთან ერთად დიეტაზე უარის თქმა, დალევა და ბევრი ლაპარაკია.

სალაპარაკო თემა: ყოველთვის კაცები!!! (იშვიათად ტანსაცმელიც…) ყოფილი, მოქმედი და მომავალი კაცები. ჩვენი სამყარო მამრების გარშემო ტრიალებს.

დღეს შვიდნი ვართ, მრავალეროვანი და მრავალფეროვანი. ამის გამო იმედიც მქონდა, რომ საუბარი ოდნავ მაინც ‘დემოკრატიული’ იქნებოდა.

ვინ თქვა, რომ ქალები ერთმანეთს ვერ იტანენ?

_ უკვე ოცდაათი წლის ვხდები, ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, ცუდიც და კარგიც, იმედგაცრუებაც და ბრწყინვალე გამარჯვებაც, მაგრამ საბოლოოდ მაინც ხვდები, რომ ამ ყველაფრისგანაც საჭიროა დასვენება. მოგინდება თავი მყუდროდ და დაცულად იგრძნო, გყავდეს შვილი, ქმარი, რომელსაც მოუვლი და თუნდაც ის ყოველდღიური ბანალური რუტინა – გათხოვებას რომ ახლავს თან – მოგინდება!..

_ შენ უბრალოდ მარტოობის გეშინია, ბოლოს როდის შეხედე კაცს ყურადღებით?

_ საქმე ამაში არ არის…

_ საერთოდ არ შეიძლება ამაზე მსჯელობა, როცა არც ერთხელ არ გამოგიცდია ქმრის უღელი ცხოვრებაში!

_ მაგაში გეთანხმები, ყველაფერი მომხიბვლელია თავიდან, საქორწინო სამზადისი, თაფლობის თვე, მოსიყვარულე ქმარი… მაგრამ როგორც კი შვებულებას ვადა გაუვა, მაშინვე იგრძნობ, რომ შეიძლება ოქროს, მაგრამ მაინც გალიაში ამოყავი თავი და საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ მოწყენილობით სიკვდილი გელოდება…

_ არადა არსებობს უარესი პერსპექტივებიც…

_ ჩემი აზრით აზვიადებთ, არ შეიძლება ყველა კაცის ერთ ქვაბში მოხარშვა. მაგალითად მე…

_ ეი, ეი, ეი! შენი შემთხვევა სულ სხვა იყო, ვიცი რასაც გულისხმობ. ის მართლაც რომანტიკული ადამიანია, იმდენად რომანტიკული, რომ მასზე გათხოვების შემთხვევაში მისი “ძვირფასი დედიკო” აუცილებლად ‘გიშვილებდა’…

_ დედამთილი უკვე ნამდვილი კოშმარია!

_ შენ ამას არ უნდა ამბობდე, შენი საცოდავი ქმარი სიდედრთან ერთად ცხოვრობს, ვერ გამიგია როგორ იტანს.

_ ჰეიი, დედაჩემი ძალიან კარგი ქალია, სახლშიც მეხმარება, ზედმეტს არასდროს ლაპარაკობს (ირონიული ღიმილი) და ჩემი ქმარიც არაა მისი წინააღმდეგი; მისი დედა კი… ეს მართლა მეტისმეტი იქნებოდა.

_ იცით პრობლემა რაშია? კაცი თუ მხოლოდ საყვარლის სტატუსით გყავთ, ეს არაფერი, მაგრამ როცა კაცისთვის მომავალი ქმრის სტატუსის მორგებას ცდილობთ, ყოფილებიდან არავინ გაკმაყოფილებთ და ახლის ძებნას იწყებთ. ამ ახალს ისე მიჰყვებით, მის გაცნობაზე არც კი ფიქრობთ. მერე აღმოჩნდება ხოლმე რაღაც რაღაცეები და გაოცებულები ახამხამებთ თვალებს, ‘კი მაგრამ’…

_ ასეთი პათეტიკა საიდან?

_ პათეტიკა არაფერ შუაშია! ჩემი აზრით მხოლოდ ქალური კუთხით რომ ვუდგებით საკითხს, იმიტომ ვერ მივდივართ დასკვნამდე.

_ მამაკაცებს ქორწინება არ უყვართ.

_ ეს ვინ თქვა?

_ რა სისულელეა!

_ მოკლედ, მთავარია დაიმახსოვროთ: კაცს, რომელსაც ცოლად მიჰყვებით, კარგად უნდა იცნობდეთ. მასთან ცხოვრება ქორწინების შემდეგ კი არა, აუცილებლად მანამდე უნდა დაიწყო და მერე უკვე ყველაფერი კარგად იქნება.

_ არის ამაში რაღაც ლოგიკა.

_ “რაღაც ლოგიკა”? დიდი მადლობა. :დ

_ იცი რა? მთავარია ერთმანეთს თავი არ მოაბეზრონ, ერთმანეთისთვის საინტერესონი უნდა დარჩნენ, ამისათვის კი ერთბაშად გაცნობა არაა საჭირო.

_ ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები გამოგვაქვს.

_ რასაკვირველია, თქვენ ორნი ერთმანეთს არაფრით არ ჰგავხართ, კანის ფერითაც კი! :დ

ვაპირებდი ეს საუბარი რაიმე კალაპოტში მომექცია, მაგრამ ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა. სწორედ ის მირეკავდა, ვისი ხმის გაგონებაც ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა…