Home ურთიერთობები

სანამ ხელები თბილი მაქვს

ისევ ისე თენდება დილა, ისევ ისე ვავლებ ძილმორეულ თვალებს  ჩემს ოთახს, ისევ ისე ანათებს მზე. სასიამოვნო ამინდია, თუმცა იმდენი ძალა მყოფნის, რომ თავს ვწევ, მაინც უკან, ლოგინში ვბრუნდები და კიდევ ერთხელ ვცდილობ ძილი შევიბრუნო. მე ხომ წინა ღამის უძილობით გამოწვეული ტანჯვა გადავიტანე: მთელი ღამე ბორგვაში გავატარე. როცა ბოლოს და ბოლოს ვხვდები, რომ უნაყოფოა ჩემი ჩაძინების ცდა, ფეხზე ვდგები, უკმაყოფილო იმით, რომ გამოძინებას ვერა და ვერ ვახერხებ და კიდევ ერთხელ თავს ვიმტვრევ იმაზე ფიქრით, რა ხერხს მივმართო, რომ ტკბილი სიზმრების ქვეყანაში მეც სხვებივით გადავინაცვლო. მერედა რა ტკბილია ის ქვეყანა, რას აღარ ნახავ იქ…

ფანჯარას ვაღებ და დილის სუფთა ჰაერს ოთახში ვუშვებ. შემოდგომის უკანასკნელი დღეა, ნოემბრის ბოლო, მაგრამ ჩემს ფანჯარასთან მდგომი ჭადარი მთელი გულმოდგინებით ცდილობს არ გასცვივდეს დიდრონი, მუქი, ნარინჯისფერი ფოთლები, ხანშიშესული პრანჭია ქალივით, იაფფასიანი ბიჟუტერიით და კოსმეტიკით რომ იტყუებს თავს. მზე ისე ლამაზად, ნაზად, ნაღვლიანად ანათებს… შუადღის 12 საათია.

ჩემმა კატამ თავისი მყუდრო სავარძლიდან წამოყო თავი. მიბნედილი მზერა მე მომაპყრო, მერე გემრიელად გაიზმორა და რაწამს დაინახა, რომ ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, უკან გამომყვა. აპრეხილი კუდის თანხლებით შემობრძანდა სამზარეულოში და საუზმის მოლოდინში ყვითელი თვალები შემომანათა. მე ელექტროჩაიდანში წყალი ჩავასხი და ჩავრთე, კატისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. სახლი ცარიელია. ამ სიცარიელეს რაღა თქმა უნდა მარტო ჩემი ალერსიანი პირუტყვი, ლუსი ვერ ავსებს.

ლუსი კატას მაშინ დავარქვით, როცა სულ პატარა, თეთრი თოვლის გუნდა მომიყვანეს, სახელის შერჩევაზე ბევრი ვიფიქრეთ, ბოლოს კი ორივე შევთანხმდით მისთვის ლუსი დაგვერქმია, შენი ინგლისურის მასწავლებლის გამოსაჯავრებლად ავირჩიე ეს სახელი. ლუსი თავმომწონე კატაა, იცის თავისი ქურუმული გარეგნობის ფასი, თეთრი, ფითქინა ქურქით შემოსილი ქალბატონივით დგას და საჭმელს ელოდება, თან თათებს მოუთმენლად ათამაშებს. „უნდა დამელოდო“, მივმართავ პატარა, უტყვ ქალბატონს და აბაზანაში შევდივარ. ლუსიც მელოდება. ცხელ შხაპს ვიღებ,  კბილებს გულმოდგინედ ვიხეხავ და თეთრ, ფუმფულა ხალათში გახვეული ვბრუნდები სამზარეულოში. „სად გირჩევნია ყავა დავლიოთ?“ – ვეკითხები ჩემს ოთხფეხა მეგობარს, რომელიც ისევ სამზარეულოში მოცუნცულებს. ჭკვიანი ქარვისფერი თვალებით მიყურებს, თუმცა, რაღა თქმა უნდა, პასუხს არ მცემს. ისიც უნდა დავძინო, რომ პასუხის გაცემაც რომ შეეძლოს, მის პასუხს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, ტრადიცია მაქვს საუზმე ყოველთვის პატარა სასადილოში ოთახში მივირთვა, რომლის კარი აივანზე გადის.

ჩემთვის რძიან ყავას ვიმზადებ, რძის ნაწილს კი ლუსის ვუსხამ პატარა, ყვავილებით მოხატულ ლამბაქში. ლამბაქს ძირს ვუდგამ, აივნის კარებს ვაღებ და მოხერხებულად ვკალათდები სკამზე.  ნოემბრის სუსხი  ოთახში იჭრება და პირისახეში მცემს,  უფრო ვითბუნები ხალათში და ყავას ვხვრეპ. ცა საოცრად ლურჯია, კამკამა. რა გაცვეთილ ფრაზად ჟღერს ეს სიტყვები: ცა საოცრად ლურჯია… მაგრამ ალბათ ნამდვილად ამას გულისხმობენ ხოლმე მწერლები, როცა სურთ წიგნებში ცის ასეთი მშვენიერი პეიზაჟი აღწერონ. ლურჯი ცის ფონზე ჩამუქებული შენობების კონტურების თვალიერება მიყვარს.
დილის იდილია. მე და კატა. მე და ლუსი.. ლუსის მალე ბეზრდება ჩემი კომპანიონობა და მშორდება,აივანზე გადის, მზეს რომ მიეფიცხოს. ყავას ბოლომდე ვსვამ, დილა მართლაც რომ ფანტასტიკურია. უნაზესი რევერანსით ვესალმები შემოდგომის უკანასკნელი დღის დილას. რევერანსს ვაკეთებ, ფინჯანი გასარეცხად მიმაქვს, მერე ჩასაცმელად მივდივარ. ვიცვამ და გავდივარ. ..

ქუჩაში ხალხი რომ მაშტერდება, თავს უხერხულად აღარ ვგრძნობ. მე დიდი ხანია შევეჩვიე ჩემი საოცრად თეთრი და გაფითრებული სახის ფერს და არც სარკეში ჩახედვა მზარავს ძველებურად. ხალხი მიყურებს. მე არ მიკვირს. ცოტა უცნაურად ეჩვენებათ ალბათ შავი თმისა და შავი პალტოს ფონზე ჩემი მკრთალი,თეთრი პირისახე. მე მივდივარ. იმ ადგილას მივდივარ, სადაც ადრე ერთად დიდხანს ვმჯდარვართ და ათას სისულელეზე გვილაპარაკია. მე ისევ იმ სკამს ვეძებ, ცარიელია. წარმოვიდგენ შენს სილუეტს, ვითომ ისევ ისე ზიხარ და მელოდები. მე გვერდით მოგიჯდები. ცივი საზურგის შეხება ტანში უსიამოვნო ჟრჟოლას მგვრის. გარშემო ხალხი არ მოძრაობს. ირგვლის სულ ფოთლებია, ყვითელი, ყვითელი ჭყეტელა ფოთლები და მე თავი პირქუში ხეების საბრძანებელში მგონია, ძღვნად რომ მოურთმევია ეს ამდენი ფერად-ფერადი პასტელის ფერის გაცრეცილი ფოთლები. და მე გელაპარაკები. შენ მისმენ, ოღონდ არაფერს მეუბნები. მე უბრალოდ წამოგიდგენ, აი შენ ზიხარ და მე გელაპარაკები. შენ უბრალოდ მისმენ, მე შენს სახეს წარმოვიდგენ, რას მეტყვი ის კი ვეღარ წარმომიდეგნია. მე უბრალოდ შენ მყავხარ გვერდით.

მზეს სახეს ვუშვერ და თვალებს ვხუჭავ. მეჩვენება, რომ უკვე ცალკე სამყაროში ვინაცვლებ, იმ სამყაროში საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან… და ვამბობ: „მოდი. მოდი ჩემთან, მოდი, სანამ ხელები თბილი მაქვს, სანამ ხელები ჯერ ისევ თბილი, ჯერ ისევ თბილი მაქვს…“

5 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?