internet-dating-photo

ვირტუალური სამყაროს მნიშვნელობის ზრდასთან ერთად სულ უფრო ფერმკრთალდება ზღვარი ვირტუალურსა და რეალურს შორის. ადამიანები მეგობრებს სოციალური ქსელების საშუალებით ეკონტაქტებიან, ორგანიზაციები საკუთარი პროდუქტის საზოგადოებისთვის გასაცნობად აქტიურად იყენებენ ვირტუალურ სამყაროს, და ბოლოს, ჩვენი მშობლების და მათი მშობლების თაობისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ დღეს ადამიანები ვირტუალურ ურთიერთობებსაც იწყებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანს ურჩევნია სანამ ადამიანს თავის ცხოვრებაში შემოუშვებს, ჯერ ვირტუალურ სამყაროში იცხოვროს მასთან ერთად. ჩემთვის რთულია წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება შემიყვარდეს ადამიანი, რომელსაც მხოლოდ სოციალური ქსელით ვიცნობ. თუმცა მქონია შემთხვევა, როცა ერთი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი, რომელთანაც ახლაც ვმეგობრობ.

გავიცნოთ გოგონა, რომელიც ცხოვრობს ქვეყანა “X”-ში, ჰყავს შვილი და აქვს იმედგაცრუებული ურთიერთობის გამოცდილება. გოგონა ვირტუალურ სამყაროში ხვდება ბიჭს, რომელიც ჭკვიანი და თავაზიანია, საკმაოდ სიმპათიურიც. ისინი ბევრს საუბრობენ. ბოლოს გოგონა ბიჭს სიყვარულში გამოუტყდება და ეტყვის, რომ მასთან შეხვედრა სურს. ბიჭი ჰპირდება რომ რამდენიმე კვირაში მოინახულებს და შემდეგ შვებულებაზე ქვეყანა “X”-ში გამგზავრებას გეგმავს.

ბიჭი ჩემი მეგობარია, რომელიც მიყვება, რომ რამდენიმე გოგონასთან აქვს ვირტუალური ურთიერთობა და ერთ-ერთის მონახულებას აპირებს. ვირტუალურ ურთიერთობებთან ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების გამო, რამდენიმე კითხვა მიჩნდება.

კითხვა: რატომ სჯობს ვირტუალური ურთიერთობა რეალურს და რა მოხდება თუ შეხვედრისას აღმოაჩენ, რომ ამ ადამიანთან არაფერი გაქვს საერთო, ვირტუალურ სამყაროში ხომ ყველას შეუძლია იყოს ის, ვინც სურს?

პასუხი: მთავარია ვირტუალურად დაწყებული ურთიერთობა მალევე გადაიზარდოს რეალურში, ვირტუალური დასაწყისი კი საშუალებას გაძლევს ზედმეტი დროის და რესურსების ხარჯვის გარეშე გაიცნო და შეაფასო ადამიანი, შემდეგ კი გამოვა, ან არ გამოვა. ზოგადად, ადამიანები რეალობაში უფრო ნაკლებს უზიარებენ ერთმანეთს, ვიდრე ვირტუალურად.

კითხვა: ამაში გეთანხმები, მაგრამ რა მოხდება, თუ შეხვდები და სულ სხვა ადამიანს აღმოაჩენ?

პასუხი: არსებობს ამის საფრთხეც, მაგრამ ძირითადად, უხერხულობა სწრაფად გაივლის. შეუძლებელია ყველაფერი, რაც მითხრა, ტყუილი იყოს.

კითხვა: ვირტუალური ურთიერთობის დაწყება იმიტომ ხომ არ გადაწყვიტე, რომ რეალურმა არ გაამართლა?

პასუხი: ვირტუალური ურთიერთობის დაწყება გადავწყვიტე მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ ადამიანების პოვნა რეალურ ცხოვრებაში რთულია, მეტ დროს და რესურსს მოითხოვს. მთელი იდეა არის ის, რომ საუკეთესო შეარჩიო რამდენიმე ვარიანტიდან და აქციო რეალობად. თუმცა მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობის მომხრე არ ვარ.

სანამ შევაფასებთ, მინდა ჩემი მეგობრის შესახებ რამდენიმე სიტყვა გითხრათ: ძალიან მგრძნობიარეა, ჭკვიანი და თავაზიანი, ხშირად უყვარდება და ვფიქრობ, თუ ოდესმე ვინმე ამ სიყვარულს სათანადოდ დაუფასებს, მას ძალიან ბედნიერ ქალად აქცევს. ზოგადად, ქალებს მოსწონთ, მაგრამ ჯერ ვერ შეხვდა ისეთს, მისი ღირსი რომ იქნებოდა (ჩემი აზრით).

თუ ვირტუალური ურთიერთობა იმაში დაეხმარება, რომ ღირსეული შეარჩიოს, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ვფიქრობ, ის რაც დროის დაზოგვად მიაჩნია, საბოლოოდ მაინც დროის ფუჭი კარგვაა. ვისაც გყვარებიათ, ალბათ დამეთანხმებით, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გამოიყურება ადამიანი, რომ შეგიყვარდეს. მეცნიერებმა რომ არ გვითხრან, ეს პირადი გამოცდილებიდანაც ვიცით. ძირითადად პირველ შთაბეჭდილებას ქმნის მანერები, ჟესტიკულაცია და საუბრის ტონი, ვიდრე საუბრის შინაარსი.

ჩემი ძვირფასი მეგობარი ალბათ თავად გაიგებს ამართლებს თუ არა მისთვის ურთიერთობის ასე დაწყება. თუმცა ეჭვი მაქვს, აზარტი და ინტერესი, რომელიც ვირტუალურ ურთიერთობებს თან სდევს, რეალობაში ძალიან სწრაფად გაქრება. ამიტომ ამ გზით მხოლოდ დროებითი პარტნიორის პოვნაა შესაძლებელი.