როგორ იქცევი მაშინ, როდესაც ურთიერთობა, რომლის გამოც ამდენი იბრძოლე, ამდენი დათმე, ამდენი იშრომე, ნელ-ნელა უფერულდება და ამას უკვე ორივე ამჩნევთ?

როგორ იქცევი მაშინ, როდესაც ბრძოლა მოგბეზრდა, იმედი გადაგეწურა, ოცნებები წყალში ჩაგეყარა, ილუზიები დაგემსხვრა, რეალობას შუბლით შეასკდი და ხვდები, რომ ის “ერთადერთი” კი არა, უბრალოდ “ერთ-ერთი” აღმოჩნდა? თანაც, მისი ბრალი სულაც არაა. ის არსად ჩქარობდა, დინებას მიჰყვებოდა, ზედმეტს არ ლაპარაკობდა, გრძნობებს არ ჰყვებოდა, არ გიმტკიცებდა, რომ “ერთადერთი” იყო. მის ყოველი საქციელი ამტკიცებდა მის “ერთ-ერთობას” და შენ მაინც ჯიუტად თავს აჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ზედაპირზე ხდება, შიგნით სიღრმეში კი ყველაფერი სხვაგვარადაა.

როგორ იქცევი მაშინ, როდესაც გული გიგრძნობს, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაშორდებით. და ეს მოხდება უფრო “ადრე”, ვიდრე – “გვიან”. უფრო “მტკივნეულად”, ვიდრე – “მშვიდად”.

როგორ იქცევი, როცა ხვდები, რომ ურთიერთობას ვადა გაუვიდა?

missing_you

იქნებ შენ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი და დრო უკეთესის მოლოდინში ტყუილ-უბრალოდ არ უნდა გაწელო? იქნებ მის წვალებას თავი უნდა დაანებო და შენც კარგად დაფიქრდე, რა გინდა მომავალი ურთიერთობებისგან? იქნებ დაშორებისგან მოყენებულმა ტკივილმა მიგახვედროს, რომ არსად წასვლა არ გინდა? რომ ეს ვადაგასული ურთიერთობა გირჩევნია უმისოდ ყოფნას.

იქნებ სავარჯიშო დარბაზში უნდა წახვიდე და მოწოლილი ემოციები სარბენ ბილიკზე დატოვო? იქნებ საცურაო კოსტუმი უნდა ჩაიცვა და წყალს შეაფარო თავი?

იქნებ უბრალოდ უნდა გაჩერდე? გაჩერდე და გაჩუმდე.

იმიტომ, რომ ტკივილი, რომელსაც დაშორება მოგიტანს იმაზე უფრო დიდი იქნება, ვიდრე ეს გაუფერულება. იმიტომ, რომ იქნებ სინამდვილეში “ვადის გასვლის” მერე იწყება ნამდვილი ზრდასრული ურთიერთობა. ვნებათაღელვების და ერთმანეთზე დამოკიდებულების გარეშე. იმიტომ, რომ იქნებ ეს “ვადის გასვლაა” ის მისტიკური საზომი, რომლითაც ნამდვილი სიყვარული იზომება და რომელსაც თუკი დაძლევ, უფრო მეტს მოიმკი.

იქნებ მას უნდა დაუთმო პირველი ნაბიჯის უფლება? კაცია მაინც.

ან იქნებ სიყვარული არ არსებობს?

scariest_thing