ბიჭები გეპატიჟებიან პაემანზე და მერე უკვირთ, რატომ არ გინდა მასთან განმეორებით შეხვედრა. ქალები ბუნებით რომ რომანტიკოსები ვართ, ეს უკვე აღვნიშნე სხვა სტატიებში. ამიტომ, როცა პაემანზე მივდივართ, ყოველთვის გვინდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ის ღიმილით გვახსენდებოდეს. არა მარტო ასე: “კი, პაემანი გვქონდა და სახინკლეში ვიყავით”. დაგვამახსოვრდა, მაგრამ იმ კუთხით არა, როგორიც საჭირო იყო, დაახლოებით ასე: “შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორი საღამო გავატარე!” – თვალების მოწკურვით და სახეზე ბედნიერი ღიმილით იხსენებ. ასე რომ ბიჭებო და გოგონებო, ცხელ-ცხელი რჩევები თქვენთვის, იმედია რომელიმე აუცილებლად მოგეწონებათ და ცხოვრებაშიც განახორციელებთ.

ქალაქის ხედით დატკბობა

გიფიქრია ცოტათი მაინც ადგილზე, საიდანაც  ქალაქს მზის ჩასვლისას გადმოჰყურებ, როგორ ლამაზად ციმციმებენ ქალაქში სინათლეები. ქალაქის ხმაური ძლივსღა აღწევს შენამდე და შენ თითქოს სადღაც ცასა და მიწას შუა ხარ გამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში გამოგადგება ნარიყალა და მთაწმინდის პარკი.

paemani

წყალთან

წყლის ხმა პირადად ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებს, მახსოვს ერთხელ ზღვაზე ყოფნისას ზღვა საოცრად აღელვებული იყო და ოთახში ვერავინ დაიძინა ჩემს გარდა, ყველა ეშინოდა, მე კი ძალიან ბედნიერი ვიყავი, ზღვის ხმა რომ მესმოდა. მთლად ასეთი აღელვებული ზღვა არ გამოგადგებათ, მაგრამ პიკნიკი მდინარესთან, ტბასთან, ნაკადულთან ძალიან სასიამოვნო იქნება, თავისთავად ზღვა საუკეთესო ვარიანტია. უბრალოდ ამ შემთხვევაში უნდა გაფრთხილდე და ამინდი წინასწარ შეარჩიო, ხომ არ გინდა ქარმა მთელი ქვიშა საჭმელში ჩაგიყაროს.

შენობების სახურავები

ალბათ გინახავს კინო, სადაც წყვილები ერთმანეთს გასაოცარ სადილს უწყობენ სანთლების შუქზე და მუსიკოსებით და ეს ყველაფერი რომელიღაც შენობის თავზე ხდება. მგონი კარგი იდეაა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ წინასწარ ამ შენობის დაცვას რომ მერე პრობლემები არ შეგექმნათ.

შეიძლება ეს იყოს საზოგადოებრივი შენობები მუზეუმის ან კინოთეატრის მსგავსი, ან არადა მსგავსი რომანტიული საღამოს მოწყობა ნებისმიერი შენობის სახურავზე შეიძლება მოეწყოს. პირადად ვიყავი ამ რამოდენიმე დღის წინა ჩემი კორპუსის სახურავზე ამძვრალი და საკმაოდ კარგი ადგილი არის, თან ხედიც მშვენიერია, მთავარი პრობლემა სახურავზე ასავლელი უნდა იყოს კარგი, რომ ამ ყველაფერმა დაზიანებების გარეშე ჩაიაროს.

paemani

სცენაზე

უცნაურია  სადილი სცენაზე, მაგრამ ნამდვილად შეიძლება მისი განხორციელება. წარმოიდგინე რომანტიული სადილი ღია ამფითეატრის სცენაზე. თუ არ ვცდები, ამისთვის მზიურში ან მტაწმინდის პარკში რომ სცენა არის, ის სრულიად თავისუფლად გამოდგება. წინასწარ მოგიწევს შემოწმება თუ თავისუფალია და ცოტა მონდომება, ნებას აუცილებლად დაგრთავენ. სიყვარულს ხომ წინ ვერაფერი დაუდგება.

გალერეა

დარწმუნებული ვარ, ქალაქში ადვილად მოიძებნება ისეთი გალერეები, რომლებიც დიდი სიამოვნებით მოგაქირავებენ დახურვის შემდეგ თავის ფართს რამოდენიმე საათით. სთხოვეთ, იქნებ დარჩნენ ცოტა ზედმეტად სანამ თქვენ სადილს შეექცევით, იქნება სულაც სამუშაო ჰქონდეთ რამე მოსაწესრიგებელი და შეპირდით რომ მათაც აუცილებლად გამოუყოლებთ რამეს. გარემო მშვენიერია, შეგიძლიათ თემატური გალერეაც შეარჩიოთ თანამედროვე ხელოვნების, თუ ტრადიციული ქსოვის ნიმუშების ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რაც მთავარია ამინდზე დარდი არ მოგიწევთ და წესით მუსიკალური გაფორმებაც უნდა ჰქონდეთ რისი გამოყენებაც შეგიძლიათ.

paemani

პარკები, მდელოები და სხვა ადგილები

ცოტას თუ მოინდომებ, აუცილებლად გაგახსენდება რაიმე საინტერესო ადგილი, რომელზეც გითქვამს, რომ აქ ჭიქა ღვინით ჩამოჯდომა საყვარელ ადამიანთან ერთად ძალიან სასიამოვნო იქნებოდა. ჰოდა, მოუხმე წარმოსახვას და უამრავი იდეა მოგივა, რომელიც უბრალოდ უნდა ჩაინიშნო და მერე აუცილებლად გამოიყენო.

paemani

მოკლედ ადგილი შევარჩიეთ, მაგრამ პაემნისათვის მზადება ამით არ დასრულებულა. სრულყოფილი პაემნისათვის თქვენ კიდევ დაგჭირდებათ:

  • პატარა მაგიდა;
  • სკამები;
  • მაგიდის გადასაფარებული (აუცილებელია);
  • უკეთესია, თუ ხელსაწმენდები ერთჯერადი კი არა, ნაჭრის იქნება;
  • თეფშები;
  • ჭიქები;
  • თასები;
  • დანა-ჩანგალი და კოვზებიც არ უნდა დაივიწყო;
  • ჩანთა ამ ყველაფერის ჩასალაგებლად (ფრთხილად იყავი ჭურჭელთან);
  • რა თქმა უნდა, სანთლები და სასანთლეები (სასურველია ორი სანთელი);
  • მუსიკალური გაფორმებისათვის მუსიკალური ცენტრი, მობილური, MP3 ფლეიერი, აქ უკვე შენ შესაძლებლობებზეა;
  • ასანთი და ფანარი, ასანთი სანთლებისათვის და ფანარი უკან დაბრუნებისას რომ იფრთხილოთ;

რაც შეეხება საჭმელს, რაც შენ და შენს საყვარელ ადამიანს გაგიხარდებათ. სახლში ბებიის გამომცხვარი ნამცხვრიდან დაწყებული (ისე, ბებიაჩემი არასოდეს მიცხობს არაფერს, ჩემით ვცდილობ),  თქვენი საყვარელი რომელიმე რესტორნის საჭმლით დამთავრებული. თუ გინდა, რომ საჭმელი მაგიდაზე მიტანისას თბილი იყოს, პატარა ხრიკს გასწავლი: ის ჭურჭელი, რაშიც საჭმელი დევს, შეახვიე პირსახოცში ან ჭურჭლის ტილოში და სითბოს დიდი ხნით შეინარჩუნებს.

ბედნიერი დროის გატარებას გისურვებთ! :)

P.S. არ დაგავიწყდეს ბოლოში ყველაფრის ალაგება, ნაგვის დატოვება კარგი საქციელი არაა!