Home ურთიერთობები

უკვე დიდი ხანია, მამაკაცის ნამუსის საზომად ულვაშს აღარავინ იყენებს, თუმცა მათი ქართველი უმრავლესობა ჯიუტად და შეუვალად მისდევს რწმენას, რომ ქალის სინდისი და პატიოსნება ერთი პატარა ანატომიური წარმონაქმნის… მიხვდით, არა?.. დიახ, დიახ, საქალწულე აპკის არსებობაზეა დამოკიდებული.

მსგავს მიდგომას რაღაც ახსნას კიდევ მოუძებნი, როცა საუბარი 16-17 წლის მოზარდებს ეხება, მაგრამ როცა საზოგადოება 30-40 წლის პიროვნებასაც იგივე მოთხოვნას უყენებს, სიტუაცია წარმოუდგენელ აბსურდამდე მიდის.

არა, ისე არ გამიგოთ, თითქოს ქალიშვილობის ინსტიტუტის წინააღმდეგ ხმალამოღებული მებრძოლი ვიყო. სრულიადაც არა. მე თუ მკითხავთ, სატელევიზიო ეკრანიდან, ფილმებსა თუ რეალითი შოუებიდან აღვირახსნილი სექსის პროპაგანდა (უკეთეს სახელს ვერ დაარქმევ) ახალგაზრდებზე ფსიქოლოგიური ძალადობის ზუსტად იგივენაირ გამოვლინებად მიმაჩნია, როგორც მათთვის სასიყვარულო რომანების კითხვის ან შეყვარებულთან ტელეფონზე საუბრის აკრძალვა… მაგრამ თუ მამაკაცს ვერ გაუგია, რომ უმანკოება ადამიანის სულის თვისებაა და არა სხეულის, ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემები აქვს და, „უნამუსო“ ქალების შერისხვის ნაცვლად, ექიმისთვის მიემართა, ნამდვილად არ აწყენდა.

აკრძალული ხილი

ვერავის აუკრძალავ, ამ და ნებისმიერ სხვა, საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი იქონიოს, მხოლოდ ამ უფლებას ნურც ქალებს წავართმევთ. როგორც მამაკაცს, ქალსაც ისეთივე უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ქორწინებამდელი სექსუალური გამოცდილება და ამისათვის საზოგადოებრივი აზრი არ უნდა განიკითხავდეს.

ჩემი აზრით, არჩევანის უფლების წართმევა პიროვნების წინაშე ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულია, ხოლო საზოგადოებას, რომელიც ამას ეგუება, მაღალგანვითარებულის პრეტენზია ვერ ექნება. ამიტომ მეტი უნდა ვიფიქროთ პირად პასუხისმგებლობაზე, როცა ამა თუ იმ ღირებულების გადარჩენას ან დამკვიდრებას ვცდილობთ – საზოგადოებრივი აზრი ხომ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობით იქმნება.

მაგალითად, უკვე საუკუნეებს ითვლის შეხედულება, რომ ქალის მიერ ცოლ-ქმრული სარეცელის სიწმინდის დარღვევა უპატიებელ ცოდვად ითვლება მაშინ, როცა მამაკაცს ამგვარი ქმედება, დიდი-დიდი წინდაუხედაობაში, უფრო ხშირად კი, უწყინარ „სიცელქეში“ ჩაეთვალოს. მგონი, ზედმეტი არ იქნება, შეგახსენოთ, რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად ამ ე.წ. „სიცელქეს“.

გარდა, ყველასთვის ადვილად წარმოსადგენი, მორალური ტრავმისა, მეუღლის ღალატის შედეგად რომ ღებულობს, ქალი ბევრი სხვა საშიშროების წინაშეც დგება. ყველაზე საგანგაშო სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია, რომლებიც დასაწყისში მამაკაცისთვის თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ქალის ჯანმრთელობას კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ვენერიული სნეულებები უშვილობის ან ბავშვთა პათოლოგიების გამომწვევ მიზეზადაც იქცევა ხოლმე, ხოლო ეს ყველაფერი, დამეთანხმებით, ისევე ანგრევს ქალის ცხოვრებას, როგორც ღალატით გამოწვეული გულისტკივილი.

გაუპატიურება

გაუპატიურება

რაკი ამდენ „საჩოთირო“ თემას შევეხე, ორიოდე სიტყვას სექსუალური ძალადობის შესახებაც ვიტყვი – სექსუალური ძალადობის, რომელსაც… არც მეტი, არც ნაკლები, ქმარი მიმართავს! გაგიკვირდათ? ე.ი. არ იცოდით, რომ ფხიზელ თუ არაფხიზელ მდგომარეობაში, ქალის თანხმობის გარეშე, მასთან სექსუალური კავშირის დამყარება ძალადობად ითვლება და, სხვათაშორის, კანონითაც ისჯება.

წარმომიდგენია, რა შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს საშუალო სტატისტიკური ქართველი მამრი, თუ მას ბრალად ცოლის გაუპატიურებას წაუყენებ :). ჩვენს რეალობაში, ნამდვილად იშვიათობას წარმოადგენს ამ თემაზე გამართული სასამართლო პროცესები, თუმცა ამით არც პრობლემის არსი იცვლება და არც სიხშირე. დასჯით კი, ისევ და ისევ ქალი ისჯება. სასჯელი სხვადასხვა სახის ფიზიკური თუ ფსიქიკური მოშლილობა, იძულებითი აბორტები და მათი თანამდევი გართულებებია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აგრესია, რომელიც დამცირებული, შეურაცხყოფილი და ღირსებაგათელილი ქალის სულში წვეთ-წვეთად გროვდება, შენელებული მოქმედების ბომბივითაა და ადრე თუ გვიან აუცილებლად იპოვის გამოსავალს. გამარჯვებული კი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ მოზეიმე უსამართლობაა!

32 კომენტარი to this post
  1. რეალობა რომელიც სამწუხაროდ საზოგადოების ძალიან მცირე %ს სტკივა.

  2. მე ვფიქრობ რომ ამ ყველაფრის სათავე ქალის მამაკაცზე ფინანსურად დამოკიდებულებაა. როცა ძლიერი, ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ ბევრად იოლია უსიყვარულო უღელიდან თავის დაღწევა ვიდრე იმ ქალისთვის ვინც შეიძლება ისედაც სუსტია და თან ყველანაირად მამაკაცზეა მიჯაჭვული და ეშინია მარტო ცხოვრების დაწყება.

  3. ქალებს არამარტო სექსუალური, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაც ძალიან უჭირთ ჩვენს რეალობაში. სწორედ ამას ეძღვნებოდა ჩემი წინა სტატია http://pink.ge/articles/career/butterfly/ სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს აზრს მის შესახებ.

  4. არა მგონია, საქმე ასეთ ფატალურ შემთხვევასთან გვქონდეს :) უბრალოდ, მეტი აქტიურობაა საჭირო საკუთარი პოზიციის დასაცავად.

  5. Ketevan Gogiashvili ყველაზე საწყენი ისაა რომ არამარტო უფროსი თაობა,ჩემ თაობასაც ეგ მენტალობა აქვს და ეს უფრო მაძლევს იმის საბაბს რომ ეს არ გამოსწორდება ))

  6. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი… სულ რამდენიმე ადამიანის აზროვნება ან საქციელი თუ შეიცვლება, ეს უკვე შედეგია. ყველა ერთნაირად კი არასოდეს იფიქრებს :)

  7. Ketevan Gogiashvili საბოლოო ჯამში ყველა ერთმანეთს უყურებს და ისე იქცევა რომ მისმა მეზობელმა იზომ რამე არ თქვას :))) ამიტომ რთულია იცხოვრო ისე როგორც შენ გინდა,თუმცა მე ამას მაინც ვახერხებ :დ

  8. ზუსტად მასე ვფიქრობ, თუმცა გათხოვილი არ ვარ, მაგრამ ქართველებში განსაკუთრებით ჩვეულებრივ აღიქვამენ, ანუ ქმარს უფლება აქვს, აბა ს/გ როგორ იქნება? ძალადობის მიუხედავად. ძალიან რთული თემაა, ქალებივე არ ამბობს რომ მასზე ძალადობენ. კაცებს რომ კითხო არასოდეს მოექცევიან არაკაცულად, ასე არ შეუძლიათ და ა.შ.

  9. "არჩევანის უფლების წართმევა პიროვნების წინაშე ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულია" ეს არის ის რაშიც ჩვენი შეხედულებები აბსოლუტურად ემტხვევა ერთმანეთს, თავად მეც ვცდილობ სადა სიტყვა მიმიწვდება დავამტკიცო, და დავაჯერო საზოგადოება, რომ არ შეიძლება თავს მოახვიო ვინმეს შენი სექსუალური თავისუფლება ან პირიქით შენს პურიტანიზმს შესწირო ვინმე. პიროვნებამ, ამ შემთხვევაში ქალმა თავად უნდა გადაწყვიტოს რა სურს, როგორი ცხოვრება და არა საზოგადოებამ გადააწყვეტინოს.
    რაც შეეხება მამაკაცებს იმდენად ურთიერთასაწინააღმდეგო აზრები მოსდით თავში, რომ გაგიჟება შეიძლება, ხანდახან ვფიქრობ, რომ თავად არ იციან რა უნდათ, დაბნეულები არიან და შესაბამისად ქალებსაც სერიოზულად გვაბნევენ.

  10. მაგდა, ძალიან სასიამოვნოა იმის გაგება, რომ არა მარტო ჯანსაღად აზროვნებთ, სიტყვითაც ცდილობთ თქვენი პოზიციის დამკვიდრება-განმტკიცებას. უმეტესობა ამას თავს არიდებს. რაც შეეხება, მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მამაკაცებმა თვითონაც არ იციან, რა უნდათ, გამეღიმა… ჩემი სტატიების კომენტარებში მამაკაცები ზუსტად იგივენაირ შეფასებას აძლევენ ხოლმე ჩვენს საქციელს :) ყველაფერი კი, ალბათ, იმის ბრალია, რომ ჩვენ შორის არასაკმარისი კომუნიკაციაა. რატომ? ალბათ, გადავეჩვიეთ ან ჯერ არ გვისწავლია პრობლემური საკითხების ერთად, ურთიერთდადანაშაულებისა და პრეტენზიების გარეშე, ერთმანეთის პოზიციის გაგებითა და პატივისცემით მოგვარება.

  11. Ketevan Gogiashvili ალბათ მასეა, ზოგადად ბევრი რამე გვაქვს სასწავლი, თუმცა მთავაი ის არის, რომ მე მზად ვარ და იმედია სხვებიც :)))

  12. ეს მარადიული პრობლემაა, არა მგონია რამე ეშველოს, ქალიშვილობის თემა ისეთივე აქტუალურია ახლა როგორც 30 წლის წინ იყო.

  13. მაპატიეთ ამ გამონათქვამისთვის მაგრამ , ,,აქაჯბთან" და ,,ჩამორჩენილებთან" ბრძოლას აზრიც არ აქვს, ასეთებს ჯობია ცალკე კუნძული მივაკუთვნოთ და თავ – პირი ულეწიათ,

  14. sazogadoebis masiuri gasvla evropul qveynebshi, chemi azrit xels uwyobs qartuli mentalitetis shecvlas uketesobisaken. vfiqrob rom seqsualuri urtiertoba aris bunebrivi, ara aqvs aravitari kavshiri uxamsobastan da ar shizleba sheqmna ojaxi naadrev asakshi imis gamo rom am bunebrivi motxovnilebis dakmayofilebis survili gagachnia. chemi azrit am mcdari shexedelebis saboloo ganadgurebas arc ise didi dro chirdeba, rogorc chven warmogvidgenia.

  15. samcuxarot bevri kidev ganicdis am cnexis qvesh cxovrebas…unda daimsxvres mamakacshi mozaladeobrivi saqcieli…icit bevri qalbatonis saubari momismenia da zogjer ase mgonia mxolod movaleobis miznit arian meugleebtan qalic unda iyo aqtiuri sheni cxovrebit tu tavs miushveb verasodes ver idgebi iq sadac aris sheni adgili…me chemi cxovrebit kmayofili var ….iqneb bevri fufuneba ar maqvs magram ra c dro gadis ar icviteba urtiertoba piriqit isev is elferi aqvs da minda shevinarchuno bunebrivad bolomde….(ratqmaunda orive ese vzrunavt am urtiertobaze

შენ რას იტყვი?