ეფექტური კომუნიკაციისთვის საუბარი, უფრო ზუსტად კი, ერთ ენაზე საუბარი რომაა საჭირო, მაგას ჯერ კიდევ გამოქვაბულში მცხოვრები ჩვენი თმაგაბურძგნული და, ბოროტ ენებს თუ დავუჯერებთ, ოთხით მოსიარულე წინაპარიც მიხვდა.  მართლაც და, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენს ან რამდენად ჭკვიანურად იმეტყველებ, თუ თანამოსაუბრეს შენი ენის ინჩიბინჩი არ გაეგება.

translatori

აჰა, მოგწერე ეს ლამაზი სიტყვა „ఐ లవ్ యు“. გაიგე რამე? ვერ გაიგე. ვერც მე გავიგე ვერაფერი, არადა, თურმე „მიყვარხარ“ მითხრეს, თავის დროზე. წარმოგიდგენია? !

ეს ახლაა ადვილი: მიაკითხავ GOOGLE-ს მთარგმნელს და არა მარტო ყოველდღიურად მოსახმარ ენებს, ზემოთ მოხმობილ ტელუგუს, ჰინდის და სუაჰილისაც კი გადაგითარგმნის, დაუზარებლად და უპრობლემოდ, თუმცა…

არც ეგრე მარტივად უნდა იყოს საქმე.

დიდი ხანია, აღმოვაჩინე, ქალებს და მამაკაცებს, თუნდაც საერთო მშობლიური ენა ჰქონდეთ, ერთიდაიმავე სიტყვებიდან სულ სხვადასხვა აზრი გამოაქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთიდაიმავე აზრის გასაგებად სიტყვათა სულ სხვადასხვაგვარი კომბინაციის მიწოდება ესაჭიროებათ.

მაგალითად, იგივე „მიყვარხარ“ ქალისთვის ნიშნავს, რომ:

მამაკაცი მზადაა, მასთან ერთად მენდელსონის მარშს ბოლომდე და გულწრფელი აღტაცებით მოუსმინოს, კუბოს კარამდე უერთგულოს, სახლი აუშენოს, ბაღი გაუშენოს, ბავშვების ამქვეყნად მოვლინებასა და გაზრდა-აღზრდაში მიეხმაროს, სიდედრი დედასავით შეიყვაროს… აღარ გავაგრძელებ, შენც კარგად იცი, რა ღრმა და ყოვლისმომცველ აზრს ვდებთ ამ სიტყვაში.

მამაკაცისთვის კი… სიტყვა „მიყვარხარ“, შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, გაცილებით მარტივი მნიშვნელობისაა და „ეუბნება“, რომ:

„მზად ხარ, მასთან სექსი გქონდეს! სასურველია – დაუყოვნებლივ! აუცილებელია – ვალდებულებების გარეშე!“

ნუ დაიჯერებ, თუ არ გინდა. ხოლო თუ გჯერა…

მოდი, ახლა იმაზე ვისაუბროთ, რა სიტყვები ვიხმაროთ, საჭიროების შემთხვევაში, რომ ჩვენი სურვილები მათთვისაც ადვილად გასაგები და, რაც უფრო მთავარია, ხალისით ასასრულებელი გახდეს. რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ, დანარჩენს კი, დიდი იმედი მაქვს, ალღოს რომ აუღებ, უკვე თავად გადათარგმნი.

ავიღოთ, არცთუ იშვიათად მოსახმარი ფრაზა: ჩასაცმელი აღარაფერი მაქვს.“

როგორ გგონია, მამაკაცი, მრავალგზის გამეორებისა და განმარტების გარეშე, თავისით მიხვდება, რომ ფულს (თანაც, მის ხელფასზე გაცილებით დიდ თანხას) სთხოვ?

ვერაფერსაც ვერ მიხვდება.

translatori1

აი, სად გჭირდება pink.ge-ს ონლაინ მთარგმნელი, რომელიც ამ ფრაზის მამაკაცისთვის გასაგებ ენაზე სწრაფად გადათარგმნაში დაგეხმარება:

„გინდა, ყველაზე ლამაზი ცოლი გყავდეს? ყველაზე, ყველაზე… შენს გვერდით ასე ჩაცმული ვერ გამოვჩნდები!“

პირობას გაძლევ, ამ სიტყვებს თუ მაინცდამაინც გახურებული საფეხბურთო მატჩის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის დროს არ ეტყვი, აუცილებლად გაიგებს და გაიაზრებს. უფრო მეტიც, იმაზე ფიქრსაც არ დაიზარებს, როგორ მოახდინოს მათი ცხოვრებაში რეალიზაცია.

აბა, კიდევ ერთი ფრაზა ვცადოთ:

„ბავშვი მინდა!“

თუ მამაკაცი შენ გვერდით უკვე საკმაო დროის მანძილზეა და მსგავსი თხოვნით თვითონ არ მოუმართავს, იოტისოდენა იმედიც არ უნდა იქონიო, რომ ამ სიტყვებს ყურში შეუშვებს და გულამდე გაატარებს. არაფერი მსგავსი. მისი გულის აძგერება სულ სხვა სიტყვების ზემოქმედებითაა შესაძლებელი:

„ბავშვის გაჩენა საშინელებაა, მაგრამ როცა გვერდით ასეთი მამაკაცი გყავს, შენს თავზე აღარ ფიქრობ – მზად ხარ მისი გენის გასაგრძელებლად ისეთი გმირობაც კი ჩაიდინო, როგორიც მშობიარობაა. შენი შვილი შენსავით სრულყოფილი იქნება!!!“

დაამატე ამას საჭირო ინტონაცია, მიმიკა, სხვა ქალური ზიზილ-პიპილები და შანსი იმისა, რომ შენი თხოვნა მოსმენილი, ხოლო როგორც ამის ლოგიკური გაგრძელება, შესმენილიც იქნება, თვალსა და ხელშუა, საფუარგარეული ცომის გუნდასავით, გაიზრდება.

translatori

„არ დააგვიანო“ თარგმანში, დაახლოებით, ასე უნდა ჟღერდეს: „როცა გინდა, მოდი, მხოლოდ გახსოვდეს – უშენოდ არ ვიძინებ.“

„ჭურჭლის დამშრალებაში მაინც მომეხმარე!“ – „მოდი, ჩვენ ორისთვის აბაზანას მოვამზადებ, მანამდე კი, დრო რომ არ დავკარგოთ, ჭურჭელი დაამშრალე.“

„მაცივარში აღარაფერია, იქნებ ინებო და ბაზარში გამოიარო“ – „რამდენი ხანია, შენთვის ხინკალი არ გამიკეთებია. კარგი ლუდი გვაქვს…  სამსახურიდან ბაზარში რომ გამოგევლო, წესიერ ხორცს აარჩევდი. ჰო, მართლა… აი, სია და წვრილმანებიც გამოაყოლე.“

„ნუ ყრი ჭუჭყიან წინდებს აქეთ-იქით, კბილის პასტას თავღიას ნუ დატოვებ, სარკეს საპარს ქაფს ნუ აშხეფებ… „

ეეჰ, ეს ის შემთხვევაა, მთარგმნელსაც რომ დააბნევს… თითქოს ამის თარგმნას რა უნდოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ, თავის დროზე, სათანადო განმარტებების მიცემაზე შენმა დედამთილმა არ იზრუნა, ამ სიტყვებს ვერანაირ ენაზე ვერ გააგებინებ :). ყოველ შემთხვევაში, იმაზე ბევრად მეტი ძალისხმევა დაგჭირდება, ტანსაცმლის მილაგებასა და დასვრილი სარკის გაწმენდაზე რომ დახარჯავ.

ასე რომ, თავად აირჩიე.

წარმატებები – კომუნიკაციასა და ძლიერი სქესის პრივატიზებულ წარმომადგენელთან ბედნიერ თანაცხოვრებაში! ;)