ტოქსიკური სიყვარული, ანუ იგივე რაც არაჯანსაღი, ცუდი, დაძაბული ურთიერთობა. ჩაწერეთ გუგლში „toxic relationship-ს” და უამრავ სტატიებს, ცუდი ურთიერთობის ნიშნებს, ტესტებს, რჩევებს ამოგიგდებთ. თუმცა რათ გინდა ამდენი სტატიები და ტესტები, თუ ყველამ კარგად ვიცით რას ნიშნავს კარგი და ცუდი ურთიერთობა.

ერთის მხრივ მარტივი ჩანს: ფილმები, წიგნები, უამრავი ქალური ჟურნალები, მშობლები, მეგობრები გვკარნახობენ და გვასწავლიან როგორი უნდა უყოს ქალის და მამაკაცის ურთიერთობა. ყველას თავისი შეხედულებები აქვს, მაგრამ საფუძველი ერთია: ურთიერთობა ჩემი მეგობრის თქმის არ იყოს „სიამოვნებას უნდა განიჭებდეს და არა დისკომფორტს“.

უკვე რამდენიმე თვე ერთად ხართ. ერთი სიტყვით, შენ კარგი გოგო ხარ, ისიც კარგი ბიჭია. სიყვარული განსაკუთრებული ისტორიით დაიწყო. ეიფორიას გრძნობ, დაფრინავ, ბედნიერი ხარ, ყველაფერი ფერადია და რასაც ხელს მოკიდებ, კარგად გამოგდის, მსოფლიო შენია. შენ ერთი ხარ მისთვის და ისიც შენი ყველაზე დიდი სიყვარულია. დროის უმეტეს ნაწილს ან სულ მცირე- თავისუფალ დროს ერთად ატარებთ. თუ არადა,  ერთმანეთს უგზავნით სმსებს, ტელეფონზე საუბრობთ, გონება მხოლოდ მასზე ფიქრობს. ეს ყველაფერი მხოლოდ სიამოვნებაა.

გადის დრო – დღეები, თვეები, ერთი წელი, თუნდაც მეტი,  ერთმანეთის უკვე ყველაფერი იცით, მიეჩვიე მას  და მის გარეშე ვეღარ ძლებ. ისევ მასზე ფიქრობ, იმ განსხვავებით, რომ ის ეიფორია რომელიც დასაწყისში იყო, სადღაც გაქრა და მის ნაცვლად  უკმაყოფილებით ხარ შეპყრობილი.  როგორც ისევ და ისევ ჩემი მეგობარი იტყოდა, “დისკომფორტს განიცდი”.

სათანადო ყურადღებას აღარ გაქცევს, რაც ძალიან გაღიზიანებს. შეხვედრების ინიციატორი შენ ხარ. რომ დაგირეკოს და შეხვედრა გთხოვოს, ყველა საქმეს გვერდზე გადადებ და შეხვდები. ის კიდევ იგივეს არ იზამს. აღარ ჩამოვთვლი პატარა უსიამოვნებებს, კამათებს, სკანდალებს, ან კიდევ რამდენჯერ აუხსენი, რომ ეს ის არ არის რაც უნდა იყოს და შენც და ისიც მეტს იმსახურებთ.

რატომ ხდება რომ მიჯაჭვულები ვართ ისეთ ბიჭებს, რომლებიც ისე არ გვექცევიან და გვაფასებენ როგორც საჭიროა? ეს კიდევ არაფერი, ზოგი შეცდომებზეც არ სწავლობს და როცა  ასეთ ურთიერთობას ამთავრებს, მისი შემდეგი ურთიერთობაც ისევ იგივე სცენარით ვითარდება. როგორ კარგადაც არ უნდა დაიწყოს ურთიერთობა, საბოლოოდ გულნატკენი ხარ და ისევ განიცდი უკმაყოფილებას.

აღმოჩნდა რომ, როდესაც თავს ვერ ვიძვრენთ ურთიერთობისგან, რომელიც უკვე დიდი ხანია დიდ სიხარულს აღარ გვანიჭებს ან კიდევ სულ ისეთ ბიჭებთან ვიჭერთ საქმეს, რომლებიც სათანადოდ არ გვაფასებენ, ამ დროს ქვეცნობიერად (და არა მხოლოდ ქვეცნობიერად) ვცდილობთ მოვაგვაროთ პრობლემები მასთან ვინც გვაყენებს ტკივილს ან კიდევ წინა ურთიერთობაში ვინც გვაწყენინა. შესაბამისად ახალ ურთიერთობაში შენს საქციელს არ (ან ვერ) ცვლი და ისევ ისე იქცევი როგორც ადრე იქცეოდი:

გაუთავებელი წუწუნი, კამათი, საუბრები, დრამა. საბოლოოდ ისე მთავრდებოდა, რომ ურთიერთობა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის. ხან ძალიან კარგად ხართ და ხან ძალიან ცუდად. ასეთ კაცებზე თურმე უფრო მიჯაჭვულები ვართ ემოციურად.

ჩემის აზრით და არა მარტო ჩემი, ბევრი ჭკვიანი ადამიანისგან მსმენია, რომ ზომირებაა საჭირო ყვეალფერში. ყველამ ვიცით, რომ ხანდახან ბიჭებს არც ისე კარგი თვისებები ახასიათებთ (არც ჩვენ ვართ უნაკლოები), მაგრამ არსებობს მთავარი მინიშნებები, რომ შენი ბიჭი ცუდია შენთვის. ყველაფერი მისაღებია, იქამდე სანამ ურთიერთობასთან ერთად შენ თავს მუდმივად ცუდად გრძნობ. ეს იმის ნიშანია რომ რაღაც სწორად არ არის. რა თქმა უნდა მხოლოდ შენ იცი თქვენს ურთიერთობაში რა ხდება, მაგრამ მიაქციე ყურადღება თუ მეგობრები და შენი ახლო ადამიანები გიწუნებენ არჩევანს.

წარმოიდგინე, როგორი შეიძლება იყოს შენი ცხოვრება 10 წლის მერე, თუ ისევ ამ ადამიანთან ერთად იქნები.

გადაწყვეტილება შენზეა.

თუ გინდა რაღაც შეცვალო, უნდა დაიჯერო, რომ რაც შენს თავს ხდება ის არ არის, რაც სიყვარული უნდა იყოს.