ახალ წელს, დღესასწაულებზე ხშირად, ხელში ტელეფონს ვიღებთ და საყვარელ ადამიანებს მისალოც შეტყობინებებს ვუგზავნით. ამ მომენტში ჩვენი ყოფილი მამაკაცებიც გაგვხსენებია და წამიერად, ან თუნდაც დიდი ხნით ჩავფიქრებულვართ – მიგველოცა თუ არა მათთვის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდა ჩვენი ურთიერთობა.

“ახალ წელს ჩვენ გასულ პერიოდს გადავხედავთ და რა თქმა უნდა, იმედიანად შევცქერით მომავალს. ამ დროს გვახსენდება ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ.” – აღნიშნავენ ფსიქოლოგები – “თუმცა მოგონებები ჩვენი შინაგანი რეალობაა, ხოლო დარეკვა ან წვეულებაზე შეხვედრისას მისვლა და გასაუბრება, ეს უკვე ქმედებაა, რომელშიც სხვა ადამიანებიც ერთვებიან“.

შესაძლებელია, ყოფილ მამაკაცთან თუნდაც მეგობრული ურთიერთობის აღდგენაში ჩვენდა უნებურად, ახლანდელი პარტნიორიც გავრიოთ. გაუთვალისწინებელი შედეგები თავიდან რომ აიცილო, პირველივე „შემოტევას“ ნუ აჰყვები. ჯერ გაიაზრე, წარმოიდგინე რას ელი მისგან და რა გინდა მიიღო შენი მოქმედების პასუხად. „ჩვენ ახლობლები ვართ და ნაცნობ-მეგობრებს ხომ ვულოცავ“ – მიზეზი არ გამოდგება. ყოფილი საყვარლები – ეს ურთიერთობების სულ სხვა ტიპია. შეხედე სიმართლეს თვალებში…

მეგობრებად დარჩენის მცდელობა – საკუთარი თავის მოტყუებაა.

texting

მიიღე საბოლოო გადაწყვეტილება

ჩვენი გრძნობები პარტნიორისადმი არ ქრება ზუსტად იმ მომენტში, როდესაც დაშორების გადაწყვეტილებას ვიღებთ. მით უმეტეს, თუ ის ჩვენ მაგივრად მიიღეს. კლინიკური ფსიქოლოგი გვიყვება:

„დრო უნდა გავიდეს, რომ ყოფილმა ურთიერთობებმა ტკივილი აღარ გამოიწვიოს ჩვენში და სრულიად ჩაბარდეს წარსულს, ანუ მოგონებად გარდაიქმნას. როდესაც ეს მოხდება, მე ჩემს თავს შევხედავ წარსულში, თითქოს გვერდიდან ვუყურებდე“.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ მხოლოდ ამ მომენტის გადალახვის შემდეგ ღირს სხვა ადამიანთან ურთიერთობების დაწყება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ საკუთარი თავისთვის ორმაგი სამუშაოს გაწევა მოგვიწევს: ერთსა და იმავე დროს ვებრძოლოთ წარსული ურთიერთობებისგან შემორჩენილ გრძნობებს (არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურად) და ვაშენოთ ახალი. ეს დიდი ზეწოლაა, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად გვხვდება ურთიერთობების მსგავსი სცენარი. თუ ხშირად გაწუხებს ფიქრი, დაურეკო თუ არა შენს ყოფილს, ესე იგი ბოლომდე ვერ დაგისრულებია ურთიერთობა. ესე იგი, შენი სურვილი თავი შეახსენო ადამიანს, ნიშნავს, რომ გსურს ურთიერთობის განახლება.

თუნდაც გონება გვეუბნებოდეს, რომ ყველაფერი წარსულშია, სხეულის მეხსიერება რჩება. ამიტომაცაა, რომ ვღელავთ, ვწითლდებით, როდესაც ნაცნობ ხმას გავიგებთ, ნაცნობ სურნელს შევიგრძნობთ, მის ღიმილს და ნაცნობ ჟესტებს დავინახავთ.

დიდი ალბათობით, ის დეტალები, მომენტები, რის გამოც ერთად იყავით, არსად გამქრალა. კონფლიქტი, თუ ხასიათების შეუთავსებლობა, რაც დაშორების მიზეზი იყო, დროთა განმავლობაში შეიძლება გაუფერულდეს. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ შენ ან შენმა პარტიორმა განვლილი დროის მანძილზე ახალი გამოცდილება მიიღეთ და ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებთ. ამის გაგება კი მხოლოდ გამოცდილების შედეგად შეიძლება.

55555

იმოძრავე წინ

ხშირად, ფორმალური მოლოცვის პასუხად, ჩვენ ვიღებთ არა უბრალოდ ტექსტს, არამედ ვიგებთ ინტონაციას, დამოკიდებულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორი რეაქცია ექნება მას, იქნება პასუხი ლაკონური და მშრალი, თუ გულითადი და მრავლისმეტყველი. ამ პასუხის გაგებით, ჩვენ ვიმედოვნებთ დავადგინოთ, თუ რამდენად არის ეს ადამიანი მზად ხელახლა დაგვიახლოვდეს, განაახლოს ურთიერთობა და ა.შ.

არის მომენტები, როდესაც გვსურს, ჩვენი ყოფილი მამაკაცებისთვის კვლავ სურვილის და ოცნების ობიექტები ვიყოთ, რომ მათ სურდეთ ურთიერთობის განახლება, თუნდაც ეს ჩვენ შეგნებულად არ გვინდოდეს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ…

ამით ვიმაღლებთ თვითშეფასებას

ხშირ შემთხვევაში, ქალებს (მეტად, ვიდრე მამაკაცებს) გვჩვევია საკუთარ გარეგნობაში, მომხიბვლელობაში დაეჭვება. ამიტომაც გვურს და სასურველია ხშირად დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ უბრალოდ ერთჯერადი ცხოვრებისეული ეპიზოდი კი არა, უნიკალური, საუკეთესო გამოცდილება ვიყავით მამაკაცის ცხოვრებაში და მასში მნიშვნელოვანი კვალი დავტოვეთ. ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგები გვირჩევენ არ დავურეკოთ ჩვენს ყოფილებს, არამედ შევეცადოთ ვიპოვოთ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რის გამოც ჩვენვე ვცემთ საკუთარ თავს პატივს, რადგან ეს რაღაც აუცილებლად არსებობს.
Love Yourself
არის მომენტები, როდესაც ყოფილი ურთიერთობებისგან ჯერ ბოლომდე ვერ გავთავისუფლდით, ტკივილი კვლავაც რჩება; უარესი – ჩვენში შურისძიების, ჯავრის გამანადგურებელი გრძნობა შემოიპარება და გვიბიძგებს გავარკვიოთ (და ვაღიაროთ, გაგვიხარდეს კიდეც), რომ ჩვენი ყოფილი ახალ წელს მარტოა. ეს გრძნობა და ფიქრები მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს და მათი კონტროლიც მხოლოდ ჩვენვე შეგვიძლია. ფსიქოლოგები გვირჩევენ:

„როგორც კი გავიაზრებთ ჩვენს გრძნობებს, ჩვენზეა დამოკიდებული განვავრცოთ ისინი, ან პირიქით, უკუვაგდოთ და გავთავისუფლდეთ მათგან. საუკეთესო გამოსავალი კი პატიებაა“.

მოიქეცი ზრდასრული ადამიანივით

სწორად ამაში მდგომარეობს ყოფილ მამაკაცებთან ურთიერთობის ხელოვნება.

  • თუ უკვე ახალი რჩეული გყავს, განსაზღვრე, რომელი ურთიერთობაა პირველადი, პრიორიტეტული და რომელი – მეორეხარისხოვანი. დაუსვი საკუთარ თავს კითხვა: რომელი ურთიერთობაა ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი? დაუდგინე საკუთარ თავს საზღვრები ყოფილთან ურთიერთობისას (მაგალითად, დასაშვებია სატელეფონო ზარი, მაგრამ არა შეხვედრა ლანჩზე), ან სულაც უარი თქვი მასზე.
  • ყოფილი მეუღლეები, რომლებსაც საერთო შვილები ჰყავთ, ხშირად მეგობრულ ურთიერთობაში არიან. მაგრამ როგორც კი ერთ-ერთს გაუჩნდება სხვა პარტნიორი, აუცილებელია ამ საკითხის განხილვა, რომ ახალ წელს უსიამოვნო სიურპრიზით არ შეხვდნენ.
  • ზრდასრული ადამიანის ქცევა ასევე გამოიხატება შენი პარტნიორის ყოფილი შეყვარებულებისადმი ეჭვიანობაში. იმ მომენტში, როდესაც შევამჩნევთ, თუ როგორ პასუხობს ჩვენი რჩეული თავის ყოფილს, მძაფრი განცდების გამოხატვა როგორც მინიმუმ ჩვენი ნერვებისთვისაა საზიანო. და თუნდაც ფორმალურად მის ყოფილზე ბრაზობდე, რეალურად სიბრაზე შენს პარტნიორზე იფრქვევა. ბრაზი დამანგრეველია და ვნებს ურთიერთობებს. ამ გრძნობასთან გასამკლავებლად კი დაგვეხმარება…

საკუთარი ღირსების გააზრებ

crwon

წარსულიდან შეიძლება წამოვიღოთ ყველაფერი დადებითი, საკუთარი თავის დაკარგული პოზიტიური ნაწილაკები: ჩვევები, დამოკიდებულება, ხასიათის მივიწყებული თვისებები და ყოფილი ურთიერთობების გახსენებით ამ განახლებას ხელს შევუწყობთ კიდეც, მაგრამ შედეგის მისაღწევად აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა, რომელიც იწყება კითხვიდან:

რა მაკლია? რას მინდა მივაღწიო?

P.S. თუ ფხიზელ მდგომარეობაში, გაცნობიერებულად გადაწყვეტ, რომ არ გსურს ყოფილ შეყვარებულს მიულოცო, დაურეკო, ყოველი შემთხვევისთვის ამოშალე მისი ნომერი, რომ ერთმა ჭიქა შამპანურმა თავგზა არ აგიბნიოს :)