Home მნიშვნელოვანი

მგონი, ამბავი, რომელიც დღეს უნდა მოვყვე, ყველასთვის ნაცნობი იქნება. არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ უმკლავდებიან ასეთ სიტუაციებს, მაგრამ საქართველოში რომ შეგუება ერთადერთი გამოსავალია, ეს თავად ვნახე.

ბავშვობაში რაღაც პერიოდის განმავლობაში დიღომში ვცხოვრობდი, ბებიასთან და რა თქმა უნდა, როგორც ყველა მოხუცი, ბებიაჩემიც ყველა მეზობელს ისე იცნობდა, მათ გენეალოგიურ ხესაც დახატავდა რომ დასჭირვებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ერთ ჩვენს მეზობელ ქალს, ლუარას (თუ ლაურას არ მახსოვს ზუსტად) სწყალობდა.

ეს ლუარა ერთადერთი იყო, რომელსაც შეეძლო გვიან ღამემდე მჯდარიყო სამზარეულოში და ეწრუპა ყავა, ან უბოდიშოდ შემოსულიყო და სერიალი ჩამირთეო – ეთქვა.

Hurt-Woman-o

ერთხელ, უნივერსიტეტიდან დაბრუნებული ისეთ სცენას შევესწარი, დღემდე ვერ დამივიწყებია – ეს შენი ლუარა დგას სადარბაზოს კარში და მისი ღრმადმოსიყვარულე, ნამდვილი ქართველი ქმარი ფეხსაცმელს ურტყამს სახეში, შემდეგ მკერდში, მხრებზე და ასე შემდეგ.

ლუარა ეხვეწება რომ გაჩერდეს, რომ მისი ბრალი არაა და ასე დაუსრულებლად. გამოუცდელობით მომივიდა და მივვარდი გასაშველებლად, რის გამოც მეც მომხვდა. ავტეხე კივილი და მერე როგორი, შეიყარა მთელი სამეზობლო.

და როგორ გგონიათ რა მოხდა? ლუარას ქმარი გააჩერეს, შეაბრუნეს, გაუშვეს სახლში და ლუარაც ზედ მიაყოლეს ტექსტით – „კარგით ახლა, გეყოთ ჩხუბი. ოჯახია, ხან რა მოხდება, ხან – რაო.“

თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩემს გაშმაგებას, ბებიაჩემს მაშინ პირველად ვუწოდე უგულო და არაადამიანი (არადა სათნო ქალია მართლა). მთელი სამეზობლო უშვერი სიტყვებით გავლანძღე და ის იყო პოლიციაში ვაპირებდი დარეკვას, ბებიამ არ დამანება, სახლში სულ კინწისკვრით შემათრია და შენი საქმე არააო – მითხრა. წარმოიდგინეთ, მთელმა სამეზობლომ იცოდა თურმე, რომ ამ ქალს ქმარი ასე უსწორდებოდა და არავინ ფიქრობდა ხმა ამოეღო, ან ბოლოს და ბოლოს პოლიციაში დაერეკა. ლუარაც მორჩილად იტანდა თურმე ამ ყველაფერს და ბებიასთვის უთქვამს კიდეც „რა ქნას, ძალიან ვუყვარვარ და ცოტა ეჭვიანი კაციაო“ (ისე ეს ლუარა არ იყო მზეთუნახავი, მაგრამ ულამაზოც არ ეთქმოდა).

ბებია მთელ ამ ისტორიას რომ მომიყვა, მივხვდი – ქალები, რომლებიც იტანენ ცემას, საჭიროებენ სპეციალისტის სერიოზულ დახმარებას. ვერ წარმომიდგენია, საღად მოაზროვნე ადამიანმა როგორ უნდა აიტანო დამცირება, შემდეგ კი ასეთი საჯარო დამცირება, მით უმეტეს ფიზიკური.

რაც შეეხება მეზობლებს, ჩემი აზრით, ყველა, ვინც ამას გულგრილად უცქერდა, დანაშაულის თანამონაწილე იყო და ისეთივე დამნაშავე, როგორიც მოძალადე. ისინი ყოველ დღე უყურებდნენ როგორ სცემენ ადამიანს და არაფერს აკეთებდნენ გარდა იმისა, რომ სახლში უშვებდნენ ნაცემ ქალს გაავებულ ქმართან.

ისე, გამოთქმა რომაა რაღაც „всем своё“ თუ ამდაგვარი – მართალია. იმ მეზობლებსაც რომ დაემართება ერთ დღეს რაღაც მსგავსი, ისევ არ იქნება ხმის ამომღები ვინმე და ეს ქალიც სანამ არ შემოაკვდება ქმარს, ვერასოდეს გაბედავს მისგან წამოსვლას.

No-violence-against-women

მე უკვე მეხუთე წელია ბებიასთან აღარ ვცხოვრობ, მაგრამ როცა ვეკითხები, დამწუხრებული ხმით მეუბნება, რომ ლუარას თირკმელების პრობლემა აქვს, ტრავმების გამო სიარული უჭირს (მიუხედავად იმისა რომ 47 წლისაა) და ექიმებში სიარულსაც ვერ ახერხებს მისი ქმრის გამო.

მგონი, ჩვენს ქვეყანაში ქალის (მით უმეტეს ცოლის) ცემა ნორმაა, თანაც იმ პირობებში, როცა მეზობლების და ნაცნობ-მეგობრების უმეტესმა ნაწილმა იცის ეს, მაგრამ რაღაც ეშმაკისეული „ოჯახის პატივისცემის“ გამართლებით ხმას არ იღებს.

ქალებს მოვუწოდებ, მინიმუმ, პოლიციაში დარეკონ და ქმარს უჩივლონ, მაქსიმუმ კი გადაიხვეწონ სადმე და ახალი ცხოვრება დაიწყონ ფსიქოლოგის დახმარებით. 21-ე საუკუნეში ხომ უამრავი ბერკეტი არსებობს ნებისმიერი ძალადობისგან თავდასაცავად!

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?