დიდი ხანია ვგრძნობ, რომ მოვწონვარ. როგორ მიყურებს, პირდაპირ თვალებით მჭამს. მეც მომწონს, ვეპრანჭები რამაზიკოს და როცა მაშტერდება, მეც ვუღიმი, მერე  სახეს მაცდურად ვატრიალებ. ერთ წრეში ვართ, ერთად დავდივართ აქეთ-იქით, ერთმანეთთან ვიკრიბებით ხოლმე, ხან კინოში დავდივართ, ხან კლუბში ვათენებთ ღამეებს. ცეკვის დროს სულ მე მეცეკვება. უკანიდან მომეკვრება ხოლმე და არ მინდა, რომ მომცილდეს. მერე რა, რომ შეყვარებული ყავს და სხვას ხვდება. მეც სხვა მყავს და სხვას ვხვდები. კიდევ კარგი ჩვენი წრიდან არ არიან, თორემ რა შედეგები მოყვებოდა ამ ყველაფერს, არც მინდა ვიფიქრო.

– ხვალ რას ვშვრებით, მივდივართ საცეკვაოდ? – ვეკითხები ნინოს, ჩემს საუკეთესო მეგობარს.

– რამაზიკოც იქნება? – კითხვას მიბრუნებს ნინი. ეს რა შუაშია თქო, ვფიქრობ, მაგრამ მემგონი უკვე ყველასთვის ნათელია რაც ხდება. მაგრამ მე არაფერი არ მაინტერესებს. რაც უნდათ ის უფიქრიათ, რაც მომწონს იმას ვაკეთებ, ჩემი ცხოვრება ჩემი საქმეა.

– კი ყველა ვიკრიბებით, აბა რა, ხვალ მაგარი იქნება, Funkstar de Luxe ჩამოდის, აუუ რა მაგარიაა! – ვპასუხობ და ვფიქრობ, რომ რამაზიკო ხვალ იმედია თავის იდუმალ შეყვარებულს არ შეხვდება და ჩვენთან  (უფრო სწორედ ჩემთან) ერთად გასართობად წამოვა. საერთოდ არსებობს კი იგი? არა, სურათები მანახა, არსებობს და აშკარად ჩემზე წესიერი გოგოა.

მე, ნანას და ირინას გოგოშკური შეხვედრები გვაქვს ხოლმე გემრიელ პიცაზე და ჭიქა ჩაიზე, როცა ცხოვრებას, ჩვენი წრის ამბებს და სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვან მოვლენებს საგულდაგულოდ ვარჩევთ.

დიდი წრე გვაქვს, მაგრამ ჩვენ სამნი განსაკუთრებულად ახლოს ვართ ერთმანეთთან, მაგრამ მაინც ვერ ვუტყდები მათ, რომ უკვე ორი თვეა ერთ ბიჭს ვხვდები.  მარტო ეგ კი არა,  რამაზიკოსაც ვეპრანჭები, და მთელი წრის ურთიერთ დამოკიდებულებას საფრთხეში ვაგდებ.

ამაზე მერე ვიდარდებ-გავიფიქრე, და მობილურის ეკრანს დავხედე. რამაზიკომ მესიჯი მომწერა. ჩაის ფინჯანი მოვიმარჯვე, მოვსვი და მესიჯის კითხვა დავიწყე.