Home სასარგებლო რესურსები

მეუღლეთა საერთო ქონება შეიძლება რომელიმე მეუღლის მოთხოვნით გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო თუ მეუღლეები ვერ შეთანხმდნენ, მაშინ დავას სასამართლო წყვეტს.

lovers quarell

იმისთვის, რომ მეუღლეებმა სასამართლო წესით იდავონ ქონების გაყოფის თაობაზე, საჭიროა არსებობდეს მეუღლეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიდგომა. სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სადავო საკითხს წარმოადგენდა მეუღლეთა შორის ქონების გაყოფა, განმარტა, რომ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტის დასადგენად, კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ ქორწინების მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული მტკიცებულება – ქორწინების მოწმობა. ამავე საქმეზე სასამართლომ აღნიშნა, რომ მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს, კერძოდ, ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების უფლებას წარმოშობდა მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ რეგისტრირებული ქორწინება.

აქედან გამომდინარე,

გაითვალისწინე:

1. შენ ხარ ქორწინებაში შეძენილი ნებისმიერი ქონების თანამესაკუთრე და ასეთი ქონების ნახევარი გეკუთვნის შენ;
2. თუკი ქორწინების განმავლობაში ერთობლივად, ან ერთ-ერთი თქვენგანის სახსრებით იძენთ უძრავ ქონებას;

მოითხოვე მესაკუთრედ ორივე თქვენგანის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ეს არის შენი კანონით დაცული უფლება,
რომლის განხორციელებამაც შეიძლება მომავალში უამრავი გაუგებრობა და უთანხმოება აგარიდოს თავიდან.

მეუღლეთა წილი საერთო საკუთრებაში თანაბარია. ამ წესიდან არსებობს რამდენიმე გამონაკლისი.

გამონაკლისის სახით:

ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ:
ა) მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები;
ბ) ის შრომისუუნაროა, ან/და;
გ) მეორე მეუღლე ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯავდა.

Quarell

ზემოაღნიშნულ საკითხზე განვიხილოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ გადაუხვია მეუღლეთა ქონების თანაბრად გაყოფის კანონით დადგენილ წესს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილის ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრების ფაქტი, არამედ ისეთი გარემოების ან გარემოებათა არსებობა, რომელიც სასამართლოს უქმნის მყარ შინაგან რწმენას, რომ პირის (მეორე მეუღლის) თანასაკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს/შემცირდეს. სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. ეს გარემოებები შესაძლებელია იყოს არასათანადო საბინაო პირობები, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი და სხვა ნებისმიერ ფაქტორი, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესშია და მის ნორმალურ აღზრდას ხელს უშლის. ამდენად, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რომ არასრულწლოვანი შვილი და მასთან მცხოვრები მშობელი უფრო მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მეორე მშობელი.

მეუღლეთა შორის ქონების სასამართლო წესით გაყოფის დროს სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები, როგორიცაა მუსიკალური ინსტრუმენტები,
საექიმო მოწყობილობა და სხვა, თუნდაც მეუღლეთა საერთო სახსრებით იყოს შეძენილი, მაინც იმ მეუღლეს გადაეცემა, რომელსაც ისინი თავისი პროფესიული საქმიანობისთვის სჭირდება.

Angry

თუკი საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.

მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. თუკი ვალი მხოლოდ ერთმა მეუღლემ აიღო, საერთო ქონებიდან მისი გადახდა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ აღებული ვალი გამოიყენეს მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

ყურადღებით!

განქორწინების შემდეგ, მეუღლეებს საერთო ქონების გაყოფის მოთხოვნა შეუძლიათ განქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში. თუკი ეს სამი წელი ისე გავიდა, რომ მეუღლეს არ განუცხადებია არავითარი პრეტენზია საერთო ქონებაზე, შემდგომ მისი მოთხოვნა ჩაითვლება დაგვიანებულად.

შენ რას იტყვი?