– იცი, ასე მგონია, კოტე სულ მეყვარება. არა, კი არ მეყვარება, უბრალოდ გაუნელებელი ვნება მექნება. შეყვარებულები ვერასოდეს ვიქნებით. კოტეს შეყვარებული ვერ ეყოლება, უბრალოდ ვერ გაჩერდება ერთ გოგოსთან დიდხანს. რა ვქნა, ასეთია, ვერ ვუბრაზდები.

– აბა, რას აპირებ? – გამომცდელი მზერით მომაჩერდა დაქალი

– რას ვაპირებ? არაფერს, მომავალში კიდევ ბევრ ტიპს გავიცნობ, ურთიერთობა მექნება, ხან ის დამიკიდებს, ხან – მე. ბევრი მექნება ასეთი დაუსრულებელი რომანები. მერე რომ დავსერიოზულდები, ვინმე საყვარელ , თბილ, ყურადღებიან ბიჭთან ერთად  ოჯახს შევქმნი. მაგრამ კოტე ის ერთადერთი იქნება. ვნება, ცეცხლი, რომელიც არასოდეს არ ქრება.

– და შენ ეს ნორმალური გგონია?

– ჰო, მგონია.. , – ყავის  ვწრუპავ და სიგარეტს ნაზად ვეხები ტუჩებით , – მე ასე ვფიქრობ, სიყვარული სხვაა და ვნება სხვაა. ვიცი, არავინ დამეთანხმება, მაგრამ , ჩემთვის ასეა. სიყვარული თბილ ბუღარში მოღუღუნე ნელი ცეცხლია, გრძელი ზამთრის დღეებში რომ გათბობს, სულ ახლოს რომ ხარ მიყუჟული. ვნება კიდევ აალებული კოცონია, ახლოს დიდხანს ვერ გაჩერდები, დაგწვავს, ვერც შორს – გაიყინები ( რა სულხან-საბასავით გამომივიდა, ჰაჰა!) .

ნელ-ნელა ყავაც ჩაილია და სიგარეტიც. გადავწყვიტე, ცოტა გამესეირნა და ნელი ნაბიჯებით დავუყევი აბაშიძეს. საერთოდ, ყველა გენიალური იდეა ან შხაპის მიღებისას მომდის, ან საღამოს ქუჩაში სეირნობისას. გვერდით 17-18 წლის გოგოებმა ჩამიარეს ” აუ, ნამდვილი ცხენზე ამხედრებული პრინცია” – ზედმეტად ხმამაღლა გამოხატა ერთ-ერთმა აღფრთოვანება და ანთებული თვალებით შეხედა დაქალს. გამეღიმა. ნუთუ ისევ სჯერათ პრინცების?

უცებ ვიგრძენი, რომ ჩემთან ძალიან ახლოს მანქანა გაჩერდა. ინსტინტქურად მოვიხედე და წამიერად გული შემეკუმშა. კოტე მიღიმოდა. ვინ იცის, რამდენი ხანი წარმოვიდგენდი ამ შეხვედრას, პირველ შეხვედრას ჩვენი განშორების შემდეგ, როგორ მეშინოდა, როგორ ვნერვიულობდი. თუმცა ვიდექი, ძალიან მშვიდი და ბედნიერი მისი ლამაზი თვალების შემყურე.

– ჩაჯექი, გაგიყვან, – გამიღიმა.

მეც ჩავჯექი.

და რა ვიგრძენი სინამდვილეში? – ცეცხლი. თითქოს რაღაც აალდა სადღაც სიღმეში. ისევ ჩვენ ორნი,ვისხედით მის მანქანაში, ვსაუბრობდით ათას სისულელეზე. თითქოს არ მივუტოვებივარ, თითქოს ისევ ერთად ვიყავით, თითქოს ეს ყველაფერი მომხდარის გაგრძელება იყო. ისევ დამიბრუნდა ის შეგრძნება – როცა მის გვერდით ხარ, ყველაფრის გაკეთება რომ შეგიძლია.

კოტე ჩემთვის ნარკოტიკია. დიდი დოზით მომაკვდინებელია. ამდენი ემოცია, ამდენი ვნება. რამდენიმე თვეში ან წელიწადში ერთხელ საკმარისია. ჩემი წილი ბედნიერება, ჩემი წილი happily ever after-იდან.

– აი, მოვედით.

– დამირეკე ხოლმე, – მიღიმის.

“არა, არ დაგირეკავ, ხომ იცი, რომ მე არ დაგირეკავ – გავიფიქრე”..მაგრამ მხოლოდ ეს ვუთხარი:

– შენც გაქვს ჩემი ნომერი.

“Thanks for the ride, Prince Charming.”